კანონი მეწარმეთა შესახებ - მუხლი 5. მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები

  მუხლი 5. მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები

 

1. საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს:

 

ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება;

 

ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა;

 

გ) საწარმოს იურიდიული მისამართი;

 

დ) საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ;

 

ე) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – მონაცემები პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს წილადი რიცხვებით/პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 1 მთელს;

 

ე​1 ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი;

 

ვ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული;

 

ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები;

 

თ) საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა;

 

ი) პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი;

 

კ) თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს – ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე;

 

ლ) სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია, – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ;

 

მ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი, რომლებზე მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება.

 

1​1 . თუ საწარმოს პარტნიორის, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), წილის მმართველის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი განსხვავდება მისი რეგისტრაციის ადგილის მისამართისაგან, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მითითება სავალდებულოა.

 

1​2 . საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) დანიშვნისთვის/რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს ამ პირის (პირების) ნება.

 

1​3 . თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით განსაზღვრული არ არის საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა, იგი ითვლება შეუზღუდავად. თუ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ მოხდება უფლებამოსილების ახალი ვადის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ცვლილების რეგისტრაცია, რეგისტრირებული პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა ითვლება უვადოდ გაგრძელებულად.

 

2. პარტნიორებს უფლება აქვთ, რეესტრში მიუთითონ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი და მისი უფლებამოსილების ფარგლები, მათ შორის, იზღუდება თუ არა ამ კანონის 5​1 მუხლით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილ პირთა უფლებამოსილება, განახორციელონ სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება. სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.

 

3. სარეგისტრაციო განაცხადის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ უფლებამოსილი პირები მას ხელს მარეგისტრირებელ ორგანოში აწერენ ან იგი დადგენილი წესით დამოწმებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ხელმოწერის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.

 

4. თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ შესაბამისად საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსათვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში მისი იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული ან ლეგალიზებული უნდა იყოს სათანადო წესით.

 

5. საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი.

 

6. საწარმოს რეგისტრაციის მიზნებისათვის კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება.

30-03-2021, 21:12    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი