ნინო სურგულაძემ სამტრედიაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს "სიკეთის ბარათები" პირადად გადასცა

"სიკეთის ბარათებთან" დაკავშირებით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" დამფუძნებლის ნინო სურგულაძის ინიციატივას უკვე რეგიონებიდან გამოეხმაურნენ.

 

ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის სერგი რუხაძის მიწვევით, 1 იანვარს ნინო სურგულაძე სამტრედიაში ჩავიდა, მეცოსოპრანომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი და დამდეგი შობა მიულოცა და "სიკეთის ბარათები" გადასცა. "ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები სამტრედიაში და გავიცანი არაჩვეულებრივი ოჯახები, რომლებიც სიდუხჭირის მიუხედავად, ინარჩუნებენ სიკეთეს, სითბოს, სიყვარულს, ვიყავი სათნოების სახლში და მადლობა ამ ყველაფრისთვის ბატონ სერგი რუხაძეს, რომელმაც მომიწვია", - განაცხადა სურგულაძემ. თავის მხრივ, ბიზნესმენმა და საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა სერგი რუხაძემ ქართველ მეცოსოპრანოს მადლობა გადაუხადა. "მადლობა ნინო სურგულაძეს, რომელმაც მიიღო ჩვენი მოწვევა და ჩამობრძანდა სამტრედიაში. ჩვენ ვიყავით რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახში, ასევე სათნოების სახლში, სადაც 22 მოხუცი ცხოვრობს, ქალბატონი ნინო ყველა მათგანს მოეფერა და სიყვარული და სითბო აჩუქა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს და კარგი იქნება, თუ მას სხვებიც დაუდგებიან მხარში და მსგავსი აქციები სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში გაიმართება", - განაცხადა რუხაძემ. 

 

 

 

"სიკეთის ბარათების" აქციას უკვე შეურთდნენ ფონდ "ნატვრის ხის" მეგობარი კომპანიები: "სოკარი" და "თიბისი ბანკი", რომლებიც საკუთარი ინიციატივით 100-100 ოჯახს დაეხმარნენ. ინიციატივას ასევე გამოეხმაურა მრავალშვილიანი ოჯახის მამა გოგა კალანდაძე, რომელმაც ფონდ "ნატვრის ხეს" "სიკეთის ბარათებისთვის" 3000 ლარი გადასცა. სურგულაძე იმედოვნებს, რომ "სიკეთის ბარათების" აქციაში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაერთვება. "სიკეთის ბარათები" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური აგენტების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით 287 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცმა, სადაც 400-ზე მეტი შშმ ბავშვია. 100-ლარიან ბარათებს აღნიშნული ოჯახები ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით საჭიროებისამებრ გამოიყენებენ.

 

 

 

აქცია დაიწყება 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე და 1 აპრილამდე გასტანს.

2-01-2019, 18:43    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი