მევენახეები დაზიანებულ 1კგ რქაწითელს 80 თეთრად, 1კგ საფერავს კი 1 ლარად ჩააბარებენ

“მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ, ხოლო ისინი, ვისაც მოსავალი სრულად გაუნადგურდა, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 3000 ლარს მიიღებენ“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კახეთის რეგიონის 5 მუნიპალიტეტში სეტყვამ გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

 

„ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება, საკოორდინაციო შტაბის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რამდენიმე ლოკაციაზე გახსნილია პუნქტები, სადაც მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ. ეს არის მაქსიმალური კომპენსაცია, რასაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ. იმ მევენახეებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სახელმწიფო 3000 ლარს გადაუხდის, რათა მოხდეს ვენახების აღდგენა და ყურძნის წარმოება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის განადგურებული ხილის ბაღები, სადაც მომავალ წლებში რეალურად ვეღარ მოხდება მოსავლის მიღება, ჩავანაცვლოთ და სწორედ ამ მიზნით, პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ბაღების აღდგენა მოხდება, სრული თანადაფინანსება იქნება ნერგების და თანადაფინანსება სარწყავი სისტემის. ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ფერმერების საჭიროებებზე ამ სტიქიიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა რთველი 2021-ის საკოორდინაციო შტაბში სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

28-08-2021, 23:00    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი