რატომ მიუსაჯეს ჩინელ მილიარდერს 18-წლიანი პატიმრობა

67 წლის ჩინელ მილიარდერ სუნ დავუს, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ჰებეის პროვინციაში ერთ-ერთ უმსხვილეს კერძო სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ფლობს, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე ის ადამიანის უფლებების შესახებ და მგრძნობიარე პოლიტიკურ თემებზე არაერთი განცხადებით გამოდიოდა, რის გამოც ჩინეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ დასაჯა და „კონფლიქტის გაჩაღებისა და არეულობის სტიმულირების“ ბრალდებით დააპატიმრა.

 

„კონფლიქტის წაქეზება და არეულობის წამოწყება არის ბრალდება, რომელსაც ჩინეთში აქტივისტების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ“, - იუწყება BBC.

 

ბიზნესმენი, ასევე, დამნაშავედ ცნეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უკანონო მიტაცებაში, სამთავრობო უწყებებზე თავდასხმის მიზნით, ხალხის შეკრებაში და სახელმწიფო მოხელეების მოვალეობების შესრულებისთვის ხელის შეშლაში. ამასთან, სუნ დავუ 3.11 მლნ იუნით (დაახლოებით, 480 000 აშშ დოლარით) დაჯარიმდა.

 

მისი კომპანია ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესია და სხვადასხვა ინდუსტრიაში საქმიანობს, ხორცის გადამამუშავებელი და შინაური ცხოველების საკვებიდან დაწყებული, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობით დამთავრებული.

 

მილიარდერი შარშან, სახელმწიფო მეურნეობასთან დავის გამო დააკავეს. მასთან ერთად კიდევ 20 ადამიანი - მისი ნათესავები და ბიზნეს-პარტნიორებიც დააპატიმრეს. როგორც Agence France-Presse იუწყებოდა, ბიზნესმენის დაკავების დროს, პოლიციასთან შეტაკების გამო, სუნ დავუს ათობით თანამშრომელი დაშავდა.

 

სუნ დავუს გამოჩენილ ჩინელ დისიდენტებთან დაახლოებულ ბიზნესმენად მიიჩნევენ. ადრე ის სოფლის რაიონების მიმართ სამთავრობო პოლიტიკას აკრიტიკებდა. მაგალითად, იყო ერთ-ერთი პირველი იმ მცირე ჯგუფიდან, ვინც ღიად დაადანაშაულა ხელისუფლება ღორის აფრიკული ჭირის აფეთქების დაფარვაში. 2019 წელს ღორის ჭირმა გავლენა მოახდინა მის ფერმებზე და ჩინეთში ინდუსტრიის მრავალი საწარმო გაანადგურა.

 

სან დავუ 2003 წელს უკანონო დაფინანსებისთვის ნასამართლევიც იყო, მაგრამ აქტივისტებისა და საზოგადოების მხარდაჭერის წყალობით საქმე შეწყდა.

 

სასამართლოში საქმის წინასწარი განხილვის დროს, მილიარდერი მის მიმართ წაყენებული ბრალდებების უმრავლესობას უარყოფდა და თავს კომუნისტური პარტიის გამოჩენილ წევრად აცხადებდა. ამავე დროს, მან აღიარა, რომ შეცდომებიც ჰქონდა დაშვებული, რის ერთ-ერთ მაგალითად, სოციალურ ქსელებში შეტყობინებების გამოქვეყნება დაასახელა.

 

„იმის გამო, როგორც მე ახლა მასამართლებენ, ჩემი ახლობლები იტანჯებიან, ხოლო ვისაც ვძულვარ, ისინი ხარობენ. სხვების განთავისუფლების სანაცვლოდ და ბრალდების სიმძიმის მიუხედავად, მსურს, ბრალი ჩემს თავზე ავიღო. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში წვლილი შევიტანეთ", - განაცხადა ბიზნესმენმა სასამართლოზე.

 

ზოგადად, ჩინეთის ხელისუფლება ბიზნესის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს. რამდენიმე მსხვილი ტექნიკური კომპანიის, მათ შორის Alibaba-ს, Didi-სა და Tencent-ის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

6-08-2021, 15:30    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი