რა ღირს მიწის ნაკვეთები თბილისში და რატომ შემცირდა მოთხოვნა

თბილისში მიწის ნაკვეთებზე ფასები არ გაზრდილა, თუმცა მოთხოვნა შემცირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, ბოლო პერიოდში უცხოელებისთვის ბინადრობის მინიჭების უფლება გართულდა, რაც შესაძლოა, მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს.

 

 

არადა, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში კერძო სახლების მშენებლობა სულ უფრო პოპულარული გახდა. დედაქალაქის დაუსახლებელი ტერიტორიები სწრაფად გაშენდა. 

 

 

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს მიწის ნაკვეთები თბილისში და როგორია მოთხოვნა. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში გვითხრეს, კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება და ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად ახლოა იგი ცენტრალურ გზასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რამდენად განვითარებულია მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა და რამდენად უზრუნველყოფილია კომუნიკაციები - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და ა.შ.

 

 

პორტალი ss.ge-ის რედაქტორი ლელა არაბული „ბიზნესპრესნიუსთან“ დედაქალაქში კვადრატული მიწის ნაკვეთის ფასზე საუბრობს.

 

„დიდ დიღომში მიწის საშუალო ფასი 55 დოლარია. ფასები 10 დოლარიდან იწყება და 100 დოლარამდეც ადის. უშუალოდ დიდი დიღმის დასაწყისში შესაძლოა, ერთი კვადრატული 300 დოლარიც კი ღირდეს, დასახლებისგან ცოტა მოშორებით 10 დოლარიც ღირს. 

 

 

რაც შეეხება ნუცუბიძის პლატოს, საშუალო ფასი 129 დოლარია. ფასი 60 დოლარიდან 150 დოლარამდე მერყეობს. ვაკეში საშუალო ფასი კი 400 დოლარია“, - განაცხადა არაბულმა. 

 

 

ლელა არაბულის თქმით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც დამტკიცებულია სახლის პროექტი, ქალაქის რომელ მხარესაც არ უნდა იყოს, უფრო ძვირად იყიდება. მისი თქმით, ვაკეში ერთი კვადრატული მეტრი ასეთი მიწის ნაკვეთი 2000 დოლარიც კი ღირს. 

 

 

„ვარკეთილში ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ფასი 10 დოლარიდან იწყება და დამტკიცებული პროექტით 400 დოლარამდე ღირს. საშუალო ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 60-70 დოლარი გამოდის. ივერთ უბანში მიწის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 70 დოლარია. 

მიწის ფასი ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე და ავლაბარშია. მთაწმინდაზე კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დამტკიცებული პროექტით 6 ათასი დოლარიც კი ღირს, ხოლო ავლაბარში 4 ათას დოლარამდეც ადის.“ - განაცხადა არაბულმა. 

 

 

როგორც უძრავი ქონების სააგენტოს myclient.ge დირექტორი გვანცა გუჯელაშვილი „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიწის ნაკვეთზე მოთხოვნა შემცირებულია. 

 

 

„ჩვენი სააგენტოს მონაცემებიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში უძრავ ქონებაზე, მითუმეტეს მიწაზე ფასების ცვლილება არ შეინიშნება. სამაგიეროდ, შემცირებულია მოთხოვნა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის მინიჭების უფლება, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გართულდა. საბოლოო ჯამში, ამან მოთხოვნაზე გარკვეული ნეგატიური როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, მიწის ყიდვაზე მოთხოვნა უფრო მეტად უცხოელების მხრიდან იყო. საქართველოს მოქალაქეები ერთეულები არიან, ვისაც მიწის შეძენა და სახლის აშენება სურს“, - განაცხადა გუჯელაშვილმა.

 

 

მისი თქმით, მიწაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ძველი თბილისის ტერიტორიაზეა - აბანოთუბანში და ავლაბარში მიწებს ძირითად სასტუმროების ასაშენებლად ყიდულობენ, ხოლო დიდ დიღომში კერძო სახლებისთვის. 

12-10-2018, 23:19    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი