პირველ რიგში ეს ნიშნავს სამუშაო ადგილებს - ნათია თურნავა

კვლავაც გამოვჩნდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, უნიკალური ისტორია, უნიკალური ბუნება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

 

მისი თქმით,  სამთავრობო გუნდი დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბევრს მუშაობს.

 

"ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. იუნესკო-ს კომიტეტმა ჩვენს კოლხურ დაბლობს, ჩვენს ჭარბტენიან ტერიტორიებს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ეს არის ოთხი დაცული ტერიტორია, ოთხი ეროვნული პარკი.

 

მსოფლიოში 200-ზე ცოტათი მეტი ტერიტორია არის აღიარებული უნიკალურ ბუნებრივ ძეგლად, უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობად იუნესკო-ს მიერ, მათ შორის არის მართლაც ისეთი უნიკალური ძეგლები, რომლებიც ამ ქვეყნებისთვის უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ ნაკადს. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი, ძალიან მნიშვნელვანი გადაწყვეტილებებით შევუქმნათ მომავალი ჩვენს ტურიზმს, შევუქმნათ ძალიან სწრაფი აღდგენის გარანტია. ჩვენ კვლავაც წარმოვჩინდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, უნიკალური ისტორია, უნიკალური ბუნება. სამთავრობო გუნდი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, რათა დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა განვითარდეს.

 

პირველ რიგში ეს ნიშნავს სამუშაო ადგილებს იმ რეგიონებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობს ეროვნული პარკების მახლობლად, ვინც ქმნის იმ გარემოს, რომელსაც დიდი სიამოვნებით სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები. ეს ასევე ნიშნავს ეკოტურიზმის განვითარებას. თქვენ ამ დღეებში მომსწრენი იყავით მთავრობის, ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრის 10-წლიანი სტრატეგიის პრეზენტაციების და ჩვენი, ეკონომიკის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვამზადეთ, არის სპეციალური მხარდაჭერის პროგრამები ეკოტურიზმისა და აგროტურიზმისთვის. ეს არის გრანტების პროგრამა, ეს არის სესხებზე სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მეტად დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ასეთი უნიკალური ბუნების ძეგლების ირგვლივ გააშენოს მცირე სასტუმროები, მცირე ფერმერული მეურნეობები, მცირე კვების ობიექტები. ისეთი ობიექტები, რაც მოიზიდავს ჩვენთან საერთაშორისო ვიზიტორებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ცნობისთვის, ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

27-07-2021, 23:10    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი