მსოფლიოში ნავთობი იაფდება - „ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ფასის კლების მოლოდინი შეგვექმნას“

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს, თუმცა თუ ტენდენციას შეუქცევადი ხასიათი არ ექნება, ქართულ ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფებას არ უნდა ველოდოთ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა.

 

ვანო მთვრალაშვილის თქმით, ფასების კლება უდავოდ პოზიტიური მომენტია, თუმცა ამას სტაბილური ხასიათი უნდა მიეცეს, რომ ფასებმა საქართველოშიც დაიკლოს.

 

,,ბოლო პერიოდში, რამდენიმედღიანი კლება ფიქსირდება ნავთობპროდუქტებზე, რაც ცალსახად კარგია. თუმცა, მანამდე ფასები იყო ძალიან მაღალი. ბოლო პერიოდში, ტრენდი ძირითადად მაინც მაღალ ნიშნულებზეა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა კლების პერიოდები. რამდენიმე დღეა მსოფლიო ბაზარზე ფასი იკლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ფასის კლების მოლოდინი შეგვექმნას მოგეხსენებათ, ბაზარზე ფასების დაწევას, მატება მოჰყვება ხოლმე. მოცემულობა რთულია, მიუხედავად ბოლო დღეების დადებითი ტენდენციისაა, მაგრამ უნდა მოხდეს ამ დაბალი ფასის შენარჩუნება სტაბილურად. თუ გადავხედავთ, ფასის წინა კლების დროს, შემდეგ რამდენიმე დღეშივე ბრუნდებოდა მაღალ ნიშნულებზე.

 

დღეს რეალურად ასეთი მოცემულობაა, მიმდინარე ეტაპზე ნავთობზე და მათ შორის, პლატცის მიხედვითაც ნავთობპროდუქტებზე ფასი შემცირებულია, თუმცა მთელი წინა პერიოდი ფასი ნავთობზე იზრდებოდა. სწორედ ამან განაპირობა ჩვენთან ფასის მატება. ზოგადად, ნავთობის ფასის რამდენიმედღიანი კორექტირება, ფასების ცვლილებას ვერ განაპირობებს, თუ ამან შეუქცევადი ხასიათი არ მიიღო. მერწმუნეთ, არავის სურს ფასის დაწევა უფრო მეტად, ვიდრე ნავთობპროდუქტების ბაზარზე მყოფ სუბიექტებს“, - განაცხადა მთვრალაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

 

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 9 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 69,04 (- 1,66) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 66,48 (- 1,80) დოლარი/ბარელზე.

10-08-2021, 23:21    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი