თურქეთში შესაძლოა, წყლის დეფიციტი შეიქმნას

დანაკარგის პრევენციის თურქული ფონდის, TİSVA-ს საბჭოს წევრი, აჯლან სუნაი აცხადებს, რომ წყლის დაზოგვა ქვეყნის ეროვნულ პოლიტიკად უნდა ჩაითვალოს. სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს სუნაიმ განუცხადა, რომ მხოლოდ აგვისტოში ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად, საშუალოდ, 3,3 მლნ კუბური მეტრი წყალი იხარჯებოდა. ის მთავრობას აფრთხილებს, რომ წყლის მოთხოვნასთან ერთად დეფიციტი გაიზრდება.

 

İSKİ-ის მონაცემებით, რომელიც სტამბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და წყლის მენეჯმენტზეა პასუხიმგებელი, მეგაპოლისის კაშხლებში წყლის დონე აგვისტოს თვეში 67-დან 57,7%-მდე შემცირდა.

 

„წყლის საშუალო დღიურმა მოხმარებამ ქვეყანაში 3,3 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწია, ხოლო 5 აგვისტოს მოხმარება 3,5 მილიონ კუბურ მეტრამდეც ავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია,“ - აცხადებს აჯლან სუნაი და წყლის მოხმარების ზრდის 3 მიზეზს ასახელებს.

 

„პირველი, ეს ცხელი ზაფხულია, რომელსაც კარგა ხანია, ვიტანთ. ზაფხულის თვეებში ჩვეულებრივზე მეტ წყალს მოვიხმართ. მეორე მიზეზი მოსახლეობის ზრდაა და ბოლოს, პანდემიური პირობები,“ - აცხადებს სუნაი და წყლის დაზოგვის მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

 

„ეს საკითხი ეროვნული პოლიტიკის დონეზე უნდა ავიყვანოთ და მკაცრად გავაფრთხილოთ ყველა, ვინც ზედმეტ წყალს ხარჯავს,“ - ამბობს ექსპერტი. მისი მონაცემებით, ერთ ადამიანზე დღეში 150 ლიტრი წყლის მოხმარება სავსებით საკმარისი და ნორმალურია მაშინ, როცა თურქეთში თითო ადამიანზე დღიური მოხმარების მაჩვენებელი 216 ლიტრს შეადგენს.

 

„ხალხს ჰგონია, რომ თურქეთი წყლის რესურსით მდიდარი ქვეყანაა, რაც შეცდომაა. ქვეყანა წყლით გაღარიბების გზას ადგას“, - აცხადებს სუნაი. ის მოქალაქეებს წყლის დაზოგვის რჩევებსაც აძლევს.

 

„ჭურჭლის სარეცხი მანქანა, საშუალოდ, 12 ლიტრ წყალს მოიხმარს, ხოლო თუ იმავე რაოდენობის ჭურჭელს ხელით გარეცხავთ, 100 ლიტრ წყალს დახარჯავთ. ამასთან, ონკანი, რომელიც ბოლომდე არ არის დაკეტილი და მისგან წყალი წვეთავს, დღეში შესაძლოა, 30-დან 200 ლიტრამდე წყლის დაკარგვის მიზეზი გახდეს,“ - აცხადებს თურქი ექსპერტი და მოსახლეობას ონკანების მჭიდროდ გადაკეტვისკენ მოუწოდებს.

7-09-2021, 17:03    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი