Ferrero საქართველოში თხილის ბაღებს ყიდის - უკავშირდება თუ არა ეს კომპანიის ახალ პოლიტიკას

იტალიურმა Ferrero-მ სამეგრელოს სამ რაიონში თხილის ბაღები გაყიდა.

 

რა გახდა მიზეზი და არის თუ არა ეს კომპანიის პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც 2024 წლამდე კომპანიის წარმოება ადგილობრივი, იტალიური თხილით უნდა ჩანაცვლდეს, ჯერ უცნობია. კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

 

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა ამბობს, რომ კომპანიამ ბაღების მხოლოდ 30% გაყიდა. ის ბაღები კი, სადაც უმაღლესი ხარისხის თხილი მოდის, კვლავ კომპანიის მფლობელობაშია.

 

,,ჩემ ვარაუდებზე ვერ ვისაუბრებ, ოფიციალური ინფორმაცია კი არ მაქვს, არ მქონია კომუნიკაცია. ამიტომ, არ ვიცი, რატომ გაყიდა კომპანიამ თხილის ბაღების ნაწილი საქართველოში. ჩემი ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით მათ საკუთრებაში არსებული მიწების 30%-ზე. ზუგდიდის, წალენჯიხის და ხობის ბაღები არ არის გაყიდული. სენაკი, აბაშა და მარტივილის ბაღებია გასხვისებული. მხოლოდ ეს არის ინფორმაცია, რომელიც დანამდვილებით მაქვს“ - განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ გიორგი თოდუამ.

 

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა საქართველოში თხილის ბაღების გაყიდვა Ferrero-ს ახალ პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს პროდუქციის მხოლოდ იტალიური თხილით წარმოებას, თოდუა კომენტარისგან თავს იკავებს.

 

იმის შესახებ, რომ Ferrero-ს შესაძლოა, საქართველოში თხილის შესყიდვები შეეჩერებინა და ბაზარი დაეტოვებინა, „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა. ამის მთავარი მიზეზი კი მშობელი კომპანიის ახალი პოლიტიკაა, რომელიც Ferrero-ს წარმოებაში იმპორტირებული თხილის ადგილობრივი მოსავლით ჩანაცვლებას გულისხმობს. Ferrero-მ უკვე გადაწყვიტა, რომ თურქეთიდან თხილის შეტანა შეამციროს და შიდა ბაზარზე მოსავლის აღება მესამედით გაზარდოს.

 

Financial Times-ის ცნობით, იტალიელი პოლიტიკოსები Ferrero-ზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ მსხვილი იტალიური კერძო კომპანია თურქულ იმპორტზე მეტად იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, Ferrero-ს გადაწყვეტილებაზე კონკურენციამაც მოახდინა გავლენა: მისმა კონკურენტმა, Barilla-მ გამოუშვა სპრედი მინიშნებით, რომ პროდუქტი "100% იტალიური თხილისგან" არის დამზადებული.

 

ჯერ კიდევ 2018 წელს მიღებული გეგმის შესაბამისად, Ferrero იტალიაში თხილის წარმოების 30%-ით გაზრდას, ხოლო 2025 წლისთვის თხილის პლანტაციის 90 000 ჰექტრამდე გაფართოებას აპირებს.

 

Ferrero Trading LUX S.A საქართველოში 2007 წელს შემოვიდა და შპს "აგრიჯორჯია" დააარსა. კომპანიამ თხილის პლანტაციები საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში გააშენა. 2017 წლის მონაცემებით, Ferrero-ს საქართველოში 4 000 ჰექტარზე მოჰყავდა თხილი.

6-09-2021, 20:30    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი