„ლ“ - წიგნი უჩვეულო სათაურით

თანამედროვე ლიტერატურის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლეა. უკვე ერთი თვეა, რაც „ბიბლუსის“ თაროებზე გამოჩნდა წიგნი მეტად უჩვეულო და არაორდინალური სახელით - „ლ“. ვინ არის მწერალი ნინო მანი, რა გამოწვევებს ეხმიანება იგი და რა იმალება ამ უცნაური სათაურის მიღმა, ამ და სხვა საკითხებზე ჩვენ თავად ავტორს ვესაუბრეთ:

 

 

- ნინო, გამარჯობა! ვიდრე უშუალოდ წიგნზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში, ორიოდე სიტყვით, შენი განათლების შესახებ გვიამბე.

 

- გამარჯობა! თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდგომ მაგისტრის ხარისხი კონფლიქტების ანალიზსა და მართვაში მივიღე. ამჟამად ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ კონფლიქტოლოგიის მიმართულებით.

 

 

 

- „ლ“ შენი პირველი წიგნია?

 

- დიახ, ეს ჩემი სადებიუტო რომანია.

 

 

 

- წიგნის დაწერა როდის და რატომ გადაწყვიტე?  შენი შთაგონების წყარო რა გახდა?

 

- წიგნის დაწერისკენ ბიძა მიბიძგებდა.გარდა იმისა, რომ ხშირად მაძლევდა სასარგებლო რჩევებს თუ როგორ უნდა დამეხვეწა სტილი, ეს უნარი და სიყვარული მისგან გენეტიკურად მერგო. თავად წერდა არაჩვეულებრივად... ოთხი წელია ის ჩვენ გვერდით აღარაა, მაგრამ სამუდამოდ დამიტოვა საჩუქარი… განძი, რომელიც მუდამ ჩემში იქნება, ვიდრე ცოცხალი ვარ - ეს წერის სიყვარულია. მისი გარდაცვალების შემდეგ კი წერის სურვილი კიდევ უფრო გამიძლიერდა. ასე მგონია, ამიერიდან, რაც უფრო მეტს დავწერ, მით მეტად ვიგრძნობ მის სიახლოვეს და მეტად იამაყებს ჩემით.
თუმცა ჩემთვის ბავშვობიდან არ არსებობდა დღე წერის გარეშე. როგორი დაღლილიც არ უნდა ვყოფილიყავი, სიმბოლურად მაინც უნდა დამეწერა, თუნდაც ერთი გვერდი.

 

 

 

- რა იყო ის ხელისშემწყობი ფაქტორები, რამაც წიგნის დაწერისკენ გიბიძგა?

 

- სხვამხატვრულ ტექსტზე ვმუშაობდი, როდესაც „ლ“-ს იდეა მომივიდა. დროებით ის შევაჩერე და ამაზე გადმოვერთე. ვიფიქრე, რომ ამ ეტაპზე ეს პრობლემები უფრო აქტუალური იყო და გადავწყვიტე ის საკითხები, რაც მაწუხებდა, ამგვარად გადმომეცა. ეს იყო დაახლოებით ხუთი წლის წინ. ჩემი დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე ტექსტზე ინტენსიურად მუშაობას ვერ ვახერხებდი. ამასთან, შუალედში გარკვეული მიზეზების გამო, დაახლოებით წელიწადნახევრიანი ტაიმ-აუტიც მქონდა. პანდემიის დაწყებისას, მას შემდეგ რაც დისტანციურ მუშაობაზე გადავედი, ის დრო, რომელიც სახლიდან სამსახურამდე და შემდეგ სამსახურიდან სახლამდე მჭირდებოდა, დამეზოგა. შესაბამისად, ჩემი დრო და ენერგია ამ მიმართულებით წარვმართე.

 

 

 

- შენს სადებიუტო წიგნში მკითხველი უხვად ხვდება ფრანგულ შტრიხებს...

 

- დიახ, ბავშვობიდან ფრანკოფონი ვარ: ფრანგული ენის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის თაყვანისმცემელი. მოხარული ვარ, რომ ეს ჩემს სადებიტო რომანზეც აისახა.

 

 

- იქნებ რამდენიმე სიტყვით წიგნის შესახებ მოგვიყვე...

 

- „ლ“ ეხმიანება იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრებაში მეტად აქტუალურია. წიგნში გვხვდებიან პერსონაჟები, რომელთა მსგავს ადამიანებს ყოველდღიურად ვაწყდებით. ზოგი მათში საკუთარ თავსაც ამოიცნობს. ეს არის მინიატურული სარკე, რომელშიც ჩვენი დროის ადამიანები მთელი სიცხადით დაინახავენ თავიანთ მანკიერ მხარეებს, გაიაზრებენ და შეეცდებიან ხვალ იმაზე უკეთესები გახდნენ, ვიდრე იყვნენ გუშინ.

 

 

 

- მთავარ პერსონაჟზე რას გვეტყვი?

 

- მართა მატაბელი შეუპოვარი, მიზანდასახული და მებრძოლი გოგონაა, რომელიც მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა და უსამართლობისა, არ ნებდება და საკუთარი სიძლიერითა და დიდსულოვნებით სხვებს მაგალითს აძლევს. მას მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს და სწორედ მის თავგადასავალს უერთდება წიგნში მკითხველი.

 

 

 

- როგორც წიგნის პირველი გვერდიდან ვიგებთ, მას დეიდას უძღვნი...

 

- დიახ, იგიჩემთვის შეუპოვრობისა და ბრძოლისუნარიანობის მაგალითია. სწორედ ამიტომ, წიგნის თემატიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ მისთვის მიმეძღვნა. 

 

 

 

- „ლ“-ს საშუალებით რა არის შენი გზავნილი მკითხველისადმი?

 

- ხშირად ვეღარ ვხვდები ადამიანებს, რომლებიც მომართულნი არიან ბრძოლისთვის, საკუთარი უფლებების დაცვისთვის... უმრავლესობა თითქოს მდინარეს მიჰყვება დინების მიმართულებით. ჩემი სურვილია უფრო მეტი მიზანდასახული, ბრძოლისუნარიანი ადამიანი, რომელიც მთელი შემართებით მიიწევს წინ, რომელიც ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს არ უშინდება, პატარა მარცხისთანავე ხელს არ ჩაიქნევს და ბედს არ შეეგუება.

 

მინდოდა შემექმნა სულიერი სიმტკიცის, სიყვარულის, რწმენისა და ადამიანობის გამორჩეული მაგალითი, რომლისგანაც მკითხველი ბევრ რამეს ისწავლიდა. რამდენად შევძელი, ეს მათი შესაფასებელია.

 

 

- წიგნზე მუშაობის პროცესი როგორი იყო?

 

- პანდემიის გამო რედაქტორებთან, გრაფიკულ დიზაინერთან და დამკაბადონებელთან დისტანციურად ვთანამშრომლობდი. ჩვენი დისკუსიებიც ამა თუ იმ საკითხზე, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. წიგნზე მუშაობის პროცესში ასევე აქტიურად იყო ჩართული ჩემი რამდენიმე მეგობარი, რომელთაც გაწეული შრომისთვის მინდა მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო. ვფიქრობ, რომ კარგი გუნდი შედგა, რომლის თითოეული წევრი თავს არ ზოგავდა იმისათვის, რომ წიგნის ყოველი სტრიქონი გამართული ყოფილიყო და მკითხველების გულებამდე მისულიყო. ეს პროცესი საინტერესოსთან ერთად მეტად შრომატევადი იყო. ზოგადად როგორც ხდება ხოლმე, როცა ყველაზე მეტად გეჩქარება, სწორედ მაშინ რომ იჩენს თავს ტექნიკური ხარვეზები და აღმოჩნდება, რომ ხუთასგვერდიანი წიგნი ახლიდან არის დასაკორექტირებელი, მსგავსი „სიურპრიზები“ ჩვენს შემთხვევაშიც მრავლად იყო. ამ დროს მახსენდებოდა ის ძირითადი გზავნილი, რასაც „ლ“-ს საშუალებით ვუგზავნი საზოგადოებას, რომ არასოდეს არ უნდა დანებდნენ, ყოველი დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგნენ და მთელი შემართებით განაგრძონ მიზნისკენ სვლა. ყოველ ჯერზე სწორედ ასეთი შემართებითა და ენთუზიაზმით  ვიწყებდი ტექსტის ხელახლა რედაქტირებას.

 

 

 

დღისით სამსახურში დაკისრებული მოვალეობების შესრულება, საღამოს - ლექციები ან სადისერტაციო ნაშრომის პირველი ნაწილის დაცვისთვის მზადება, გვიან ღამით კი (ხშირად გათენებამდეც) ამ მხატვრულ ტექსტზე მუშაობა, რომელიც „ლ“-ს სახელით გაიცნო მკითხველმა - აი, ასეთი იყო ჩემი ყოველდღიურობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

 

 

- როგორ ფიქრობ, ეს წიგნი საზოგადოებაზე რა გავლენას მოახდენს?

 

- ვფიქრობ, მისი წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად მოტივირებულები, თავდაჯერებულები, მიზანდასახულები, მებრძოლები და შრომისყვარენი გახდებიან. და შესაბამისად, უფრო წარმატებულებიც!

 

 

- რატომ „ლ“?

 

- ოოო, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული!.. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება მკითხველმა წიგნიდან შეიტყოს. აქვე გეტყვით, რომ თავდაპირველად, ძალიან დიდხანს სრულიად სხვა სათაური ჰქონდა და შეცვლაზე არც მიფიქრია. წიგნის დასრულების შემდგომ რედაქტორებმა მირჩიეს, რომ თითოეული თავი დამესათაურებინა. ეს იდეა მომეწონა და ამ რთულ, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო საქმეს მაშინვე შევუდექი. ერთ-ერთი თავის სათაურად „ლ“ შევარჩიე და ისე მომეწონა, გადავწყვიტე წიგნისთვისაც ეს დამერქმია. „შემოქმედებით ჯგუფში“ აზრები ორად გაიყო. ნაწილმა მაშინვე აიტაცა ჩემი იდეა, ნაწილი კი - წინააღმდეგი იყო. თუმცა რედაქტირების დასრულებმადე „ლ“-მ სრული მხარდაჭერა მოიპოვა და მას ხმა მისცა ჩვენი გუნდის შვიდმა წევრმა არცერთის წინააღმდეგ.

 

 

 

- მართალია, ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც „ლ“-მ დღის სინათლე იხილა, მაგრამ ალბათ პირველი მკითხველების უკუკავშირსაც გაეცანით. როგორია მათი შეფასება?

 

- ჩემთვის მკითხველის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მომწეროს. ზოგადი შეფასება საკმაოდ დადებითია, თუმცა ერთ საინტერესო დასკვნამდე მივედი. ჩემი მშობლების თაობაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა წიგნის რომანტიკულმა მონაკვეთებმა, ხოლო ახალგაზრდებში იმ ნაწილმა უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია, რომელიც საკუთარი უფლებების დაცვას, კარიერულ განვითარებასა და წინსვლას უკავშირდება.

 

 

- როგორც ვიცი, მკითხველებში დიდი მოწონება დაიმსახურა ყდის დიზაინმაც... მოგვიყევი, როგორ შეიქმნა?

 

- დიახ, აღნიშნავენ, რომ მრავლისმეტყველი და დამაფიქრებელია. იქიდან გამომდინარე, რომ სათაურის სხვა ვერსიებს განვხილავდი, ყდის პირვანდელი დიზაინი აბსოლუტურად სხვაგვარი იყო.

 

გრაფიკული დიზაინერი ჩემი ბავშვობის მეგობარია. მე სულ ვწერდი, ის კი სულ ხატავდა. ერთხელ ბავშვურად მეხუმრა,  შენ  დაწერ, მე კი დავხატავ და წიგნიც გამოვაო. ამდენი წლის შემდეგ ჩვენი ბავშვური ოცნება რეალობად იქცა.

 

 

 

- წიგნის საჯაროდ წარდგენა თუ იყო?

 

- ჯერ არა. ახლო მომავალში ვაპირებ და ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გავავრცელებ.

 

 

 

- სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვი? წერას აგრძელებ?

 

- „შემოქმედებითი ჯგუფის“ წევრები მთხოვენ, რომ ახალ ტექსტზე მუშაობა დროულად დავიწყო. ამბობენ, რომ ყოველდღიურ დისკუსიებსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას შეეჩვივნენ და ეს დრო ენატრებათ. სხვათა შორის, ამ სფეროში რედაქტორებსა  და გრაფიკულ დიზაინერსაც დებიუტი აქვთ.  

 

ყველაზე დიდ სიამოვნებას წერა მანიჭებს. ასე მგონია, რომ ეს სიხლში მაქვს. ჩემი ფიქრების ფურცელზე გადატანას ცხადია, განვაგრძობ. რაც წიგნის წერა დავიწყე, ასე მგონია, რომ ჩემი თავი ვიპოვე. ვგრძნობ, რომ ეს სწორედ ისაა, რაც ჩემშია.

 

 

 

11-06-2021, 23:30    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი