სექტემბერში საწვავი 5-8 თეთრით გაძვირდა

სექტემბერში საწვავის ფასმა ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ერთ ლიტრზე საშუალოდ 5-8 თეთრით მოიმატა. ამის მიზეზად კი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საერთაშორისო ფასების მატებასა და აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ლარის დოლართან მიმართებაში მკვეთრ ვარდნას ასახელებენ.

 

 

„სექტემბერში ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, აგვისტოს დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4484 ერთეულს, სექტემბრის დასაწყისში - 2,5789 ერთეულს და თვის ბოლოს მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,6151 ერთეულს.

 

 

შესაბამისად, საერთაშორისო ფასების მატებიდან გამომდინარე და ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის მკვეთრი ვარდნის გამო დოლართან მიმართებაში, მოხდა საქართველოს საწვავის საცალო ქსელში საწვავის ფასის მატება. კერძოდ, სექტემბერში მოხდა საწვავის ფასის მატება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 5-8 თეთრით ლიტრაზე. დღეისთვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,34-2,52 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,47-2,60 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,57-2,68 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,50-2,64 ლარი/ლიტრაზე,“-აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 

ამასთან, როგორც კავშირში აცხადებენ, ნავთობის ფასი 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. კერძოდ, სექტემბრის განმავლობაში ის ბარელზე საშუალოდ 6,77%-ით გაიზარდა და დღეისთვის ბარელი ნავთობის ფასი 82,67 დოლარს შეადგენს.

 

 

„სექტემბერში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ძირითადად იზრდებოდა. კერძოდ, თვის განმავლობაში ის საშუალოდ 5,24 დოლარით/ბარელზე ანუ 6,77%-ით გაიზარდა და დღეისათვის ბარელზე 82,67 დოლარს შეადგენს. ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან ნავთობის ფასი საშუალოდ 8,42 დოლარით/ბარელზე ანუ 11.3 %-ითარის გაზრდილი. ცნობისთვის, წლის დასაწყისში ბარელი ნავთობი შეადგენდა საშუალოდ 67 დოლარს. უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ამჟამინდელი ფასი 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას.

 

 

მიმდინარე ეტაპზე ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: როგორც ცნობილია, ნოემბრიდან ძალაში შედის სანქციები ირანის წინააღმდეგ. შესაბამისად, არის მოლოდინი იმისა, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე ინდური და ჩინური კომპანიები მასიურად აცხადებენ უარს ირანული ნავთობის შესყიდვაზე. აშშ ავლენს პრინციპულ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც თავად არის. მისი მიზანია, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი ნულამდე დავიდეს. ასევე უნდა აღინიშნოს, „ოპეკის +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპზე გეგმის მიხედვით ხორციელდება. თუმცა, შესაძლებელია, ნავთობის ფასზე პოზიტიური გავლენა (შემცირებისკენ) მოახდინოს იმან, რომ შესაძლოა საუდის არაბეთმა უახლოეს პერიოდში დაიწყოს ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის გაზრდა ყოველდღიურად 0.5 მლნ ბარელით. თუმცა, ეს დამოკიდებულია ქუვეითთან მოლაპარაკებებზე ამ ორი ქვეყნის ნეიტრალურ ზონაში ნავთობის მოპოვების განახლებასთან დაკავშირებით,“-აღნიშნულია განცხადებაში.

5-10-2018, 20:51    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი