ლოგისტიკის როლი ქართული ეკონომიკის განვითარებაში

ლოგისტიკის როლი ქართული ეკონომიკის განვითარებაში ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით საქართველოს გააჩნია პოტენციალი კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად იქცეს. ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ლოგისტიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, შესაბამისად, ეფექტური სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის შექმნა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთ ძირითად და აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. 

 

რა ტენდენციები შეიმჩნევა ლოგისტიკის განვითარების კუთხით საქართველოში, როგორია ქვეყანაში ტვირთბრუნვის დინამიკა, ლოგისტიკის მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისათვის, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს დარგის განვითარებამ სახელმწიფოს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე პროფ. გიორგი დობორჯგინიძე:

 

ლოგისტიკა გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ლოგისიტიკის ბაზრის მოცულობა ევრო კავშირში 900 მრდ. ევროს აღემატება, მისი საშუალო წლიური ზრდა 5 პროცენტზე მეტია, აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 15 პროცენტს შეადგენს, რაც 3-4 ჯერ მეტია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდაზე. 

 

ლოგისტიკური სერვისისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესებში, რამაც გლობალური ბაზრის ჩამოყალიბება განაპირობა. მზარდი კონკურენციის პირობებში აუცილებელი გახდა ლოგისტიკური სერვისის პროვაიდერების მიერ მაღალი ხარისხის ლოგისტიკური სერვისის უზრუნველყოფა, რომლის მთავარ ამოცანას პროდუქტის მიწოდება განსაზღვრულ ადგილას, განსაზღვრულ დროს, განსაზღვრულ მდგომარეობაში და განსაზრვრულ ფასად წარმოადგენს. 

ის ქვეყნები, რომლებიც ქმნიან ხელსაყრელ პირობებსა და ეფექტურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრაქტრუქტურას, ახერხებენ მოიზიდონ კომპანიები, რომლებიც გლობალური ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენენ. გლობალიზაციის პროცესში აღნიშნული კომპანიები ღებულობენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, თუ სად განალაგონ მათი საწარმოები, სად გაასაღონ წარმოებული პროდუქცია და როგორ და რა პირობებში მოახდინონ მათი ტრანსპორტირება მსოფლიო ბაზარზე. ამ გადაწყვეტილებაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ლოგისტიკური სერვისის ხარისხი და მისი დანახარჯი. ამისთვის აუცილებელია მზა პროდუქციის სწრაფი, უსაფრთხო და იაფი ტრანსპორტირება საბოლოო მომხმარებლამდე. 

 

- რამდენად მნიშვნელოვანია ლოგისტიკის ამ დარგის განვითარება ქართული ეკონომიკისთვის? რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს დარგის განვითარებამ სახელმწიფოს?

- ლოგისტიკა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მისი წილი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტს შეადგენს. ლოგისტიკის სექტორის განვითარება განაპირობებს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში და მის ეფექტურ დაკავშირებას მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან. ლოგისტიკა რეგიონებისა და კომპანიების კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ გლობალურ ბაზარზე წარმატებულ პოზიციონირებაზე. 

განვითარებული ლოგისტიკა განაპირობებს მაღალი ხარისხის სერვისს, იაფ და ეფექტურ მიწოდების ქსელს, რაც კონკურენტუნარიანობის ამაღლების აუცილებელი პირობაა, როგორც მთლიანად საქართველოსთვის, ასევე ქვეყანაში მოქმედი წარმოებებისთვის.

საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გააჩნია რეალური შანსი გაატაროს და გადაამუშაოს დამატებითი ტვირთების ნაკადი, რაც განაპირობებს შემოსავლების ზრდას და გაუმჯობესებულ პირობებს წარმოებისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. 

ლოგისტიკის განვითარება საქართველოში წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკის აღორძინების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით საქართველოს უჩნდება რეალური შანსი, იქცეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის სავაჭრო-ლოგისტიკურ ჰაბად. ინტერმოდელური ლოგისტიკური სისტემის ჩამოყალიბება და ლოგისტიკური ნოუ-ჰოუს მოზიდვა წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას, რომლის შესრულება იძლევა საშუალებას, საქართველო გახდეს გლობალური ლოგისტიკური ქსელის ნაწილი და მოიზიდოს გლობალური ეკონომიკის უდიდესი ბაზრის მოთამაშეები.

 

- რა ტიპის კომპანიებისთვის (საქმიანობის სფეროს მიხედვით) არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია?

- ლოგისტიკური ინფრაქტრუქტურის განვითარება თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ყველაზე პერსპექტიული დარგების აღორძინებისთვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, წარმოება, ვაჭრობა და ტურიზმი. მაგალითად, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის დაახლოებით 50 პროცენტი ლპობას განიცდის, რაც განპირობებულია შესაბამისი სასაწყობო ინფრასტრუქტურის არრასებობითა და ამ მიმართულებით ტექნოლოგიური ჩამორჩენით. თანამედროვე სოფლის მეურნეობის მიწოდების ჯაჭვის ფასწარმოქმნის 70-80 პროცენტს ლოგისტიკა წარმოადგენს. მისი ეფექტური მართვაა სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქტის ერთ-ერთი უმთავრესი ხარისხის განმსაზღვრელი ნიშანი საერთაშორისო ბაზარზე. 

გარდა სოფლის მეურნეობისა, ლოგისტიკა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოებისა და ვაჭრობის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში. ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესება ამ დარგში მოღვაწე კომპანიებისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პირობას მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის. 

 

- როგორია საქართველოში ტვირთბრუნვის დინამიკა, საქართველოს სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზარს როგორ შეაფასებდით?

- 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში ტვირთბრუნვა დინამიურად გაიზარდა. საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 5-7 პროცენტს შედგენდა. 2013 წლიდან შეიმჩნევა მთლიანი ტვირთბრუნვის კლება საქართველოში, რაც ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნილებისა და გარკვეულ წილად ტრანზიტული ტვირთების კლებასთან არის დაკავშირებული. 

შემცირებულია ზრდის ტემპი საკონტეინერო გადაზიდვებშიც. 2013 წელს ფოთისა და ბათუმის პორტებმა 370 ათასი კონტეინერი (TEU) გადაამუშავა, რაც საშუალოდ 20 პროცენტით ჩამოუვარდება 2010-2012 წლების საშუალო წლიურ ზრდას. 

საქართველოს სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზრის სტრუქტურიდან ჩანს, რომ საავტომობილო გადაზიდვებს საქართველოში მაღალი პროცენტული განაკვეთი უჭირავს და სარკინიგზო გადაზიდვების როლი თანდათანობით მცირდება საქართველოში. ამის ძირითადი მიზეზი გადაზიდვების მაღალი ტარიფები, სარკინიგზო ინფრაქტრუქტურის არაეფექტურობაა, რაც კიდევ უფრო მოუქნელს და არაკონკურენტულს ხდის ქართულ რკინიგზას საავტომობილო ტრანსპორტთან შედარებით. საჰაერო სატვირთო გადაზიდვები უმნიშვნელო როლს თამაშობს არსებულ ბაზარზე, რაც საჰაერო ტვირთებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დეფიციტით და სერვისის მაღალი ფასებითაა გამოწვეული. 

-როგორ დაახასიათებთ დღევანდელ სიტუაციას საქართველოს ლოგისტიკურ ბაზარზე?

საქართველოს ლოგისტიკის ბაზარი მეტად ფრაგმენტულია. მის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ექსპედიტორული კომპანიები წარმოადგენენ, რომელთაც ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ საკუთარი სატრანსპორტო საშუალება და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. ტვირთმფლობელებს, ექსპედიტორებსა და გადამზიდავებს შორის კოორდინირების დეფიციტია, რაც განაპირობებს არაოპტიმალურ მიწოდების ქსელს, მაღალ ფასებს და ტვირთის გადაზიდვის მაღალ ხანგრძლივობას. 

დღესდღეობით, ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არ არსებობს კვალიფიცირებული ლოგისტიკური ოპერატორები, რომლებსაც კომპლექსური ლოგისტიკური სერვისის წარმოება შეუძლიათ. ქართული მწარმოებლები და მსხვილი დისტრიბუტორები ძირითადად თავისი ძალებით ცდილობენ გადაწყვიტონ ლოგისიტკური პრობლემები. მოცულობის სიმცირისა და მაღალი ფიქსირებული დანახარჯების გამო მათი ლოგისტიკური ხარჯები ძალიან მაღალია. 

 

- ქართული ლოგისტიკური ბაზრის განვითარებას ხელს რა უშლის?

- ერთ-ერთ ხელისშემშლელ პირობას სასაწყობო მეურნეობების დაბალი დონე და არასაკმარისი რაოდენობა წარმოადგენს. დღეს საქართველოს ლოგისტიკურ ბაზარზე არ არსებობს A კლასის სასაწყობო მეურნეობა, არსებული B და C კლასის საწყობები ძირითადად წარმოადგენენ საბჭოთა სტილისა და სტრუქტურის ინფრასტრუქტურას.

დღეს კონკურენცია არა მარტო კომპანიებსა თუ ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს, არამედ რეგიონები და სატრანსპორტო დერეფნები ეპაექრებიან ერთმანეთს. კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს სწორედ განვითარებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა განაპირობებს. საქართველო მისი ხელსაყრელი ლოგისტიკური ადგილმდებარეობის საშუალებით წარმოადგენს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბუნებრივ ლოგისტიკურ ჰაბს. თუმცა განუვითარებელი ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო სისტემის დაბალი კონკურენტუნარიანობა მას არ აძლევს საშუალებას გამოიყენოს აღნიშნული პოტენციალი.

არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მას არ გააჩნია ქსელური ეფექტი. ტრანსპორტის სხვდადასხვა სახეობების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის დეფიციტის გამო არ ხდება სინერგიების ათვისება სატრანსპორტო გადაზიდვებსა და ლოგისტიკაში. საჭიროა სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარება, რაც კონკურენტუნარიანს გახდის საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო კორიდორს და შესძენს ქვეყანას ეფექტური სატრანსპორტო დერეფნის იმიჯს.

 

- რა ღონიძიებებია საჭირო საქართველოში ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სექტორის განვითარებისთვის?

- საქართველოს სჭირდება ლოგისტიკური ნოუ-ჰოუ. დღეს უკვე აშკარა ხდება ის მოთხოვნები, რომლებსაც უცხოელი მომწოდებლები და მწარმოებლები უყენებენ წარმატებულ ქართულ სავაჭრო და საწარმოო კომპანიებს. მოთხოვნები მოიცავს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური პროცესების მართვის დასავლურ სტანდარტებთან მიახლოების აუცილებლობას. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია გახდა აშშ-ს ორგანიზაცია Supply Chain Council (SCC) -ის წარმომადგენელი საქართველოში და დაიწყო მიწოდების ჯაჭვის საერთაშორისო სტანდარტების- SCOR® (Supply Chain Operations Reference)-ის დანერგვა საქართველოში მოქმედ კომპანიებში. 

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სქართველოს მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გააჩნია რეალური შანსი იქცეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ლოგისტიკურ ჰაბად. ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა:

 

• საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გრძელვადიანი სახელმწიფო სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომლის უმთავრესი მიზანი იქნება საქართველოს, როგორც ხელსაყრელი ლოგისტიკური ადგილმდებარეობის კონკურენტუნარიანობის ზრდა და მისი გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში ინტეგრაცია. 

• სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარება, რომელიც გულისხმობს ეფექტური ინტერმოდალური ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც შესძენს სატრანსპორტო სისტემას ქსელურ ეფექტს და გაზრდის მის ეფექტურობის ხარისხს. 

• სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა ინტერმოდალურ და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის (Public Privete Partnership) მოდელის გამოყენებით.

• ტრანსპორტსა და ვაჭრობაში სამართლებლივი ბაზის სრულყოფა, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის გამარტივებას და უცხოური ინვესტიციების შემოდინებას.

• სატრანსპორტო გადამზიდავებს, ლოგისტიკურ კომპანიებსა და ინფრასტრუქტურის ოპერატორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გარღმავება და ახალი პარტნიორობის მოდელების ჩამოყალიბება.

• ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში მოწინავე აკადემიური პროგრამების განვითარება და ლოგისტიკაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა ადგილობრივ კომპანიებში. 

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) 2011 წელს დაარსდა და წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას ლოგისტიკური, სატრანსპორტო და მიწოდების ჯაჭვის მართვის სფეროში. მისი წევრები არიან სატრანსპორტო/ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სფეროებში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები. 2013 წლის ბოლოდან GLA აშშ-ს ორგანიზაცია- Supply Chain Council-ის (SCC) წარმომადგენელია საქართველოში, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში მოღვაწე კომპანიებში ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის პროცესების ეფექტიანობის ამაღლება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით და მსოფლიოში არსებული მოწინავე გამოცდილების გაზიარებით.

 

ipn

22-03-2014, 00:38    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი