ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც 2021 წელს სახელმწიფო ობიექტები ყველაზე ძვირად შეიძინეს

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2021 წლის პირველ აუქციონებზე სულ 109 ქონება გაიყიდა.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტების საწყისი ფასი 43,798 მლნ ლარი იყო, აუქციონის შედეგად კი ქონებები 60,575 მლნ ლარად გაიყიდა. ყველაზე ძვირად - 5 251 000 ლარად მცხეთაში, მუხათწყაროს მიმდებარედ, ყველაზე იაფად - 3 900 ლარად კი ადიგენში, სოფელ ჩორჩნაში არსებული ქონება გაიყიდა.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, იმ კომპანიებსა და 10 სახელმწიფო ქონებაზე, რომელიც ყველაზე ძვირად გაიყიდა:

 

მცხეთა, მუხათწყარო, მიმდებარე ტერიტორია - 5 251 000 ლარად შპს „ლიდერმშენი 2020-მა“ შეიძინა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქართლოს დიასამიძეა. რეესტრის მონაცემებით ის კიდევ რამდენიმე კომპანიის მოწილეა. მათ შორის, შპს „ლიდერბეთის“ 40%-იანი წილი ეკუთვნის. ამასთან, არის სათამაშო ბიზნეს ასოციაციის დირექტორი.

 

 

თბილისი, გაგარინის 24 ნომერში არსებული ქონება - 3 545 000 ლარად გაიყიდა. მისი მყიდველი არის 2021 წლის 1-ელ აპრილს რეგისტრირებული - შპს „ჩიგოგიძე ვაინ ბარ“, რომლის მფლობელიც ნათია ელბაქიძეა.

 

 

თბილისი, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია - 3 385 000 ლარად - ზაური ქორთოშიძეს აქვს ნაყიდი. მისი სახელი რეესტრის მონაცემებში, კიდევ რამდენიმე კომპანიაში ფიგურირებს. მათ შორის, წილებს ფლობს ავიაკომპანიებში - შპს ავიაკომპანია ჯეო სქაისა“ და შპს „ავიაკომპანია თუშეთში“.

 

 

ქუთაისში გუგუნავა ქუჩა N1 არსებული ქონება - 3 047 000 ლარად შპს „დეილის“ საკუთრება გახდა. კომპანიის მფლობელები არიან: ზურაბ ზაქარიაძე, დავით კუხალაშვილი, მარინა პეტრიაშვილი და რუსუდან მაისურაძე.

 

 

ყვარელში არსებული ქონება - 3 005 000 ლარად - სს აქტივების მართვის კომპანიამ შეიძინა. რომელიც რეესტრში სააქციო საზოგადოებად არის რეგისტრირებული და მფლობელები არ არის მითითებული.

 

 

თბილისი, დაბა კოჯორი, ზაქარია ბაქრაძის ქუჩაზე არსებული ქონება - 2 504 000 ლარად გაიყიდა. ქონების მფლობელი შპს „იბეროტელი“ გახდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი შპს „პარკ ქეფითალ მენეჯმენტია“, რომლის მფლობელიც თავის მხრივ, ზურაბ ციხისთავია.

 

 

თბილისი, ავჭალის გზატკეცილზე არსებული ქონება - 2 480 000 ლარად იყიდა შპს „გოფრატარამ“. მისი მფლობელი გივი მამუკაშვილია, რომელიც რეესტრის მონაცემებით, სხვა კომპანიებშიც ფლობს წილს.

 

 

თბილისი, გიორგი ათონელის ქუჩაზე არსებული ქონება - 2 290 000 ლარად გაიყიდა და შედეგად, მისი მფლობელი შპს „გლობალფარმი“ გახდა. კომპანიის მფლობელი პარლამენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანტონ ობოლაშვილია.

 

 

სოფელ კიკეთში, 300 არაგველის ქუჩაზე არსებული ქონება - 2 204 000 ლარად - შპს „კიკეთი დეველოპმენტი 1-მა“ იყიდა. მისი მფლობელი უტა მაზიაშვილია. ის პარალელურად, რამდენიმე სხვა კომპანიის მეწილეც არის. მათ შორის, შპს „შირაქის კარაქი და ყველის ქარხნის“, შპს „ჯიდი ენერჯის“, შპს „მაღარო კაპიტალის“ და ა.შ.

 

 

თბილისი, ჭირნახულის ქუჩაზე არსებული ქონება კი - 1 825 000 ლარად გაიყიდა და შპს „ჯი ეს სის“ საკუთრებაში გადავიდა. კომპანია სულიკო და მამუკა სიმაევების საკუთრებაშია.

27-04-2021, 22:41    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი