ვინ არის „Nutella-ს მილიარდერი“ იტალიიდან, რომელმაც კომპანიის ღირებულება 11 მლრდ დოლარამდე გაზარდა

კომპანია Nutella-ს მილიარდერმა მფლობელმა, ჯოვანი ფერერომ ოჯახური ბიზნესი თავის თავზე ძმის სიკვდილის შემდეგ, 2017 წელს აიღო. ის შოკოლადისა და საკონდიტრო ნაწარმის ბრენდ Ferrero Spa-სა და საკვები პროდუქტების ბრენდ Nutella-სა და Kinder-ის წარმატების მიზეზი გახდა. ბიზნესუნარებმა მას, დიდ ქონებასთან ერთად, „ყველაზა მდიდარი“ იტალიელის ტიტულიც მოუტანა.

 

...და მაინც, როგორ გახდა სულ რამდენიმე წელიწადში ჯოვანი ფერერო „Nutella-ს მილიარდერი?!“ ქრონოლოგია ასეთია:

 

ის 1964 წლის 2 აპრილს იტალიის კომუნა ფარილიანოში დაიბადა. იმ დროისთვის მეტად პოპულარული შოკოლადისა და საკონდიტრო ბიზნესის გახსნა ანუ ყველაფრის ნულიდან დაწყება ჯოვანის არ დასჭირვებია, რადგან მისი ოჯახი ამ ბიზნესს პროფესიონალურ დონეზე უკვე უძღვებოდა. მშობლები, მარია ფრანკა ფისოლო და მიქელე ფერერო ტრანსნაციონალურ კომპანიას ფლობდნენ, რომელიც ოჯახის სახელწოდებას - Ferrero-ს ატარებდა. მშობლებმა იცოდნენ, რომ ჯოვანი და მისი ძმა, პიეტრო ოჯახურ ბიზნესს სრულწლოვნობის შემდეგ გაუძღვებოდნენ, მაგრამ განათლება აუცილებელი იყო და ახალგაზრდა ჯოვანი სასწავლებლად ბრიუსელში გაგზავნეს, რათა ბელგიის სკოლა-ინტერნატში ხარისხიანი განათლება მიეღო. თუმცა მალე მშობლებმა გადაწყვიტეს, ჯოვანი სწავლის გასაგრძელებლად აშშ-ში გადაეყვანათ, რომ მარკეტინგის სპეციალიზაციით უმაღლესი განათლება მიეღო. მან პენსილვანიის შტატის ქალაქ ანვილში ლიბანის ველის კოლეჯი დაამთავრა.

 

1997 წელს ძმებ ჯოვანი და პიეტრო ფერეროებს მამამ ბიზნესი გადააბარა. მათ ბიზნესის გაფართოების ბრწყინვალე მეთოდი მოიფიქრეს და Ferrero-ს სავაჭრო ნიშნით ახალი განყოფილებები შექმნეს. ამასთან, საზღვარგარეთ გაფართოებისთვის აგრესიული მარკეტინგის სტრატეგიას მიმართეს. რამდენიმე ახალი ბრენდის შექმნით, მათ ბაზრის დივერსიფიცირება მოახდინეს და კომპანია Ferrero-ს ქოლგის ქვეშ ბიზნესი გეომეტრიული პროგრესიით გაფართოვდა. შედეგიც სწრაფად და სტაბილურად დადგა: Ferrero ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში პოპულარული ბრენდი გახდა.

 

ბიზნესის წარმატებისთანავე ჯოვანი და პიეტრო მოგებას თანაბრად იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პიეტრო უფროსი იყო, კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას ძმები, ასევე, თანაბრად ინაწილებდნენ. უფროსი ძმა ბიზნესის ტექნიკურ მხარეზე იყო პასუხისმგებელი, როგორიცაა ლოგისტიკა და გაყიდვები, ჯოვანი კი კომპანიის ე.წ. შემოქმედებით ნიჭს წარმოადგენდა. 2011 წელს ოჯახში ტრაგედია მოხდა და პიეტრო ველოსიპედით საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ის სამხრეთ აფრიკაში, ველოსიპედით მოძრაობის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. შედეგად ჯოვანი კომპანიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, აღმასრულებელი დირექტორის პოსტი კი მამამ, მიქელე ფერერომ ჩაიბარა. თუმცა 4 წლის შემდეგ ჯოვანიმ მამაც დაკარგა და აღმასრულებელი დირექტორობაც შეითავსა. მას მარტოს უწევდა ყველაფრის კეთება და ამ ბიზნეს-სტრესიდან 2017 წელს გამოვიდა, როცა კომპანიის გენერალურ დირექტორად ლაპო ჩივილეტი დანიშნა. ოჯახურ ბიზნესში „მარტოხელა მგლად“ დარჩენის შემდეგ, ჯოვანიმ კომპანიას არნახული მოგება მოუტანა, რაც მის რევოლუციურ მეთოდებს უკავშირდება. ასეთია, მაგალითად, კომპანაიში ოჯახის არაწევრი კომპეტენტური პირის მოყვანა და მნიშვნელოვანი საწარმოების შესყიდვა. 2015 წელს მან კომპანია Thorntons 170 მლნ დოლარად, 2018 წელს კი Nestlé-ს ამერიკული საკონდიტრო ბიზნესი - Butterfinger და BabyRuth 2,8 მლრდ დოლარად შეისყიდა. ამ სიას ახლახან, 2019 წელს ჯოვანის კიდევ ერთი შენაძენი, ორცხობილების კომპანია Kellogg დაემატა.

 

ჯოვანი ფერეროს „Nutella-ს მილიარდერს“ უწოდებენ. თუმცა ამ განყოფილების ფორმირებაში დიდი წვლილი პიეტრომაც შეიტანა. სწორედ მან ჩაუშვა ეს ბრენდი 1946 წელს, როცა იტალიის ალბაში შოკოლადის მაღაზია გახსნა. ამ მაღაზიის მთავარ ღირშესანიშნაობას ტყის თხილის პასტა Supercrema წარმოადგენდა. ის ომისდროინდელი რეცეპტით დაამზადეს, როცა საკვები პროდუქტების დეფიციტი გავრცელებული მოვლენა იყო. Supercrema, ოფიციალურად, დღევანდელი Nutella-ს წინამორბედად ითვლება.

 

წლების განმავლობაში Ferrero ინოვაციურად ფართოვდებოდა და არაერთი ახალი ბრენდით იმპროვიზირებდა. შეიქმნა მეტად მოთხოვნადი, ცნობილი პიტნის კამფეტების ბრენდი Tic Tac, შოკოლადები Kinder, Baby Ruth, Butterfinger, შოკოლადის ბატონები Crunch, ორცხობილები Keebler, Famous Amos, and Little Brownie Bakers. Ferrero-ს ოჯახის შოკოლადებს შორის Ferrero Rocher-იცაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყველასთვის საყვარელ დელიკატესად გადაიქცა.

 

ჯოვანის ქონება ამ დროისთვის 28 მლრდ დოლარს აღემატება, რაც იტალიაში ყველაზე მაღალი, მსოფლიოში კი ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. დღეს Ferrero-ს ქოლგის ქვეშ ყველაზე გაყიდვადი კამფეტების 20 ბრენდია. 2015 წელს ჯოვანი ფერერომ კომპანიის სუფთა საბაზრო ღირებულება 11 მლრდ დოლარამდე გაზარდა.

30-07-2021, 00:10    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი