რატომ ყიდულობს სებ-ი დოლარს ლარის გაუფასურების დროს

ლარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის 5 პუნქტით გაუფასურდა. ამ დროს კი ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 15 მლნ დოლარი ამოიღო, რითაც ლარს გამყარების საშუალება არ მისცა. სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესების და ლარის გაუფასურების მიზეზად ქვეყნის მთავარი ბანკირი თურქეთსა და რუსეთში ეროვნული ვალუტების კურსის ვარდნას ასახელებს. 

 

 

2018 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების შედეგად ბაზრიდან 102 500 000 დოლარი ამოიღო. ამ დროს კი ლარი დოლარის მიმართ თითქმის 20 პუნქტით გაუფასურდა. როგორც ცნობილია, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული 

ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.

 

 

თუმცა ბოლო პერიოდში სებ-მა ბაზრიდან დოლარი მაშინ ამოიღო, როცა ლარი მცირედით მყარდებოდა, შედეგად კი, ეროვნული ვალუტის კურსი ისევ დაეცა. ფინანსისტების ერთი ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ეროვნულ ბანკს ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებას კანონი არ ავალდებულებს, შესაბამისად, თუ მას კონკრეტული ოპერაციების განხორციელება აქვს დაგეგმილი, ლარის გაუფასურების მიუხედავად, მაინც ასრულებს. მათი თქმით, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიზანი, ბაზრიდან უცხოური ვალუტის ამოღება, საზღვარგარეთ გატანა, ფასიან ქაღალდებში დაბანდება და იქიდან შემოსავლის მიღებაა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამით ეროვნული ბანკი თავს იზღვევს. კერძოდ, იმ შემთხვეავში თუ კომერციულ ბანკებს დოლარის დეფიციტი შეექმნა, რეზერვებს წინასწარ ივსებს.

 

 

ფინანსისტი ლია ელიავა: „თუ დააკვირდებით ეროვნული ბანკის საქმიანობას, ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ ყოველთვის გამწარებით ითვლის, რამდენი უცხოური ვალუტა შემოდის საქართველოში. როგორც ექსპორტიდან, ისე ფულადი გადარიცხვებიდან. გაჩნდება კითხვა, რაში აინტერესებს ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის შემოდინება? ბუნებრივია სურს, რომ ამოიღოს ეს ვალუტა და გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის, ანუ გაიტანოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ლარის მასა მიბმულია უცხოური ვალუტის მოცულობაზე, რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნია. ფაქტობრივად, ბრუნვაში იმაზე მეტი ლარი არ გაიშვება, რამდენი უცხოური ვალუტაც აქვს ეროვნულ ბანკს. შესაბამისად, სებ-ის ინტერესი, რომ ამოიღოს ვალუტა, არის ძალიან დიდი“. 

 

 

რაც შეეხება ბოლო 2 შემთხვევაში ლარის გაუფასურების და უცხოური ვალუტის ამოღების დამთხვევას, როგორც ლია ელიავა აცხადებს, ეროვნულ ბანკს კანონის წინაშე ლარის გაცლითი კურსის დასტაბილურების ვალდებულება არ აქვს, შესაბამისად, როდესაც დაგეგმილი აქვს უცხოური ვალუტის საზღვარგარეთ დაბანდება, ლარის გაცლით კურსს არ ითვალისწინებს. 

 

 

„ეროვნულ ბანკს კანონით ევალება, რომ სტაბილურობა ფასებით უზრუნველყოს. შესაბამისად, როდესაც მას დაგეგმილი აქვს ჭარბი ვალუტის მასის ამოღება, არანაირად არ ითვალისწინებს არც ლარის გაცვლით კურსის ვარდნას და არც გამყარებას. მას თავისი გეგმები გააჩნია. ეს გეგმები კი არის ის, რომ გაიტანოს უცხოური ვალუტა საზღვარგარეთ, დააბანდოს გაუკვეველი წარმოების ფასიან ქაღალდებში და იქიდან მიიღოს შემოსავალი. ეს არის ამის მთელი ფილოსოფია. აქ სიღრმისეული და მეცნიერული გათვლები ნამდვილად არ არის საჭირო. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მცდელობა, რომ ამოიღოს უცხოური ვალუტა, ეს არის მათი ბუნებრივი რეაქცია ჭარბი უცხოური ვალუტის შემოდინებაზე ქვეყანაში“,-აცხადებს ლია ელიავა.

 

 

ეკონომისტი აკაკი ცომაიას შეფასებით კი, აღნიშნული ქმედებით ეროვნული ბანკი სავარაუდოდ, თავს იზღვევს და იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკებს დოლარის დეფიციტი შეექმნა, რეზერვებს წინასწარ ივსებს.

 

 

„მართალია, რომ დოლარის ყიდვა დაემთხვა ლარის გაუფასურებას. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რაც ბატონმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, თუმცა არა იმ კონტექსტში, როგორც თქვა. ლარი იმიტომ კი არ უფასურდება, რომ თურქეთში და რუსეთში ეროვნული ვალუტები უფასურდება, არამედ ადამიანების მოლოდინია, რომ ამ მიზეზით ლარიც უნდა გაუფასურდეს. ასევე უარყოფით მოლოდინებს ქმნის ეროვნული ბანკის ქმედება, როდესაც ამ სიტუაციაში ბაზარს 58 მილიონ დოლარს ართმევს.

 

 

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ აკეთებს ამას, საუბარი რთულია. ფაქტია, ეროვნული ბანკი ისტერიულად ივსებს რეზერვებს, სავარაუდოდ, თავისთვის იზღვევს თავს. ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკებს რაიმე დაემართებათ და უცხოური ვალუტის დეფიციტი შეექმნებათ, რეზერვები შევსებული ჰქონდეს“,-აცხადებს აკაკი ცომაია.

 

26-09-2018, 15:32    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი