"თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს COVID-19 გადატანილი აქვს"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში, თბილისში კორონავირუსის გამოუვლენელი შემთხვევების რაოდენობის შესახებ წერს.

 

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19.

 

„ჩვენ შევისწავლეთ COVID-19-ის გამოუვლენელი შემთხვევების პრევალენტობა (გავრცელება) თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში, სისხლში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრის გზით, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს, თუ მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი COVID-19 ისე, რომ თვითონ ამის შესახებ არ იცის და აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი.

 

ეს მონაცემები შევადარეთ COVID გადატანილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) პაციენტების რაოდენობას.

 

კვლევა ჩატარდა ა.წ. მარტში. კვლევაში მონაწილეობდა 903 პირი თბილისის ყველა რაიონიდან, რომელთაც არ ჰქონდათ გადატანილი დადასტურებული COVID-19. მიღებული შედეგები გადაანგარიშებულ იქნა თბილისის მთელ მოსახლეობაზე. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა შემდეგი:

 

თბილისის ზრდასრული მოსახლეობა შეადგენს 859 ათას პირს. მათგან ოფიციალური მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19 ა.წ. 10 მარტისთვის გადატანილი ჰქონდა 100 641 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 11,7%-ს.

 

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები გამოვლენილ იქნა 204 520 პირში (გამოუვლენლად გადატანილი COVID-19), რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 23,8%-ს. შესაბამისად გამოუვლენელი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) შემთხვევების რაოდენობას.

 

ჯამში ა.წ. 10 მარტისთვის COVID-19 გადატანილი ჰქონდა (ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა) 305 161 პირს, რაც შეადგენს თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35,5%-ს. ანუ, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა COVID-19 გადატანილს შესაძლოა არ ჰქონდეს COVID-19-ის საწინააღდმეგო ანტისხეულები).

 

ანალოგიური კვლევა თბილისის მასშტაბით ჩვენ ადრეც ორჯერ გვაქვს ჩატარებული - 2020 წლის მაისში და 2020 წლის ნოემბერში. მაშინ კვლევის შედეგები ასეთი იყო: 2020 წლის მაისში გამოუვლენელი COVID-19 გადატანილი პირების რაოდენობა შეადგენდა თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 1%-ს, ხოლო 2020 წლის ნოემბერში - 9.1%-ს“,- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

20-04-2021, 23:15    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი