რომელ სამინისტროებს და უწყებებს შეუმცირდებათ ბიუჯეტი 2017 წელს

რამდენიმე სახელმწიფო უწყებას საბიუჯეტო დაფინანსება უმცირდება. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, რომლის განხილვაც პარლამენტში ამ ეტაპზე კომიტეტების ფორმატში მიმდინარეობს, რიგი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტუქტურებისათვის განსაზღვრული თანხები 2016 წელთან შედარებით ნაკლებია.

 

კონკრეტულად, ეროვნული უშიშროების საბჭოს დაფინანსება, რომელიც მიმდინარე წელს 2-მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, 2017 წლისათვის მილიონ 800 ათასი ლარი იქნება.

 

2016 წელს 5-მილიონ 200 ათასი ლარით დაფინანსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 2017 წელს 3-მილიონ 800 ათას ლარს მიიღებს. 20-მილიონიდან 17 მილიონამდე მცირდება მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება.

 

საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება რამდენიმე სამინისტროსაც ეხება.

 

10-მილიონით მცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება - გიორგი მღებრიშვილის უწყება, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 595-მილიონით ფინანსდებოდა, 2017 წელს 585-მილიონს მიიღებს. ამასთან, 10-მილიონი ემატება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც მომავალ წელს 110-მილიონს მიიღებს.

 

საბიუჯეტო დაფინასების კლება ერთი მილიონით დაზვერვის სამსახურსაც შეეხება - მისთვის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით 14-მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

მიმდინარე წლის ბიუჯეტით იუსტიცის სამინისტროს დაფინანსება 70 მილიონ 528 ათას ლარს შეადგენა. 2017 წლის პროექტით კი, მისთვის განსაზღვრულია 65-მილიონ 600 ათასი ლარი.

 

153-მილიონ 800 ათასი ლარიდან 146-მილიონამდე მცირდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაფინანსება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელს 110-მილიონი ლარით დაფინანსდა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით უწყება 105-მილიონ 600 ათას ლარს მიიღებს.

 

97-მილიონიდან 96-მილიონ 450 ათას ლარამდე მცირდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები; 135-მილიონიდან 121 - მილიონამდე ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, რომელიც მიმდინარე წელს 42-მილიონ 100 ათასით დაფინანსდა, მომავალი წლისათვის 37-მილიონ 950 ათას ლარს მიიღებს.

 

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ნული ლარია გამოყოფილი სახელმწიფო ენის დეპარტამენტისათვის, რომლის შექმნაც მთავრობას პარლამენტის მიერ მიღებული "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონით დაევალა.

 

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი პარამეტრები დიდწილად შეიცვლება და შემდგომი წარდგენისას პარლამენტში მისი კორექტირებული ვარიანტი შემოვა.

 

მომავალი წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 10-მილიარდ 555 მილიონ ლარს შეადგენს.

12-10-2016, 18:07    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი