8 წლის ბიჭუნა, რომელსაც ამერიკულმა მედიამ „მომავალი ტრამპი“ უწოდა

„არასდროს ვუსმენ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი არ სჯერათ", - ამბობს მსოფლიოში ყველაზე პატარა მილიონერი რაიან როსი. მას, თავისი ნიჭის წყალობით, 8 წლის ასაკში უკვე ოთხი საკუთარი კომპანია, 6 სახლი, ჰოკეისა და კალათბურთის მოედნები და საბანკო ანგარიშზე 9 მლნ დოლარი ჰქონდა.

 

მსოფლიოს მედიასაშუალებები მას პატარა დონალდ ტრამპს ეძახიან და უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სამი წლის ასაკში რაიან როსმა მშობლებს წიწილების ყიდვა და სახლის უკან პატარა ფერმის მოწყობა სთხოვა.

 

თავიდან მას მხოლოდ 60 ქათამი ჰყავდა, რომლებიც ყოველდღიურად თითო კალათ კვერცხს აძლევდნენ. ბიჭუნა კვერცხებს 3 დოლარად  მეზობლებში და აგრარულ ბაზარზე ყიდდა და დღეში, დაახლოებით, 15 დოლარი რჩებოდა.

 

როგორც კი ქათმის ბიზნესით ცოტაოდენ ფულს მოუყარა თავი, ბიჭუნამ ახალი ბიზნესი - გაზონების კრეჭა დაიწყო. მომავალი მილიონერი თავის სამუშაოს საათში 20 დოლარად აფასებდა, თუმცა ერთი პრობლემა ჰქონდა - ასაკის გამო, გაზონის საკრეჭი მანქანის მართვა არ შეეძლო.

 

რაიანმა, რომელსაც ასაკის მიუხედავად, მშვენივრად ესმოდა, რას ნიშნავს უფლებების დელეგირება, უფროსი მეგობრები დაიქირავა, რომლებსაც საათში 15 დოლარს უხდიდა. საათში 5 დოლარი რაიანის ანგარიშზე ირიცხებოდა, ისე, რომ ბიჭუნა არაფერს აკეთებდა.

 

მომავალი მილიონერის მორიგი ბიზნესი გაზონების მორწყვა იყო, რომელსაც რაიანი 200 დოლარად აფასებდა. დაქირავებულ თანამშრომლებს ბიჭუნა თანხის ნახევარს - 100 დოლარს უხდიდა, 100 დოლარს კი ბიზნესის განვითარებას ახმარდა.

 

„მან ეს ყველაფერი დამოუკიდებლად მოიფიქრა. მე და ჩემი ქმარი გაოცებულები ვიყავით, ისე კარგად ესმოდა სამუშაოს ორგანიზების პროცესი", - უთხრა ჟურნალისტებს რაიანის დედამ სავანა როსმა.

 

როცა მომავალმა მილიონერმა საკმარისი ფული დააგროვა, უძრავი ქონების შეძენა დაიწყო. 8 წლის ასაკში ბავშვს უკვე ოთხი საკუთარი კომპანია, ბრიტანულ კოლუმბიასა და ოტარიოში 6 სახლი, ჰოკეისა და კალათბურთის მოედნები და საბანკო ანგარიშზე 9 მლნ დოლარი ჰქონდა.

 

რაიანი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს, რადგან საქმე, რომელსაც აკეთებს, უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის. ოცნებობს, რომ მალე ნამდვილი ჰოკეის გუნდს შეიძენს და ლიგაში თამაშს შეძლებს. მანამდე კი მთელ თავისუფალ დროს თვითგანვითარებას ახმარს და ამისთვის 4000 წიგნი შეიძინა.

 

 

რამდენიმე წლის წინათ ამერიკულ პრესაში რაიან როსთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც, ალბათ, ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს:

 

- რაიან, რთული იყო საკუთარი საქმის დაწყება? ამას ყველა მოზრდილი ვერ ახერხებს, შენ კი მხოლოდ სამი წლის იყავი...

 

- განსაკუთრებულად რთული არაფერი ყოფილა, თუმცა ბევრს არ სჯეროდა, რომ ბავშვს შეუძლია, ბიზნესი მართოს. მშობლები ძალიან მეხმარებოდნენ. ყველაზე ძნელი, ალბათ, ფინანსების მართვა იყო, მაგრამ ისიც მხოლოდ თავიდან. შემდეგ დედამ მასწავლა წესი „80-10-10". ამ წესის მიხედვით, მოგების 80%-ს ბიზნესის განვითარებას ვახმარ, 10%-ს ქველმოქმედებას და 10%-ს საკუთარ სიამოვნებას. 

 

- შენი წარმატების საიდუმლო რა არის?

 

- არასდროს ვუსმენ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი არ სჯერათ. იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ არაფერი გამოვა, ბიზნესის კეთება არასოდეს უცდია. კარგი მასწავლებელიც მნიშვნელოვანია. ჩემთვის ასეთი დედაა.

 

 

რაიან როსის პირად ბლოგზე, რომელსაც მეხუთე წელია, აწარმოებს, წერია:

 

„გამარჯობა. მე 8 წლის რაიან როსი ვარ. ეს ჩემი 5 წლის ძმა იტან როსია. ჩვენ გვინდა, მსოფლიო შევცვალოთ და ამისთვის კარგი იდეა გვაქვს. ახლა ქუჩაში ძალიან ცივა, ამიტომ გვინდა, უსახლკარო ადამიანებს თბილი პლედები დავურიგოთ. თუნდაც პლედი ძველი იყოს, ის ვიღაცას მაინც გაათბობს. თუ გსურთ, ჩემთან ერთად იზრუნოთ ადამიანების გათბობაზე, თქვენი შემოწირულობა სახლის კართან დააწყვეთ.  ხვალ საღამოს, 6-დან 8 საათამდე თქვენს სახლთან მოვალ და შემოწირულობას წავიღებ. მადლობა, რომ დამეხმარეთ!"

 

ქართული სიტყვა

2-03-2017, 16:12    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი