მაგნატი რომელსაც ფრენის და ლიფტის ეშინოდა

სხვა რა შეიძლება უწოდო მას, თუ არა დიადი?! კაცს, რომელმაც შეძლო და შექმნა იშვიათი სპორტული ავტომობილები განუმეორებელი დიზაინით და ამით თავისი სახელი უკვდავყო. 

 

მომავალი მეწარმის, ავტომრბოლელისა და დიზაინერის, ენცო ანსელმო ფერარის ცხოვრება თავიდანვე უჩვეულოდ დაიწყო: 1898 წლის 18 თებერვალს, იტალიის ქალაქ მოდენის გარეუბანში დაბადებული ბავშვი, მშობლებმა ორი დღე რეგისტრაციაში ვერ გაატარეს, რადგან ძლიერი თოვის გამო ცენტრამდე ვერ ჩავიდნენ. ეს ამბავი ენცოს სიკვდილამდე არ დავიწყებია, თუ რატომ ამას მოგვიანებით გაიგებთ.

 

10 წლისა იყო, როცა მამამ უფროს ძმასთან ერთად ბოლონიაში, ავტორბოლის სანახავად წაიყვანა. შეჯიბრება იმ დროს სახელგანთქმულმა ფელის ნაზარომ მოიგო, თვით სანახაობამ კი დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ბიჭზე.

 

ენცომ მამის გარდაცვალებისთანავე დაანება სკოლას თავი და ოჯახის რჩენა გადაწყვიტა. 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ”ფიატის" საავტომობილო კომპანიას მიაკითხა სამსახურის დასაწყებად, თუმცა მისთვის ვაკანსია არ აღმოჩნდა. ფარხმალი არ დაუყრია, იმავე წელს ტურინში, გამომცდელი მძღოლის ადგილი იშოვა ერთ მომცრო კომპანიაში, რომელიც მილანში მდებარე იტალიურ-არგენტინული კომპანიისთვის შასეს აწყობდა.

 

 

 

ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდა ფერარი მილანში, კომპანია CMN-ში (Costruzioni Meccaniche Nazionali) გადადის და მალე საავტომობილო რბოლებში მონაწილეობს. მისი დებიუტი 1919 წლის ოქტომბერში მეოთხე ადგილით დაგვირგვინდა. იმავე წელს იგი მეორე შეჯიბრებაშიც გამოვიდა, მაგრამ უარესი შედეგი აჩვენა, რადგან საწვავის ავზის სამაგრ ღვედებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, გზაში 40 წუთი დაკარგა.

 

 

 

 

ბიზნეს იდეა გრაფინიასგან

 

1920 წელს ენცო 6-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი Alfa Romeo 40/60-ით მონაწილეობდა რბოლაში, რომელმაც მისი მომავალი განსაზღვრა. სწორედ მაშინ დაიწყო ენცო ფერარის ურთიერთობა მილანელ ავტომწარმოებლებთან, რომელიც 20 წელიწადს გაგრძელდა და კარიერა, რომელმაც გამომცდელი მძღოლი და ავტომრბოლელი, ჯერ კომერციული თანაშემწედ, შემდგომ კი კომპანია Alfa Racing Division-ის დირექტორად აქცია. ეს თანამდებობა ფერარის 1939 წლის ნოემბრამდე ეკავა. 

 

bpnსამი წლის შემდეგ ფერარის კიდევ ერთი საბედისწერო შეხვედრა ელოდა წინ. 1923 წელს ერთ-ერთ რბოლაში გამარჯვების შემდეგ, ენცომ გრაფინია ბარაკა გაიცნო, რომელმაც მას თავისი წარწერიანი ფოტოსურათი უსახსოვრა და ნება დართო, რბოლების დროს, თილისმად, თავის ავტომობილებზე გაჭენებული ცხენის სილუეტი გამოეყენებინა. ეს სიმბოლო მანამდე გრაფინიას ვაჟის, ფრანჩესკო ბარაკას თვითმფრინავზე იყო გამოსახული. იგი, როგორც უმაღლესი კლასის პილოტი, პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. 

 

მაგნატი რომელსაც ფრენის და ლიფტის ეშინოდა

 

ფერარიმ ცხენის სილუეტს ყვითელი ფონი დაუმატა - მისი მშობლიური მოდენის ფერი. ასე შეიქმნა "ფერარის" სახელგანთქმული ემბლემა. სწორედ გაჭენებულ ცხენთან ერთად დაიწყო წარმატებების წყება ენცოს ცხოვრებაში.

 

1927 წელს, ერის წინაშე სპორტში გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად, ფერარის საპატიო წოდება - Commendatore მიენიჭა. იმავე წელს ენცომ Modena Circuit-ის რბოლაში, Alfa Romeo 6C 1500-ით გაიმარჯვა. მომდევნო წელს ის იმავე რბოლაში და იმავე მანქანით კვლავ პირველ ადგილზე გავიდა. 1929 წელს მოდენა-ში ენცომ თავისი გუნდი - Scuderia Ferrari ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე არსებობს და სხვადასხვა სერიის უამრავი რბოლის გამარჯვებულია.

 

გარდა სპორტულ კარიერაში წარმატებებისა, ენცო ფერარიმ ინტენსიური მუშაობა დაიწყო სპორტულ ძრავებზეც. თუმცა, თავის გუნდთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ავტო (ძირითადად, "ალფა რომეოს" მანქანებით) და მოტორბოლებში. 

 

ენცო ფერარის ბოლო რბოლა 1931 წლის 9 აგვისტოს გაიმართა. ამ დროს ის მამობისთვის ემზადებოდა (ალფრედო, რომელსაც უმეტესად, უბრალოდ დინოს ეძახდნენ, 1932 წლის იანვარში დაიბადა), თანაც, სპორტული დირექტორის მოვალეობები სულ უფრო მეტ დროს ართმევდა. 

 

ლეგენდის დაბადება

 

თავისი პირველი სარბოლო ავტომობილი ენცომ 1937 წელს "ალფა რომეოსთვის" ააწყო

და Alfa Romeo 158-ს მეტსახელად Alfetta დაარქვა. ორი წლის შემდეგ კი, კომპანიასთან უთანხმოების გამო (ფერარი მის მიერ შექმნილი ავტომობილების დასახელებაში თავისი გვარის შეტანას მოითხოვდა), მისი გუნდი გამოეყო "ალფა რომეოს" და ენცომ მოდენაში თავისი საწარმო Auto Avio Costruzioni Ferrari დააფუძნა. 

 

მილანიდან წასვლისას ის დარწმუნებული იყო, რომ ოდესმე აჯობებდა გუნდს, სადაც 20 წლის

განმავლობაში ასპარეზობდა. 

 

"ფერარის" ქარხანაში ორი სარბოლო საავტომობილო მოდელის შექმნაზე მუშაობდნენ, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. მუშაობა მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ განახლდა. დასაწყისიდანვე შორს გამიზნული გეგმა იმით გამოირჩეოდა, რომ 12-ცილინდრიანი 1500 კუბ/სმ მოცულობის ძრავა არა მარტო სარბოლო, არამედ ჩვეულებრივ მანქანებშიც უნდა გამოეყენებინათ.

 

1947 წლის 2 მარტს ენცო ფერარიმ თავად გამოიყვანა საწარმოს ეზოდან თავისი პირმშო - პირველი 125 S-ი.

 

მაგნატი რომელსაც ფრენის და ლიფტის ეშინოდა

 

 

დღემდე "ფერარი" მხოლოდ მცირე პარტიებად და მხოლოდ ხელით აწყობილ მანქანებს აწარმოებს. ისინი უდიდესი სისწრაფითა და იშვიათი სილამაზით გამოირჩევა. 

 

ორმაგი ცხოვრება

 

თითქმის მთელი ცხოვრება ენცომ თავის ცოლთან ერთად გაატარა, თუმცა ამავდროულად, ყველამ, ცოლის გარდა, იცოდა ფერარის მეორე ოჯახის შესახებ. 

 

ლინა, ცხოვრების სიყვარული, ენცომ ვაჟის შეძენამდე გაიჩინა და რადგან იმ დროისათვის განქორწინება იტალიაში კანონით დაშვებული არ იყო, მასზე დაქორწინება არ შეეძლო.

 

1956 წლის 30 ივნისი ყველაზე მძიმე დღე იყო ენცო ფერარისთვის, მისი საყვარელი შვილი დინო, რომელიც მისი მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, კუნთების დისტროფიისგან მისი გარდაიცვალა.

 

დინოს გარდაცვალებიდან ხუთი თვის შემდეგ ”ფერარიმ” 6-ცილინდრიანი 1500 CC Ferrari V6 შექმნა, რომლის ძრავა Dino V6 S-ის სახელით გახდა ცნობილი. 1958 წელს ამ ავტომობილმა "ფერარის" გუნდი მეოთხედ გახადა "ფორმულა-1"-ის გამარჯვებული.

 

მაგნატი რომელსაც ფრენის და ლიფტის ეშინოდა

 

მეუღლის სიკვდილის შემდეგ, 1978 წელს ენცომ მეორე ოჯახთან ურთიერთობას ოფიციალური სახე, ხოლო ვაჟს, პიერს გვარი მისცა და მემკვიდრედ აღიარა. თუმცა ყოველთვის მიაჩნდა, რომ ყმაწვილს ლიდერის თვისებები არ ჰქონდა და არც შემცდარა. პიერმა ბოლომდე ჩრდილში ყოფნა და წყნარი ცხოვრება არჩია.

 

თავისებური მაგნატი

 

1969 წელს ფერარიმ კომპანიის აქციათა 40%-იანი პაკეტი "ფიატის" კონცერნს დაუთმო, იმ პირობით, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ კონცერნი კიდევ 50%-ს მიიღებდა. თავის ვაჟს ენცომ ბიზნესის მხოლოდ 10% არგუნა. დღეს ”ფიატი” ”ფერარის” 85 პროცენტიან წილს ფლობს. 

 

1977 წლამდე ფერარი ფირმის პრეზიდენტად რჩებოდა. "სკუდერია ფერარის" გუნდზე კი კონტროლს ცხოვრების უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა. 

 

ჩაკეტილ და სიტყვაძუნწ ენცოს არ უყვარდა რბოლებზე სიარული და შეჯიბრებას ტელევიზიით ადევნებდა თვალს. იგი არაერთგზის დაუჯილდოებიათ პრემიითა და სხვადასხვა ჯილდოთი, რაც საავტომობილო მრეწველობასა და ავტოსპორტში მის მიერ შეტანილ დიდ წვლილს ადასტურებდა. 1979 წელს იტალიის პრეზიდენტმა სანდრო პერტინიმ იტალიის რესპუბლიკის დიდი ჯვრის რაინდის წოდებაზეც წარადგინა. 

 

მაგნატი სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ კალმისტრით წერდა და მხოლოდ იისფერი მელნით. საშინლად ეშინოდა თვითმფრინავით ფრენის და ნებისმიერ სართულზე ფეხით ადიოდა, რადგან ლიფტის კაბინა შიშის ზარს სცემდა. 

 

ყველაზე გავლენიან პერსონებსაც კი საათობით აცდევინებდა მისაღებში, როცა არავითარი სასწრაფო საქმე არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, ოთახის კარი იღებოდა და მიმსვლელები სახტად რჩებოდნენ: იქ ბნელოდა, თითქმის არაფერი ჩანდა, გარდაცვლილი შვილის სურათთან ანთებული პატარა ნათურის გარდა. თვალის სიბნელისთვის შეჩვევის შემდეგ კი თავად ენცო ფერარისაც არჩევდნენ, რომელიც თავის მაგიდასთან მუქი სათვალით იჯდა.

 

1987 წელს ფერარის მიერ შექმნილი უკანასკნელი ავტომობილი - Ferrari F40 ჩაეშვა წარმოებაში. მომდევნო წლის 14 აგვისტო კი უკანასკნელი ლეგენდარული კონსტრუქტორის, ავტომრბოლელისა და ბიზნესმენის, 90 წლის ენცო ფერარისთვის.

 

 

 

თუმცა, საზოგადოებამ მისი სიკვდილის შესახებ მხოლოდ ორი დღის შემდეგ გაიგო. სიკვდილამდე ფერარიმ ასე მოისურვა, რადგან სურდა ორი დღით დაგვიანებული დაბადების რეგისტრაციის კომპენსირება ამგვარად მოეხდინა.

 

 

 

 

Ferrari F40 კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი გახდა. 2013 წელს ”ფერერიმ” მისი სახელობის ავტომობილი გამოუშვა - Ferrari Enzo, ისეთივე განუმეორებელი, როგორც თავად ენცო.

5-09-2017, 01:29    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი