რამდენად გადაჭრის ქველმოქმედება ადამიანთა პრობლემებს?

 

ახალ ამბებში ძირითადად სტიქიური უბედურებების, სიღარიბის, შიმშილის, დაავადებებისა და გარემოს დაბინძურების შესახებ ვისმენთ, მაგრამ ზოგჯერ სასიამოვნო ინფორმაციასაც გადმოსცემენ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეწევა ქველმოქმედებას. მედიის ყურადღების მიღმა არ რჩება მდიდრების მიერ მილიონობით და მილიარდობით დოლარის გაღება. ჩვეულებრივ, გამოჩენილი ადამიანები თავიანთ მდგომარეობას იმისათვის იყენებენ, რომ სერიოზული პრობლემები წინა პლანზე წამოწიონ. საჭიროების შემთხვევაში მრავალი საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანიც ეწევა ქველმოქმედებას. მაგრამ რამდენად შესაძლებელია მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით ადამიანთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა?!

 

რატომ ეწევა ქველმოქმედებას ამდენი ადამიანი?

ზოგ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იზრდება ქველმოქმედთა რიცხვი. როგორც ერთ-ერთ წიგნში იყო აღნიშნული: „ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მრავალ ქვეყანაში იმდენი ფინანსურად ძლიერი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რამდენიც არასდროს ყოფილა“. მდიდრების რიცხვის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია საქველმოქმედო საქმიანობის გაგრძელებაც. ამის მიზეზია არა მხოლოდ ის, რომ ზოგი ბევრს გასცემს, არამედ ისიც, რომ იზრდება იმ მდიდარ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ანდერძით თავიანთი ქონების ნაწილს საქველმოქმედო საქმიანობას მოახმარენ. არცთუ უსაფუძვლოდ ბრიტანეთის საინფორმაციო ჟურნალ „ეკონომისტში“ ნათქვამი იყო: „ჩვენ შეიძლება ქველმოქმედების აყვავების მოწმე გავხდეთ“.

 

ქველმოქმედების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მთავრობები სათანადო ძალისხმევას არ ახმარენ გლობალური პრობლემების გადაჭრას. აივ-ისა და შიდს-ის საკითხებთან დაკავშირებით აფრიკაში გაეროს მისიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უფრო და უფრო მეტი გამოჩენილი ადამიანი იღებს მონაწილეობას მსოფლიო ჯანდაცვის საკითხების მოგვარებაში, „პოლიტიკურ ლიდერთა უუნარობაა“. სიღარიბის, ჯანდაცვის, გარემოს დაბინძურების, განათლებისა თუ სოციალური სამართლიანობის სფეროში არსებული პრობლემების გამო მდიდრებს „უფრო და უფრო აღელვებთ ის, რომ მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ უმკლავდებიან შექმნილ სირთულეებს და ვერც მდგომარეობას აუმჯობესებენ“, — ამბობს ჯოელ ფლაიშმენი თავის წიგნში (The Foundation: A Great American Secret—How Private Wealth Is Changing the World). მდგომარეობის გაუმჯობესების მოსურნე ზოგი მდიდარი ქველმოქმედი ცდილობს, იმავე მეთოდებით მიუდგეს აღნიშნული პრობლემების გადაჭრას, რასაც ბიზნესში იყენებს.

 

ქველმოქმედების ძალა

ქველმოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობდა XX საუკუნის დასაწყისშიც. ფინანსურმა მაგნატებმა ენდრიუ გარნეგმა და ჯონ როკფელერმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთი თანხები გაჭირვებულთა დასახმარებლად გამოეყენებინათ. მათ დაინახეს, რომ ტრადიციული საქველმოქმედო საქმეები, იქნებოდა ეს დამშეულთა დაპურება თუ ავადმყოფ ბავშვთა მოვლა, ამ პრობლემათა გამომწვევ მიზეზებს ვერ მოსპობდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ საჭირო იყო საკითხისადმი დამოკიდებულების შეცვლა, რის გამოც, შექმნეს ისეთი დაწესებულებები და ფონდები, რომლებიც შეძლებდნენ სოციალური ცვლილებების მოხდენას და პრობლემის გამომწვევი მიზეზების მოსპობას. მას შემდეგ მთელ მსოფლიოში, პირდაპირი გაგებით, ათიათასობით ასეთი ორგანიზაცია დაფუძნდა, და თითოეულის ანგარიშზე 50 მილიარდ დოლარზე მეტი ირიცხებოდა.

შედეგად ბევრი კარგი რამ გაკეთდა. ამაზე მოწმობს უამრავი სკოლის, ბიბლიოთეკის, პარკისა თუ მუზეუმის არსებობა. შეიქმნა პროგრამები, რომლებიც მოსავლიანობას გაზრდიდა და ღარიბ ქვეყნებს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფდა. სამედიცინო კვლევების დაფინანსებამ ხელი შეუწყო სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას და, ზოგ შემთხვევაში, გარკვეული დაავადებების, მაგალითად, ყვითელი ცხელების, აღმოფხვრას.

დღეს, ისე როგორც არასდროს, გლობალური პრობლემების გადასაჭრელად მეტი შემართებით იღვწიან და საამისოდ ბევრად უფრო მეტი სახსრებიც აქვთ; ამიტომ ბევრი იმედოვნებს, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია. შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ქველმოქმედებს უთხრა: „არ გავაზვიადებთ თუ ვიტყვით, რომ ცალკეული ადამიანებისა თუ ორგანიზაციების ქველმოქმედება დიდად სასიკეთო გავლენას მოახდენს“.

მაგრამ მრავალი ამ საკითხს ეჭვის თვალით უყურებს. ჟურნალისტმა, ლორი გარეტმა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის საკითხებს აშუქებს, დაწერა: „ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ასეთი დიდი თანხით მალე მრავალი გლობალური სამედიცინო პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ეს ასე არ არის“. რატომ? ხელისშემშლელ მიზეზებად ის ასახელებს ბიუროკრატიას, კორუფციას, არამიზანმიმართულ მოქმედებას და გარკვეული პირობით გაწეულ ქველმოქმედებას — რომელიმე ქველმოქმედის მიერ თანხის გამოყოფას კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, მაგალითად, შიდს-თან საბრძოლველად.

გარეტის აზრით, არამიზანმიმართული მოქმედება და თანხების „უმეტესწილად ცნობილი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენება, ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხა ზოგადად, საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მოხმარდეს, ქმნის იმის სერიოზულ საფრთხეს, რომ დღეს, ქველმოქმედების ეპოქაში, მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდება, არამედ პირიქით, გაუარესდება“.

 

რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ ფული

რა მიზანიც უნდა ჰქონდეთ ქველმოქმედებს, ისინი მაინც შეზღუდულნი არიან. რის საფუძველზე შეიძლება ამის თქმა? ვერც ფული და ვერც კარგი განათლება ვერ აღმოფხვრის სიხარბეს, სიძულვილს, წინასწარშექმნილ აზრს, ნაციონალიზმს, ტომთა შორის წინააღმდეგობასა და ცრუ რელიგიას. ეს ყველაფერი ადამიანთა სავალალო მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, მაგრამ კაცობრიობის უბედურების მთავარი მიზეზი სხვა რამეა. ბიბლია რამდენიმე ძირითად ფაქტორს ასახელებს.

 

ონლაინ ბიბლიოთეკა

19-11-2015, 02:01    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი