სიკვდილი გამოწერით!!!

"ის ვინც სპაისებს (ბიოს)  მოიხმარს, იდიოტია, რადგან დღეს ჩვენ, მეცნიერებს, ექიმებს არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რა შედეგს მოიტანს ამ ნივთიერებების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი მის მოხმარებას შეწყვეტს.

 

რადგან არ არსებობს  გამოცდილება და  მტკიცებულებები, რაც იმის განსაზღვრის საშუალებას მოგვცემს, რა მოხდება მომავალში." ეს სიტყვები ამერიკელი პროფესორს, ქიმიკოს  ჯონ დაბლიუ ჰაფმანს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც  თავად მუშაობდა იმ ხელოვნური კანაფინოიდების სინთეზზე., რაც დღეს საზოგადოებაში ბიოსა და სპაისების სახელითაა ცნობილი.

 

მათი დიდი ნაწილის პროდუქცირება, თავის დროზე, სამეცნიერო მიზნებისთვის მოხდა.   GWH, რომელსაც სინთეზური ფსიქოტროპული ნივთიერების სახელით იცნობენ,   გახლავთ აბრევიატურა ამერიკელი პროფესორის, ქიმიკოს  ჯონ დაბლიუ ჰაფმანისა,  რომელიც მუშაობდა  ხელოვნური კანაფინოიდების სინთეზზე.

 

ე. წ სპაისები, ანუ სინთეზური ფსიქოტროპული ნივთიერებები  შედარებით ახალი შექმნილია და მსოფლიოს წინაშე, როგორც პრობლემა, 2006-2007წლებში დადგა. თუმცა, შემდეგ ძალიან ბევრი ასეთი ნარკოტიკული საშუალების სინთეზი მოხდა მიწისქვეშა ლაბორატორიებში და საბოლოოდ, რამდენიმე ძირითადი ჯგუფი გამოიყო...

 

ინტერნეტით გამოწერილი ფსიქიკური აშლილობა...

 

მას, ძირითადად, ინტერნეტით იწერენ... თუმცა, წარმოდგენა არ აქვთ  რა ნივთიერებები შედის იმ ნარკოტიკის შემადგენლობაში, რომელსაც ამანათით ელოდებიან...

 

ბიო, სპაისები, აბები... ხშირად, ერთ ფხვნილში რამდენიმე სახის ფსქიოტროპული ნივთიერებაა  შერეული, რამაც ადამიანი  ფსიქიკურ აშლილობამდეც შეიძლება მიიყვანოს.  ხშირ შემთხვევაში, ექიმებს უჭირთ იმის დადგენა, თუ რა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება პაციენტი.

 

ნინობურჭულაძე (საქართველოს ანტინარკოტიკული მედია კლუბის ხელმძღვანელი) : "დაახლოებით 8 წლის წინ, ევროპაში ჩინეთიდან ერთგვარი საკმეველი გამოჩნდა, რომელიც სხვადასხვა ბრენდული სახელით იყიდებოდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ მცენარეები რომლითაც საკმეველი მზადდებოდა, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შეიცავდნენ, რის გამოც ბევრი ახალგაზრდა მას  ეწეოდა..

 

მოგვიანებით ჰოლანდიიდან გამოჩნდა ე.წ. მოსაწევი საშუალებები კრებითი სახელით "სპაისები",  რომელიც 2007 წლიდან  ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ( მაგ, გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი) საერთოდ აიკრძალა.

 

საერთოდ, "სპაისები" ორ ჯგუფად იყოფა: ნატურალური და სინთეზირებული. საქართველოში,  ბოლო დროს განსაკუთრებით მოდური გახდა.ე,წ სინთეზირებული ანაშა რომელსაც "ბიოს" სახელით იცნობენ.  გასული საუკუნის 70-იან წლებში  მეცნიერმა ჯორჯ ჰაფმანმა შექმნა სინთეზირებული ანაშა, რომელიც 5- ჯერ ძლიერი იყო, ვიდრე მისი ნატურალური ანალოგი. სწორედ ეს სინთეზირებული ანაშა გახდა საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე უამრავი ახალგაზრდის სიკვდილი მიზეზი..."

 

ბიო-"ეფექტი"_ აღქმის პათოლოგიით დაწყებული,სიკვდილით დამთავრებული...

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის ხელმძღვანელი ხათუნა თოდაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტავს:

 

"სინთეზურ ნარკოტიკულ საშუალებებს გააჩნდათ მარიახუანას ტიპის მოქმედება და თავის ტვინში იგივე სამიზნეებსა და წერტილებზე მოქმედებდნენ, რაზეც მარიხუანას ნარკოტიკული ზემოქმედების მქონე ინგრედიენტები. მაგრამ, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს მოქმედება უფრო ძლიერია და გაცილებით მეტი უკუეფექტი აქვს ვიდრე მარიხუანა."

 

რას უშვრება ტვინის უჯრედებს სპაისები და როგორ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე? სპეციალისტების განმარტებით, ეს ნივთიერებები ტოქსიკურია და მათი ზემოქმედება თავის ტვინზე იმდენად ძლიერია, რომ იწვევს:

 

1. აღქმის პათოლოგიას; 2. ილუზიებს; 3. ჰალუცინაციებს; 4. ბოდვითი აზრების წარმოშობას; 5. შფოთვას; 6. აგრესიულობას; 7 დისფორიას; 8. დეპრესიულ განწყობას, (განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა თავს ანებებენ);  9 აპათიას _ (არ უნდათ არაფრის კეთება);  10. აგრესიულ ქმედებას; 11. ცნობიერების დაქვეითებას; 12. მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, (რის გამოც შესაძლებელია მოხდეს კოლაფსი ან გამოიწვიოს ინფარქტი)

 

ხათუნა თოდაძე: "იმის გამო, რომ ბიოსა და სპაისებს ძალიან ხანმოკლე მოქმედება აქვს, ადამიანები იძულებულები ხდებიან, ხშირად მიიღონ ის. მიჩვევა მსგავსი ტიპის აბების მიმართ ძალიან სწრაფად ვითარდება და ზოგჯერ დღეში შესაძლოა, 20-ჯერაც მიიღონ. დღიური დოზა ძალიან სწრაფად იზრდება. შესაბამისად, იზრდება ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მის ორგანიზმზე.

 

გაბრუების ეფექტს იწვევს სწრაფად, რასაც შესაძლოა მოყვეს ტოქსიკური ზედოზირება და ადამიანი დაიღუპოს. ლეტალობის პოტენციალი გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. განსაკუთრებით რთული შემთხვევაა, როცა ბიოს და ალკოჰოლის აღრევა ხდება ერთმანეთში.

 

 ბიო და სექსი...

 

ბიოს მომხმარებლები ფიქრობენ, რომ  ეს მათ სექსუალურ პოტენციალს ამაღლებს და ერთ-ერთი მიზეზი მისი მოხმარების, განსაკუთრებით იმ მამაკაცებში, რომელსაც ასაკის გამო გარკვეული პრობლემები უჩნდებათ, ესეცაა. თინეიჯერები კი მას მძაფრი სექსუალური შეგრძნებებისთვის იყენებენ.  სპეციალისტები ამბობენ, რომ  მათი ეს ილუზია ძალიან სწრაფად სრულდება და გაცილებით მძიმე უკუეფექტებით, ვიდრე წარმოუდგენიათ.

 

ხათუნა თოდაძე: " სპაისების მიღების დაწყების პერიოდში, სექსუალური ლტოლვა და პოტენციალი იწყებს აწევას, ოღონდ მხოლოდ გარკვეული პერიოდით. შემდეგ უკვე ქვეითდება და საბოლოო ჯამში, შედეგად პოტენციის დაქვეითებამდე მიდიან. შემდეგ უკვე, მომხმარებლისთვის სიამოვნების წყარო მხოლოდ ნარკოტიკი ხდება. "

 

რეაბილიტაციის პერიოდი..

 

მომხმარებელი სპაისებს "მსუბუქ ნარკოტიკებს" უწოდებს. ისინი ფიქრობენ (ან უბრალოდ საკუთარ თავს არწმუნებენ), რომ  დროებით გართობას მაშინვე შეწყვეტენ, როგორც კი თავად მოინდომებენ ამას. თუმცა, ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა, ვიდრე მათ ჰგონიათ...

 

ხათუნა თოდაძე: "სინამდვილეში, სპაისებს გაცილებით ძლიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ახასიათებს, ვიდრე სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს და ის სულაც არ არის მსუბუქი.  ადამიანს ამის გამო შეუძლია ბევრ რამეს გადააბიჯოს და პირდაპირ გეტყვით, ძალიან უღირსი საქციელი ჩაიდინოს იმისთვის, რომ ეს ნარკოტიკი მოიპოვოს.

 

როგორც წესი, ძირითადად ოჯახის წევრები ან მეგობრები მოგვმართავენ. თავის ნებით ნაკლებად მოდიან, რადგან იმდენად დაკარგული აქვთ რეალობის აღქმის უნარი, რომ ვერც კი აცნობიერებენ, რა საფრთხის წინაშე დგანან.

 

სპაისებს რეგულარული მოხმარება ახასიათებს და ადამიანი ერთ თვეში სრულიად იცვლება. ხშირად, ის ადამიანები, რომელსაც ამის პრედისპოზიცია, ანუ წინასწარი განწყობა აქვთ, ფსიქიკურ აშლილობამდეც მიდიან. ახასიათებს შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზების პროვოცირება. სტატისტიკური მონაცემებით ამისი რაოდენობა იზრდება.

 

რასაც ქვია მწვავე ეტაპის მკურნალობა, ხანგრძლივი არ არის, ერთი კვირა ან 10 დღეც საკმარისია, მაგრამ შესაძლოა დაჭირდეთ  ხანგრძლივი მკურნალობაც ანტიდეპრესანტების ჩარევით. თუმცა, ამ დროს, მთავარი მაინც ფსიქოთერაპიული ჩარევაა."

 

"ანოზოგნოზი"ანუ  არაღიარება...

 

სპაისებს და აბებს, კიდევ ერთი მძიმე "ეფექტი" ახასიათებს _ ანოზოგნოზი.  ანოზოგნოზი ნიშნავს არაღიარებას, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს მომხმარებლის მდგომარეობას.

 

"ეს ადამიანები თავს დაავადებულად არ გრძნობენ გარკვეულ ეტაპამდე. ცდილობენ საკუთარი თავიც და სხვებიც დაარწმუნონ იმაში, რომ ეს მხოლოდ "მსუბუქი ნარკოტიკია".  

 

ხათუნა თოდაძე: შემდეგ, როდესაც ისინი პრობლემებს  აწყდებიან პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამსახურებში, მერე იწყებენ აღიარებას. 12 ნაბიჯშიც, (ფსიქოლოგიური პროგრამა) პირველი ნაბიჯი აღიარებაა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მათი რეაბილიტაცია. ბოლო ეტაპი ისაა, როდესაც იწყებენ იმაზე ზრუნვას, რომ სხვებსაც დაეხმარონ..."

 

ნინო ბურჭულაძე: "როდესაც "სპაისების"  მოხმარების მასშტაბებმა საქართველოში მოიმატა, მისი რამდენიმე სახეობა   სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიაში შეიტანეს და შსს-მ 2013 წლის დასაწყისში გადაწყვიტა, რომ ამანათებში აღმოჩენილი "სპაისები" ( მოგეხსენებათ ყველა ამანათი ისინჯება) გადაეგზავნათ უკან გამომგზავნისთვის, რაც ნიშნავდა იმას, რომ "სპაისები" ადრესატამდე ვეღარ მიაღწევდა. თუმცა,  "ბიოს"  შემოტანა თურქეთიდანაც დაიწყეს.  ერთი პერიოდი არავინ იცოდა, მისი მავნებლობის შესახებ და ის უბრალოდ კარგად დაფასოებული "პლანი" ეგონათ..

 

ბიოს"  მოხმარების ერთ-ერთი "ცდუნება" კიდევ ის იყო, რომ  ექსპერტიზის დროს ტესტი ანალიზში მის აღმოჩენას ვერ ახერხებდა, რაც საშუალებას აძლევდა უამრავ ადამიანს "თავისუფლად"  მოეხმარათ იგი, თუმცა ბოლო დროს, საქართველოში გაჩნდა " ბიოს" აღმომჩენი ტესტები,  ცოტა ხნის წინ კი პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება " ბიოს" სრულად აკრძალვის შესახებ..."

 

ინფორმაციასა და კომენტარებს საკანონმდებლო ცვლილებებისა და სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ე. წ. მსუბუქ ნარკოტიკებს ეხება, "გურია ნიუსი" უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ, მანამდე კი მეც და "გურია ნიუსის" რედაქცია სრული შემადგენლობით, მოგიწოდებთ და გთხოვთ:

 

ნუ გამოიწერთ სიკვდილს ინტერნეტით...

 

გურია ნიუსი/თამარ ლეფსვერიძე

30-08-2018, 18:06    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი