ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა საქართველოს ჭავჭავაძეების ხმალი გადმოსცა

საქართველოს სახელმწიფოს ბიზნესმენ დავით ხიდაშელისგან საჩუქრად გადმოეცა ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ერთად სამინისტროში ბრიფინგი გამართა.

 

დავით ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მან უნიკალური ისტორიული ნივთი ბელგიის აუქციონზე შეიძინა, რათა ის სამშობლოში ჩამოეტანა და სამუზეუმო ექსპონატად ექცია. სანამ საქართველოს სახელმწიფოს საჩუქრად გადმოეცემოდა, დავით ხიდაშელის ხარჯით და დაკვეთით ექსპონატს კონსერვაცია ჩაუტარა ისტორიული იარაღის რესტავრატორმა, გოჩა ლაღიძემ. დავით ხიდაშელმა განაცხადა, რომ იარაღი აუქციონზე გამოიტანა ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირმა შთამომავალმა და დასძინა, რომ მოცემულმა პირმა ნივთი ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავით ჭავჭავაძისგან მიიღო.

 

თეა წულუკიანმა დავით ხიდაშელს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ექსპონატს კულტურის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაუდებს ბინას.

 

"საქმე გვაქვს უნიკალურ ექსპონატთან და ჩვენი მუზეუმებისთვის დიდ შენაძენთან, მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ დავით ჭავჭავაძის ხანჯალი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება," - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

 

"ჩვენი სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს დავით ხიდაშელისა და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის ფონდების გამდიდრებაში უანგაროდ მონაწილეობს და ამით საქვეყნო საქმეს აკეთებს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

6-09-2021, 20:37    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი