რა წავიკითხოთ 2020-ში? – საქართველოს მარკეტერები და კრეატორები გვირჩევენ

მარკეტინგის კონსულტანტების რჩევები: თუკი გემრიელ საკითხავს ეძებთ მარკეტინგის, რეკლამის, ბიზნესისა და თვითგანვითარების გარშემო, გირჩევთ, ბევრი იკითხოთ. რეკომენდებული ლიტერატურიდან ზოგი ახალი გამოცემულია, ზოგიც – ძველი, მაგრამ კვლავაც აქტუალური და შეუცვლელი. 

 

Unconscious Branding by Douglas Van Praet – წიგნის ავტორი ერთდროულად არის Volkswagen Darth Vader-ის (ერთ-ერთი ყველაზე ვირუსული რეკლამა) შემქნელი; ნეირომეცნიერი და მარკეტინგის კარგი გამგონე ადამიანი. პასუხი აქვს გაცემული ყბადაღებულ კითხვებზე: რაციონალურ-ლოგიკურად იგეგმება ძლევამოსილი კამპანიები თუ გუმანით.

 

Why We Sleep by Matthew Walker – ერთხელ ტომ იორკმა ახსენა ინტერვუში და მეც ეგრევე შევუდექი კითხვას. სრულიად შემიცვალა წარმოდგენა ძილზე და თანამედროვე ცხოვრების სტილზე. ამის ავტორიც ნეირომეცნიერია. ექსპერიმენტებით აქვს აღწერილი როგორ შეიძლება კრეატიულობისა და ინტუიციის გაუმჯობესება – გემრიელი ძილით, რაღა თქმა უნდა.

 

Inner Engineering by Sadhguru (Jaggi Vasudev) – ამაზე სასარგებლო არც მინახავს არაფერი. საკუთარი თავის გაცნობიერებისა და პიროვნული ზრდის საუკეთესო გზამკვლევია. ზოგადად, სადგურუს ვიდეოებსა და ონლაინ პროგრამასაც დიდ რეკომენდაციას ვუწევ.

 

 

Nice Girls Don’t Get the Corner Office – Lois P. Frankel. ეს არის წიგნი, რომელმაც ძალიან ბევრი ნეგატიური გამოხმაურება დაიმსახურა ქალების მხრიდან, თუმცა ერთ-ერთი მოთხოვნადი წიგნია ქალბატონებისათვის, რომლებიც პროფესიულ სამყაროში ადგილის დასამკვიდრებლად იღწვიან. ავტორი ცივი წყლის ეფექტით ესაუბრება ქალებს იმ ჩვეულებებზე და თვისებებზე, რაც ქალს ხელს უშლის პროფესიულ კარიერაში წარმატებას მიაღწიოს. ავტორი დეტალურად ხსნის. თუ რატომ არ უნდა იყოს ქალი ყოველთვის „სასიამოვნო“ და „კეთილი“ ბიზნესში. როგორი ტონი, გამომეტყველება, ჩაცმის სტილი უნდა გააჩნდეს, რომ მან აღიარება მოიპოვოს, თუმცა არსად ადარებს მამაკაცებს. სწორედ ეს უკანასკნელი, თითქოს შაბლონური თვისებების ჩამონათვალი გახდა ქალების განრისხების მიზეზი, თუმცა ავტორის შეხედულებები და დამოკიდებულებების თავისებური ახსნა, კიდევ უფრო მიმზიდველს დამაფიქრებელს ხდის მთელ ამ პათოსს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც ამ წიგნს წაიკითხავს ამოიცნობს თავის თავს და მიხვდება თუ რომელი თვისებებით მიაღწია მან წარმატებას ან განიცადა კრახი ცხოვრების ეტაპზე.

 

48 Days to the Work You Love – Dan Miller. საშუალოდ, ცხოვრების დაახლოებით პირველი 20 წელი მივდივართ იქამდე, რომ კარგი სამსახური ვიპოვოთ, ხოლო მეორე 40 წელი ათას რჩევას ვიღებთ, ვკითხულობთ, ტრენინგებს ვესწრებით თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ საქმეს, შევინარჩუნოთ ბალანსი, პოზიტიურად ვიფიქროთ და ზოგადად, შევეგუოთ ამ არჩეულ გზას. ეს წიგნი იძლევა ისეთ რჩევებს და თვისებებზე მუშაობის ტექნიკებს, რომელიც 48 დღის განმავლობაში საოცნებო საქმის დასაწყებად ან სამსახურის მოსაპოვებლად გამოგადგებათ. შედეგად, აღარ მოგიწევთ იძულებით აკეთოთ საქმე, არამედ სიამოვნება მიიღოთ თქვენივე გადაწყვეტილებებით.

 

Start Something That Matters – Blake Mycoskie. რამდენჯერ გითქვამთ ნაცნობზე: „კი მაგრამ, ამას ბიზნესის არაფერი გაეგებოდა და რანაირად იშოვა ფული“? ან თუნდაც: „მე ვინ გამაკეთებინებს ამას, ცხოვრებაში არ მქონია შეხება?“ თუ ეს ფრაზები ნაცნობია თქვენთვის, მაშინ აუცილებლად გადაშალეთ ეს წიგნი და გადაეშვით ბიზნეს სტარტაპის უკიდეგანო სამყაროში, რომლის კითხვის დროსაც, არამხოლოდ გენიალური იდეები დაგებადებათ, არამედ საკუთარ შესაძლებლობებსაც უფრო უკეთ გაიცნობთ, თუ საითკენ მიმართოთ თქვენი ნიჭი.

 

ამ სამ წიგნს ერთად, შეუძლია ღირებული და საჭირო ცოდნა მისცეს, როგორც დამწყებებს, ისე გამოცდილ მარკეტერებს, რომ ახალი ბიზნესი ან პროდუქტი ჩაუშვან.

 

Guerrilla Marketing by Jay Conrad Levinson (პირველად, 1983 წელს გამოიცა). რა არის პარტიზანული მარკეტინგი? პარტიზანული მარკეტინგი მარკეტინგული სტრატეგია ან ტაქტიკაა, რომელიც გამოიყენება მოულოდნელი და/ან არატრადიციული ინტერაქციისთვის, ხმაურის გამოსაწვევად, ვირუსულად გასავრცელებლად და საერთო ჯამში, გაყიდვების გასაზრდელად. ეს წიგნი გვანახებს ამ საკითხს და სტრატეგიისთვის საჭირო იდეებსაც გვთავაზობს. გირჩევთ, ბოლო გამოცემა წაიკითხოთ, სადაც უახლესი მაგალითებია წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს წიგნი ამოსავალი წერტილია. როგორც კი მკითხველი პარტიზანული მარკეტინგის არსს გაიგებს, მან უნდა ეძებოს შთაგონება სხვა ადგილებში და სექტორის, ინდუსტრიის თუ ბაზრის გასავითარებლად საკუთარი იდეები წარმოაჩინოს.

 

The Hidden Persuaders by Vance Packard – (პირველად, 1957 წელს გამოიცა). მას-მარკეტინგი მასობრივი პროდუქტის დაბადების მომენტიდან წარმოიშვა. ეს იყო პირველი წიგნი, რომელშიც განიხილეს, როგორ ზემოქმედებს მასობრივი მარკეტინგი საზოგადოებაზე, პროდუქტის გაყიდვის მიზნით. მკითხველი აქედან ბაზრის კვლევის დასაწყებად საჭირო საკითხებს შეიმეცნებს და ისწავლის იმ ხერხებს, რაც კარგად მოქმედებს იმ მყიდველებზე, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ მყიდველები არიან.

 

Marketing Myopia by Theodore Levitt – (პირველად 1975 წელს გამოიცა). ჩემი აზრით, ეს ყველა დროის საუკეთესო წიგნია მარკეტინგზე. #1 საკითხავი ყველა მარკეტერისთვის. თუკი ეს არ გაქვთ წაკითხული და გააზრებული მისი საბაზო პრინციპები, საკუთარ თავს მარკეტერს ვერ უწოდებთ.

რას საქმიანობს თქვენი კომპანია? ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რასაც ანტრეპრენერები, კომპანიები და ბრენდები უნდა უსვამდნენ საკუთარ თავს. პასუხის არცოდნა მიგვითითებს იმ ფაქტორზე, რატომაც იხურებიან კომპანიები.

ამ წიგნში, ავტორს მოყავს იმ კომპანიების მაგალითები, რომლებიც მოძველდნენ იმის გამო, რომ ვერ გაიგეს, რა ბიზნესით იყვნენ დაკავებულები და რა სურდათ მათ მომხმარებლებს.

ავტორი განმარტავს ოთხ გავრცელებულ მითს, რითაც კომპანიები საკუთარ თავს საფრთხეს უქმნიან. სანაცვლოდ კი, გვთავაზობს მეთოდებს, რითაც ბიზნეს ლიდერებს საკუთარი მომხმარებლების საჭიროებებს უკეთ დაანახებს.

 

Robert I. Sutton – Good Boss, Bad Boss. რობერტ სატონის დიდი გულშემატკივარი მისი პირველივე წიგნის “უარი არამზადების წესებს” („The No Asshole Rule“) შემდეგ გავხდი. ესაა შესანიშნავი წიგნი ყველასთვის, ვისაც ორგანიზაციაში მმართველობითი როლი აქვს. ეს არამხოლოდ დიდებული საკითხავია, არამედ ჭარბად იტევს პრაქტიკულ რჩევებს, ჩეკ-ლისტებს, პატარა დავალებებსა და სხვა რაღაცებს, რაც ყოველდღიურ რუტინაში მოქცეულ ბოსებს უკეთეს ხელმძღვანელად ქცევაში დაეხმარება.

 

Howard Luck Gossage, Jeff Goodby – The Book Of Gossage. გოსაჟი ისეთი ავტორია, ჩვენს ინდუსტრიაში ყველას რომ უნდა ჰქონდეს წაკითხული. ასევე, არის მიზეზი, რის გამოც ჯეფ გუდბის ხალხი ხედვის მქონე ლიდერად მიიჩნევს. ეს არის ფუნდამენტური წიგნი რეკლამაზე, ძალიან კარგი გასართობიცაა და ასევე, მოიცავს გოსაჟის წიგნს “არის იმედი რეკლამისთვის” („Is There Any Hope For Advertising?“).

 

Joseph Murphy – The Power Of Your Subconscious Mind. ამ წიგნის კითხვა ახლახან დავიწყე, თუმცა, უკვე საკმაოდ დამეხმარა. ეს წიგნი არ არის რეკლამაზე, არამედ ჩვენს ცნობიერსა და არაცნობიერზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავაპროგრამოთ ისინი ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაზე, როგორ მივიდეთ უფრო ბედნიერ და სავსე ცხოვრებამდე და როგორ გვქონდეს ჯანსაღი გონება, სხეული და სული.

 

გულწრფელად ვურჩევდი ყველას ეს არის 1 ავტორის მიერ დაწერილი 3 წიგნი, რომელიც მგონია რომ ძალიან აფართოვებს თვალსაწიერს, მათ შორის პროფესიულსაც. უშუალოდ მარკეტინგზე და რეკლამაზე არ არის, მაგრამ მგონია რომ რაზეც არის იმის ცოდნა უკიდურესად მნიშვნელოვანია რეკლამის და მარკეტინგის ყველა სპეციალისთვის, ისევე როგორც ყველა სხვისთვისაც. ავტორი: Yuval Noah Harari (იუვალ ნოა ჰარარი). წიგნები: Sapiens (საპიენსი), Homo Deus (ჰომო დეუსი), 21 Lessons For 21 Century (21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის),

 

მგონი ცოტა ისეთი წიგნები ავარჩიე, ზედაპირზე რო დევს, მაგრამ რა ვქნა ყველაზე მეტად მიყვარს და პირველიც ესენი გამახსენდა. თან ისეთია, შეიძლება სარეკლამო ინდუსტრიის თანამშრომლებს უფრო გამოადგეს, მაგრამ ყველასთვის საკმაოდ სასარგებლო იქნება.

 

A Whack On the Side of the Head – Roger von Oech. 2020 წელს წასაკითხად მგონი მოძველდა, მაგრამ გამეორებაც ყოველთვის ისეთივე სახალისოა ხოლმე, როგორც პირველად წაკითხვა. ესაა წიგნი კრეატიული ფიქრის პროცესზე, ბარეირებზე და ამ ბარიერების გადალახვის მეთოდებზე. თან ამ ყველაფერს ავტორი ისე გიყვება, მთელი პროცესი თამაშს უფრო გავს ვიდრე წიგნის კითხვას. როცა ამ თამაშებს მორჩები, ხვდები, რომ ე.წ. “კრეატივშიკობა” ყველას შეუძლია და თან, ყველას სჭირდება. და თუ ოდესმე ამ მისტიკური საქმიანობის მოტივაცია გაგიქრებათ, ნებისმიერ გვერდზე გადაშალეთ, თვალი გადაავლეთ და ყველაფერი რიგზე იქნება.

 

One Plus One Equals Three: A Masterclass in Creative Thinking – Dave Trott. ცოტა ბანალურად დამაინტრიგებელი სათაური აქვს, მაგრამ, როგორც თვითონ დეივ ტროტმა ახსნა ერთ-ერთ ინტერვიუში, ადამიანის ტვინი ეგრეა მოწყობილი, ერთ რაღაცას აიღებს, მეორეს დაამატებს და მესამეს მიიღებსო. ხოდა, ზუსტად ამ პროცესზე დაწერა წიგნიც. პატარ-პატარა, ჩვეული იუმორით გაჯერებული მოთხრობებით მარტივად ხსნის ნებისმიერ პროცესში “კრეატიულობის” მნიშვნელობას და რაც მთავარია, ამ თვისების გამომუშავების მეთოდებს.

 

The Accidental Creative: How to Be Brilliant at a Moment’s Notice – Todd Henry. ხანდახან “კრეატიულობა” უცებ ფუჭდება და რაღაც ისე ვერ გამოდის, როგორც მიჩვეულები ვართ. ტოდ ჰენრის თქმით, მარტო ამ დროს ვიწყებთ ფიქრს იმაზე, საერთოდ რანაირად მუშაობს ეს უნარი თუ თვისება თუ რაცაა. ბევრი კვლევა-ძიების შემდეგ დაწერა კიდეც წიგნი ამ ამბავზე. უფრო ზუსტად კი იმაზე, როგორ ვიპოვნოთ საკუთარი კრეატიულობის პატერნები და ამის წყალობით გავზარდოთ ჩვენი ეფექტურობა.

 

“ხელოვნური ინტელექტი, სთორითელინგი, სოციალური მედია კვლავ აქტუალური საკითხებია მარკეტერებისათვის; ასევე წარმატებული CEO-ების გამოცდილების გაზიარებაც. შესაბამისად გიზიარებთ რამდენიმე წიგნს წასაკითხად:

 

The End of Marketing: Humanizing Your Brand in the Age of Social Media and AI – Carlos Gil. ეს წიგნი სასარგებლოა ბრენდის სპეციალისტებისთვის, სააგენტოებისთვის და ასევე მარკეტერებისთვის რომ გაიგონ ის მიზეზები რატომ ამოიწურა ტრადიციული მარკეტინგის რესურსი და როგორ უნდა იმოქმედონ სოციალური მედიის ხანაში. რა მნიშნელობა აქვს კონტენტ მარკეტინგს და ასევე ბრენდსა და მომხმარებელს შორის ადამიანურ ურთიერთობას.

 

გოდინის მოყვარულებს თუ ჯერ არ წაგიკითხავთ მისი წიგნი – „This is Marketing: You Can’t Be Seen Until You Learn To See“ (Seth Godin), წინ საინტერესო საკითხავი გელოდებათ. მისი სტილი ამ წიგნშიც უცვლელია და საინეტრესოა როგორც სტარტაპერებისთვის, მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის ასევე დიდ კორპორაციებისთვის. მთავრი რასაც გოდინი ამ წიგნში გვიხსნის არის როგორ მოვიპოვოთ ნდობა და ნებართვა ჩვენს სამიზნე ჯგუფებში; რატომ აღარ მუშაობს ძველი რეკლამის და ბრენდინგის ძველი მიდგომები და რატომ არის მნიშნელოვანი სწორად პოზიციონირება.

 

The Ride of a Lifetime: Lessons Learned from 15 Years as CEO of the Walt Disney Company (Robert Iger) – ბობ აიგერის გაკვეთილების წაკითხვით გავიგებთ რა არის მნიშვნელოვანი პრინციპები ნადმვილი ლიდერობისათვის, მათ შორის ისეთ ფაქტორებზე როგორიც არის ოპტიმიზმი, გამბედაობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი და სამართლიანობა. ბობი გვეუბნება რომ თუ გვინდა ვიყოთ მეტად თავდაჯერებულები, როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში, მაშინ ეს წიგნი ჩვენთვისაა.

 

და ბონუსად გიზიარებთ აუდიო წიგნს, AI Superpowers: China, Silicon Valley, and the New World Order – თუ უკვე დაგვიანებული არ არის, ახლა მაინც სჯობს დავიწყოთ ფიქრი ხელოვნური ინტელექტის ხანაზე და შესაბამის შედეგებზე.

 

HBR’s 10 Must Reads 2020: The Definitive Management Ideas of the Year from Harvard Business Review: HBR-ის საუკეთეოს სტატიების რჩეულები როგორც წესი ტრადიციული საკითხავია, თუმცა უახლესი გამოცემა – მეტსახელად „2020“, მართლა შესანიშნავი კრებულია რამდენიმე მიზეზის გამო. აქ საუბარია სტრატეგიაში კრეატივის ზრდის გარდაუვალობაზე. ამ კრებულის კიდევ ერთი უპირატესობაა ინდუსტრიებისა და დიქოტომიების ფართო დიაპაზონი. ასე მაგალითად: სტერეოტიპები ქალისა და კაცის შესახებ მართვაში; რატომ გვჭირდება მუდმივი აფდეითი „დროის მართვის“ თეორიებზე; ტრანსპარანტულობის, როგორც კონკურენტული უპირატესობის მნიშვნელობა და ა.შ. კრებულის გამაერთიანებელი კონცეფცია კი – „გადაწყვეტილების მიღება“ გახლავთ. აქ იპოვნით იდეებს, რომელიც ეფექტიანი და დროული გადაწყვეტილების მიღებაში გამოგადგებათ.

 

Paris Through a Fashion Eye, by Megan Hess. ესაა, ასე ვთქვათ, „ლაითი წიგნი“, სადაც დიდი დატვირთვა ილუსტრაციებზე მოდის. მაგრამ არა იმიტომ, რომ ათვალიერო. ყველა ფოტოს თუ ესკიზს ახლავს ანოტაცია და, რაც მთავარია, განმარტება – „რატომ“. ამით ვაცნობიერებთ მერჩენდაიზინგის წონას კომუნიკაციის პროცესში და, აქედან გამომდინარე, მარკეტინგში. ამას ემატება ისიც, რომ ხშირად მოდის ინდუსტრიის გიგანტი ბრენდები სწორედ ქუჩასთან კომუნიკაციას მიიჩნევენ მთავარ მამოძრავებელ ძალად. უფრო მეტიც, ქუჩები და ქალაქები ერგება ამ ბრენდების ფილოსოფიებს, რაც უშუალო კავშირიშია ქალაქებისა და ტურისტული ზონების ბრენდირების დისციპლინასთან. ხშირად ადამიანები რომელიმე დიდი ქალაქის fashion ქუჩას „ლამაზსა“ და „სვეცკის“ უწოდებენ და ამის იქით არ იხედებიან. არადა, ამ სილამაზის უკან ბევრი მათემატიკა, ბევრი სტატისტიკა, ბევრი მეცნიერი და ტიტანური შრომა იმალება. Paris Through a Fashion Eye მკითხველს დააფიქრებს სწორედ იმაზე თუ რამდენად ზის Dior-ისა თუ Chanel-ის სახლების ფასადი პარიზის კონკრეტული ქუჩის კონტექსტში და პირიქით. ეს კონკრეტული წიგნი სერიის ნაწილია. უკვე არსებობს მსგავსი სტრუქტურის გამოცემა ნიუ-იორკზეც და ავტორი სხვა ქალაქების მიხედვითაც გეგმავს High Street და Retail Street კონცეფციებში ჩაღრმავებას.

 

Customer Service Training 101. ამ სახელმძღვანელოს გაცნობა სასარგებლო კი არა, სავალდებულოა ყველასთვის, ვისაც მომსახურებასთან თუნდაც ირიბი შეხება აქვს. საქმე ისაა, რომ ყველა ბრენდი მუდმივად ცდილობს მომხმარებელთან ურთიერთობის დახვეწას. მაგრამ ჩნდება კითხვა – როცა მომხმარებელი შეისწავლის (დაამუღამებს) შენ ტაქტიკას, იტყვის თუ არა ის, რომ შენ „არ იცი“ ანდა „მოძველებული“ ხარ? ეს ძალიან მძიმე კითხვაა. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი საკითხია, მაგრამ ფაქტია, ბევრს არასდროს დაგვისვამს ეს შეკითხვა. Customer Service Training 101-ის გამოყენებისთვის ერთგვარი რჩევაც მექნება Marketer-ის მკითხველისთვის – ა) კარგად გაეცანით ტრეინინგ პროგრამის ყველა ინსტრუმენტს, ბ) თოთოეული კომპონენტი სიმულაციურად დატესტეთ (პირისპირ, ტელეფონით, ონლაინ და ა.შ), გ) მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ თანამშრომლების ტრეინინგი, დ) მიეცით თანამშრომლებს იმის საშუალება, რომ თავადაც იგრძნონ ინსტრუმენტების ძალა. ვფიქრობ ეს წიგნი არის მომხმარებელთან ინტერაქციის ყველაზე პრაქტიკული საშუალება ამ მომენტისთვის.

 

The Way Of The Superior Man – სათაურის მიუხედავად, წიგნი თანაბრად საინტერესოა ყველასთვის, როგორც კაცი, ასევე ქალი მკითხველისთვის. მათთვის ვისაც ყავს მეუღლე/შეყვარებული ან იმედოვნებს რომ ეყოლება. წიგნში კარგად არის ახსნილი მამაკაცის ბუნება, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, ეს ყოველივე განხილულია ასევე საზოგადოების ჭრილში, თუ რა გავლენა აქვს საზოგადოებაში გავრცელებულ შეხედულებებს (კლიშეებს) მამაკაცებზე. წიგნი დაეხმარება მამაკაცებს უკეთ შეიცნონ თავისი ბუნება, ხოლო წყვილებს გადააფასონ და სხვა მხრიდან შეხედონ ურთიერთობების ასპექტებს.

 

Inner Engineering – “A Yogi’s Guide To Joy” by Sadhguru – თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული ინდოელი გურუსა და იოგის – სადგურუს წიგნი, რომელიც დაყოფილია ორ ნაწილად, პირველ თავებში სადგურუ გვიყვება მისი ცხოვრების შესახებ, ავტობიოგრაფიის სტილში გადმოგვცემს რა გადახდა და რამ მიიყვანა იგი იქამდე, რომ სხვა კუთხით შეეხედა ჩვენი სამყაროსთვის და გამოეტანა დასკვნები. მეორე ნაწილი უკეთ შეგვასწავლის ჩვენს თავს, სამყაროს და ჩვენს თავს სამყაროში. განხილულია ადამიანის სხეული, გონება და ენერგია. წიგნის მთავარი მესიჯი მდგომარეობს ბედნიერების ძებნაში, რომ ის უნდა ვეძებოთ ჩვენს შიგნით და არა გარეგან სამყაროში.

 

You Are A Badass – წარმატებული მწერალი, სპიკერი და პერსონალური ქოუჩი ქალბატონის, ჯენ სინსეროს წიგნი იმაზე თუ როგორ ვმართოთ ჩვენი თავი, აზრები, ენერგია, ვპოვოთ ცხოვრებაში ჰარმონია, ბედნიერება, მოვახერხოთ ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, თავიდან მოვიცილოთ ის არასწორი შეხედულებები რაც გვაფერხებს წარმატების გზაზე, შევცვალოთ რაც არ მოგვწონს ჩვენს თავში და შევიყვაროთ რასაც ვერ ვცვლით. რაც მთავარია წიგნი გაჯერებულია ავტორის ცხოვრებისეული ისტორიებით და გადმოცემულია იუმორით. წიგნი იკითხება ხალისით და მკითხველი ნამდვილად ბევრ მომენტში დაიჭერს საკუთარ თავს.

 

Subtle Art Of Not Giving A Fuck – მილენიალი ბლოგერის, მარკ მენსონის გენიალური წიგნი, რომელიც თვალს აუხელს და დააფიქრებს მილენიალებს (და ჩემი აზრით განსაკუთრებით ჩვენი, ქართული საზოგადოების ახალგაზრდობას) იმის შესახებ თუ რატომ ვთვლით ინდივიდუალურად ყველანი რომ ვართ „განსაკუთრებული“, ხოლო ბოლოს კი აღმოჩნდება რომ სინამდვილეში მუდამ უკმაყოფილო, მოუთმენლები და წარუმატებლები ვართ. რატომ გვგონია რომ თუ რაღაც მივიღეთ ე.ი. „გვეკუთვნოდა“ და თუ ვერ მივიღეთ – „სხვისი ბრალი“ იყო. ავტორი ამბობს რომ ბედნიერება არ არის პრობლემების არ ქონა ან მათგან გაქცევა, არამედ ბედნიერება პირიქით პრობლემების გადაჭრას მოაქვს. წიგნი Amazon-ის self-help კატეგორიაში ამაყად იკავებს #13 ადგილს.

 

Power of now – Eckhart Tolle. ამ წიგნის ავტორი მსოფლიოში ცნობილი „სულიერი მასწავლებელი“ (Spiritual teacher) Eckhart Tolle-ა. მთელი წიგნი ერთი „პატარა“ მოგზაურობაა საკუთარ თავში ჰარმონიის წერტილის საპოვნელად. ყველაფერი კი იმის გაანალიზებით და, რაც მთავარია, შეგრძნებით იწყება, რომ ერთადერთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია – მოცემული მომენტია. წიგნი სავსეა პრაქტიკული სავარჯიშოებით და მაგალითებით, როგორ შეიძლება დამკვირვებლის პოზიციაში ვიყოთ საკუთარ თავთან მიმართებაში, გავაცნობიეროთ ჩვენი ემოციები და ქმედებები, მათი მიზეზები და შედეგები, ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ ვიცნობდეთ და მივიღოთ საკუთარი თავი.

 

აქვე ერთი რჩევაც, წიგნის ღირებულება გაათმაგდება, თუ მის აუდიო ვერსიას მოისმენთ ავტორის ნარატივით.

 

Mindset: The new psychology of success – Carol S. Dweck. ჩვენს ყოველდღიურ ლექსიკაში უკვე ძალიან აქტიურად ვიყენებთ სიტყვა “მაინდსეტს”. რა არის მაინდსეტი და როგორ შეუძლია ჩვენი შესაძლებლობებისა და უნარების ჩვენეულ აღქმას წარმატება განაპირობოს? სტენდფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, Carol Dweck ჭიქას, რომელიც ნახევრად ცარიელია, აუცილებლად ნახევრად სავსედ დაგანახებთ. წიგნში ძალიან ბევრ რეალურ ქეისს ნახავთ, მათ შორის, თქვენი ბავშვობიდანაც კი, რომელიც ამტკიცებს ავტორის თეორიას იმის შესახებ, რომ ნებისმიერი უნარი განვითარებადია, მთავარია, რისკენ მივმართავთ ჩვენს მაინდსეტს – ზრდისკენ თუ მოცემულობასთან შეგუებისკენ.

 

ამ წიგნის შეფასებების ძიების დროს ასეთ კომენტარს წავაწყდი: “A good book is one whose advice you believe. A great book is one whose advice you follow. This is a book that can change your life, as its ideas have changed mine.”

 

Values-driven organization – Richard Barrett. პირველი ორი წიგნი თუ საკუთარი თავის შეცნობისთვის მოგამარაგებთ საინტერესო თულებით, ეს წიგნი უფრო ფართო მასშტაბზე გაგაშლევინებთ ფიქრებს – რა არის ორგანიზაციის ცნობიერება, ცნობიერების დონის მიხედვით რა საჭიროებები დგას ორგანიზაციის თანამშრომლებში და რა პატერნი ახასიათებთ high performing ორგანიზაციებს. წიგნის ავტორი Barrett Values Center-ის დამფუძნებელია, კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაციების ტრანსფორმაციებზე მუშაობს.

 

წიგნში მოცემული ტექნიკები და მიდგომები განსაკუთრებით საინტერესო ხდება, როცა საკუთარი ორგანიზაციის ამ ჭრილში შეფასებას დაიწყებთ. დარწმუნებული ვარ ბევრ მიმდინარე გამოწვევას და, ვინ იცის, გადაჭრის გზებსაც კი ამოიკითხავთ ამ წიგნის ფურცლებიდან.

 

Creative Blindness (And How To Cure It) – Dave Trott. ეს წიგნი იმ იშვიათ ნამუშევრებში გადის, რომელიც კრეატიულობას ცხოვრების ყოველ საფეხურზე აღმოგაჩენინებს. დეივ ტროტი ამ წიგნში აგრძელებს თავის წერის სტილსა და ტრადიციას. ის მკითხველს ამოგზაურებს ბრიტანული ფეხბურთიდან ამერიკის ისტორიამდე. ყურადღებას ამახვილებს ისეთ მოვლენებზე, რომლებიც მგონია, რომ კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის შთაგონების წყარო უნდა გახდეს.

 

The News: A User’s Manual – Alain de Botton. უმეტესობისთვის ავტორის სახელი თუ არ არის ცნობილი, არაუშავს. ეს ადამიანი თავისი სხვა წამოწყებითაც პოპულარულია… ‘School of Life’ YouTube-ზე ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი არხია. მისი წიგნი კი ახალი ამბების და მაყურებლების, მსნელების, მომხმარებლების შესახებ გვიყვება. როგორია ცხოვრობდე ინფორმაციის ისეთ ოკეანეში, სადაც ახალი ინფორმაცია განსაზღვრავს როგორი დღე გექნება, როგორ იმუშავებ, როგორ იცხოვრებ… ეს წიგნი კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის ერთერთი საინტერესო საკითხავი იქნება, რადგან ავტორი კონკრეტული მაგალითებით თანამედროვე საინფორმაციო სივრცეს საჭირო დიაგნოზს უსვამს.

 

The Information: A History, a Theory, a Flood – James Gleick. საუკეთესო წიგნია იმისთვის, რომ ინფორმაცია როგორც კომპლექსური სისტემა გავიგოთ. წიგნი აგებულია ქეისებზე, რომლებიც მოიცავს, როგორც თეორიულ ნაწილებს, ასევე მის პრაქტიკაში გამოყენებებსაც. შეიძლება იფიქროთ, რომ სახელმძღვანო საიდან მოხვდა ამ სიაში, თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით, ვნახავთ რომ არც ერთ ქართულ უნივერსიტეტში პროგრამაშიც კი არ არის შეტანილი. შესაბამისად, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ნაშრომი ჰყვება ინფორმაციის განვითარების იმ ეტაპებზე, რომლებსაც აქამდე მოგვიყვანა. ეს ფაქტობრივად ისტორიული ექსკურსია, რომელიც არა მხოლოდ თეორეტიკოსებისთვის არის განკუთვნილი, არამედ 2020-ში მოღვაწე პრაქტიკოსებისთვისაც.

20-01-2020, 00:51    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი