მძიმე ღამე ბათუმში

რთული ღამის შემდეგ ბათუმში ამჟამად სიმშვიდეა. აჭარის მთავარ სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

 

აქცია, რომელიც გუშინ დაიწყო, ღამით გამწვავდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს, ასევე დაამსხვრიეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება დასჭირდა. 

 

შსს-მ გამთენიისას სპეცოპერაცია ჩაატარა და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა. 

 

ბათუმში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა წუხელ განვითარებულ მოვლენებს "ვანდალიზმი" უწოდა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის აღნიშნულში მონაწილე 40-მდე პირია დაკავებული.

 

"წუხელ მთელმა საქართველომ იხილა ის ვანდალიზმი, რაც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია. პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

მომხდარის შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის განცხადებით, წუხელ ბათუმის საავადმყოფოებში სულ 33 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 15 პოლიციელია. 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცავებს ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ, რომელიც ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული.

 

აქციის მონაწილეები კი საავადმყოფოებში ძირითადად ცრემლსადენი გაზის მოწამვლის დიაგნოზით არიან შეყვანილები. 

 

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაშავებულების უმეტესობა საავადმყოფოდან, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ უკვე გაწერეს და სტაციონარში მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება, რომელსაც სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს.

 

"საგანგებოდ მინდა მივმართო ყველას, ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გვიან ღამით საგანგებო ბრიფინგზე.

 

მომხდარს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

"ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერ-მინისტრთან და შსს მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

 

11 მარტს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს საგზაო წესების დარღვევისთვის ჯერ ჯარიმა გამოუწერე, შემდეგ კი თანმხლებ პირთან ერთად დააკვეს. რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა. მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. დააკავეს კიდევ 4 ადამიანი.

 

fb

 

შსს-ს ინფორმაციით, მათი დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეუერთდნენ. "საპატრულო პოლიცია მოქალაქეებზე ძალადობს, ცდილობენ დააკავონ ადამიანები და დააჯარიმონ. დღეს ადამიანმა შვილი დაკრძალა და უკან რომ ბრუნდებოდა, მანქანა აფთიაქთან გააჩერა, რადგან მეუღლე გაუხდა ცუდად და მას 200- ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. ამის შემდეგ საპატრულო პოლიციის მხრიდან მოხდა პროვოცირება და ეს ადამიანი დააკავეს", - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა. ქუჩაში გასული მოსახლეობა დაკვებულების გათავისუფლებას ითხოვდა. მათმა ნაწილმა მოგვიანებით აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც უკვე აჭარის უმაღლეს საბჭოს "ქართული ოცნების" წევრები მივიდნენ. 

 

პროტესტანტებმა კი აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ქუჩა გადაკეტეს, რასაც პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი ცდილობდა პოლიციის სამმართველოს ეზოში შეიჭრილიყო, რასაც მოჰყვა, არეულობა...

12-03-2017, 20:53    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი