"ქალაქს არა აქვს არც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთლიანი სტრატეგია და არც ამ განვითარების ცალკეული მიმართულებების მიხედვით რაიმე გეგმები" - დათო ზარდიაშვილი

დათო ზარდიაშვილი  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

"მთავარი პრობლემა, რაც თბილისის გენგეგმის მიღება-არმიღების თაობაზე ვნებათაღელვას უკავშირდება, სისტემური ხასიათისაა: პრობლემა სწორედ ის არის, რომ არ არსებობს არც საკანონმდებლო (ნორმატიული) და არც ინსტიტუციური ჩარჩო საქალაქო პოლიტიკის დაგეგმარებისათვის. არც საქართველოს კანონმდებლობით და მით უმეტეს, არც თბილისის ნორმატიული აქტებით არ არის ნათელი თუ მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის რომელი დოკუმენტები არსებობს, რა მიმართებაა მათ შორის, როგორია მათი იერარქია, რა წესით ხდება მათი მიღება, განხორციელება თუ კორექტირება, რომელი ორგანოები თუ სამსახურები რაზე და როგორ არიან პასუხისმგებელნი დაგეგმვის პროცესში და ა.შ. სწორედ ამიტომ, ვის მიერადაც არ უნდა დამუშავებულიყო გენგეგმის პროექტი, ეს დოკუმენტი საქალაქო პოლიტიკის დადგენის თვალსაზრისით ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ფრაგმენტული ხასიათისა იქნებოდა და ამიტომაც არის კიდეც!

 

 

 

სანამ ქალაქს არა აქვს მაგ. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია (როგორც საქალაქო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი ნორმატიული დოკუმენტი), მისგან გამომდინარე ცალკეული მიმართულებების დარგობრივი განვითარების გეგმები (მაგ. თუნდაც სატრანსორტო სისტემების განვითარების გეგმა და სხვ. და სხვ.)მხოლოდ სივრცითი მოწყობის დოკუმენტებით, ბუნებრივია, განვითარების ყოველმხრივი დაგეგმვა, რასაც ახლა სრულიად უსაფუძვლოდ სთხოვენ „სითი ინსტიტუტს“, ყოვლად წარმოუდგენელია! საერთოდაც, როგორ საერთო-ეროვნულ, ასევე, განსაკუთრებით, მუნიციპალურ დონეზე, ძალიან შორს ვართ რაციონალური დაგეგმვის მთავარი პრინციპისაგან, რომლის ფორმულირება უაღრესად მარტივია: პოლიტიკა-პროგრამა-ბიუჯეტი (პპბ). ანუ: ჯერ იგეგმება პოლიტიკა, შემდეგ -პოლიტიკისგან გამომდინარე მისი რეალიზაციის პროგრამები, ხოლო საბოლოოდ - პროგრამების მატერიალურ-ფინანსური ნაწილი ყოველწლიურ ბიუჯეტებში აისახება.

 

 

 

ჩვენი კანონმდებლობით (რასაც, ბუნებრივია, ოდენ „იმეორებს“ ქალაქის ნორმატიული აქტებიც) პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტთაგან მხოლოდ ორია ცნობილი, თანაც სავსებით გაუგებარია, რომელ დოკუმენტს რა შინაარსი და რა „მანდატი“ აქვს: „თვითმმართველობის კოდექსი“ ოდენ გაკვრით, თითქოსდა შემთხვევით, მოიხსენიებს „სოციალურ-ეკონომიკური და განვითარების სხვა პროგრამებს“, ისე, რომ სრულიად ბუნდოვანი რჩება მათი შინაარსიც და მიმართებაც იგივე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებთან (მიწათსარგებლობის გეგმასა და განაშენიანების რეგულირების გეგმებთან);

 

 

 

ამავდროულად, საბიუჯეტო კოდექსით მუნიციპალური პოლიტიკის დოკუმენტად უნდა მივიჩნიოთ „ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი“, რომლის შინაარსი კანონიდან გამომდინარე ცნობილია, მაგრამ ასევე გაურკვეველია მისი მიმართება მაგ. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასთან ანდაც იგივე სივრცითი მოწყობის დოკუმენტებთან. ბუნებრივია, მთავარი შეცდომა, რასაც ყველანი ერთად ვუშვებთ გენგეგმის პროექტის განხილვისას, დღეს ეს არის: გენგეგმისგან მოველით იმას, რაც არ შეიძლება ამ დოკუმენტის მისია იყოს: გენგეგმას მხოლოდ ის შეუძლია, რომ საქალაქო პოლიტიკა ტერიტორიული განვითარების კონცეპტუალური ხედვიდან გამომდინარე სივრცული სახით ასახოს, დაგვანახოს ქალაქის ტერიტორიის განვითარება იმისდა მიხედვით, თუ როგორია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა მთლიანობაში და მისი ცალკეული მიმართულებები (მაგ. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დაცვა, ბიზნესის და მისი ცალკეული დარგების განვითარება, სატრანსპორტო სფეროს განვითარება და სხვ. და სხვ.); რასაკვირველია, „სითი ინსტიტუტი“ შეუსრულებად მისიას ვერ შეასრულებდა.

 

 

 

გენგეგმის პროექტი, რაც მან წარმოადგინა, ქალაქის სივრცითი განვითარების გარკვეულ, მაგრამ ძალზე ზოგად კონცეფციას ეფუძნება; სხვას ვერც ვერავინ ვერაფერს მოიფიქრებდა არსებულ სიტუაციაში, რადგან, ქალაქს არა აქვს არც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთლიანი სტრატეგია და არც ამ განვითარების ცალკეული მიმართულებების მიხედვით რაიმე გეგმები. ხოლო ფორმალურად არსებული „პრიორიტეტების დოკუმენტი“ სინამდვილეში საშუალოვადიან პოლიტიკას (4 წლიან, როგორც ეს არის კანონში) კი არ ადგენს, არამედ საბიუჯეტო დაგეგმარებიდან ამოდის და კვლავაც ვაგრძელებთ ჩვეულ, ირაციონალურ ტრადიციას, როცა საბიუჯეტო დაგეგმარება წინ უსწრებს პოლიტიკის დადგენას. ეს ასეც იქნება, სანამ მარტივ ჭეშმარიტებას არ გავიაზრებთ ყველანი ერთად: რა საჭიროა ბიუჯეტი, თუკი პოლიტიკა ჯერ არა გვაქვს? ("რა საჭიროა გზა, თუ იგი ტაძართან არ მიდის?!") რა არის გამოსავალი? უწინარეს ყოვლისა, „თამაშის წესებზე“ უნდა შევთანხმდეთ: ე.ი. პოლიტიკის, პროგრამებისა და ბიუჯეტის ანუ პპბ დაგეგმარების ერთიანი საკანონმდებლო (ნორმატიული) და ინსტიტუციური ჩარჩო უნდა შევქმნათ.

 

 

 

მანამდე, თუკი ქალაქის ხელისუფლება „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილ ზოგად სივრცით კონცეფციას ეთანხმება, ეს გენგეგმის პროექტი უნდა მივიღოთ, ოღონდ აუცილებლად იმ დათქმით, რომ მოხდება გენგეგმის არსებითი კორექტირება იმის კვალობაზე, თუ როგორ განისაზღვრება მთლიანობაში ქალაქის განვითარების პოლიტიკა და მისი ცალკეული მიმართულებები." - წერს იგი.

28-03-2018, 14:28    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი