„ტესლასთვის“ ავტომობილებზე მეტი მოგება ბიტკოინს მოაქვს

 

„ტესლას“ მიერ ბიტკოინის ფლობას შესაძლოა კომპანიისთვის უფრო მეტი მოგება მოაქვს, ვიდრე ავტომობილების გაყიდვას. ციფრული ვალუტის გაძვირებით მიღებული მოგება დაახლოებით, 860 პროცენტით სჭარბობს იმ მოგებას, რასაც ამერიკული კომპანია ელექტრომობილების გაყიდვით ღებულობს.

 

„ტესლას“ მიერ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინების ყიდვის შესახებ განცხადების გამოქვეყნების პერიოდში, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი 29-37 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დასახელებული ფასიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, „ტესლამ“ 40 000 ბიტკოინი შეისყიდა.

 

ბიტკოინის ამჟამინდელი ფასის შესაბამისად, „ტესლას“ ხელთ არსებული ციფრული ვალუტის ჯამური ფასი 2.2 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება. ანუ, კომპანიამ დაახლოებით 700 მილიონი დოლარი მოიგო. ოღონდ, ეს მოგება ჯერაც გაუნაღდებელია, რადგან „ტესლა“ ბიტკოინებს არ ყიდის.

 

ასეა თუ ისე, მის ხელთ არსებულ ბიტკოინებს ყოველდღიურად 19 მილიონი დოლარის მოგება მოაქვს. ეს გათვლა, განცხადების გამოქვეყნებიდან 37-დღიან პერიოდს ეხება.

 

შედარებისთვის, „ტესლამ“ შარშან დაახლოებით 500 000 ელექტრომობილი გაყიდა, რამაც 31.54 მილიარდი დოლარის შემოსავალი მისცა, მოგება კი 721 მილიონი დოლარი იყო. ამგვარად, ბიტკოინების ფლობით 37 დღეში მიღებული მოგება, მთელი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების გაყიდვით მიღებულ მოგებას თითქმის უტოლდება. ოღონდ, ბიტკოინის მოგება ჯერ გაუნაღდებელია.

 

ამერიკული კომპანიის მიერ, ავტომობილების გაყიდვით (საშუალოდ 1 368 ცალი დღეში) მიღებული დღიური მოგება დაახლოებით 1.98 მილიონი დოლარია. და იმისათვის, რომ ბიტკოინით მიღებულ მოგებას გაუტოლდეს, „ტესლამ“ დღეში დაახლოებით 860 პროცენტით მეტი ავტომობილი უნდა გაყიდოს. ეს იმ პირობებში, თუ ყველა სხვა ფაქტორი შენარჩუნდება.

 

ანალიტიკოსთა ვარაუდით, ბიტკოინის ფასმა წელს შესაძლოა, ექვსნიშნა რიცხვს მიაღწიოს. ამ შემთხვევაში, „ტესლას“ ციფრული ვალუტით მიღებული მოგება კიდევ უფრო გაეზრდება.

22-03-2021, 22:10    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი