თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წელში გაორმაგდა - რაში ხარჯავს უწყება 14 მილიონს

თბილისის საკრებულოს დაფინანსება ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა - თუ 2011 წელს საკრებულოს დაფინანსება 6,072,200 ლარი იყო, 2016 წლის გეგმა 14,052,000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ საუბარია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, თბილისის საკრებულოს დაფინანსება ყოველწლიურად მატულობს - უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საკრებულოს დაფინანსება გაორმაგდა: 2011 წელი - 6,072,200 ლარი; 2012 წელი - 6,131,800 ლარი; 2013 წელი - 10,029,700 ლარი; 2014 წელი - 13,351,400 ლარი; 2015 წელი - 13,633,300 ლარი; 2016 წლის გეგმა - 14,052,000 ლარი.

 

2016 წლის 19 ივლისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის საკრებულოს აპარატს მიმართა მოთხოვნით, მოეწოდებინა ინფორმაცია 2011-2015 წლებში გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯებისა და დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ.

 

მიღებული მონაცემების მიხედვით, საკრებულოს დაფინანსების ზრდა უმეტესწილად განპირობებულია თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2011 წელთან შედარებით, თბილისის საკრებულოს აპარატის საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა.

 

2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თბილისის საკრებულოში დასაქმებული იყო 171 საშტატო და 24 შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მდგომარეობით დასაქმებულია 248 საშტატო და 232 შტატგარეშე თანამშრომელი.

 

როგორც IDFI -ში აღნიშნავენ, საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლების მკვეთრი მატება განაპირობა 2013 წლიდან მაჟორიტარი წევრის ოფისების შექმნამ, ფრაქციების რაოდენობის ზრდამ და აპარატში შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმებამ.

 

"2013 წლიდან შრომის ანაზღაურების ფონდი დაახლოებით გაორმაგდა, რაც თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად განპირობებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშვნელოვანი ზრდით. პრემიების გაცემის თვალსაზრისით გამორჩეულია 2014 წელი, როდესაც საკრებულოს წევრებზე გაიცა 925,885 ლარი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე 3,287,540 ლარი. 2015 წელს საკრებულოს წევრებზე პრემიის ნაცვლად გაიცა 457,065 ლარის ოდენობის დანამატი, ხოლო საშტატო თანამშრომლებზე პრემია - 1, 376,211 ლარი და დანამატი - 969,858 ლარი.

 

2015 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ 3 მილიონს გადააჭარბა მაშინ, როდესაც 2011 წელს დაახლოებით 180 ათას ლარს შეადგენდა. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულია 194,864 ლარის ოდენობის პრემია.

 

2011-2015 წლებში სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს ფიქსირდება და დაახლოებით 3-ჯერ აღემატება 2011 წელს გაწეულ ხარჯებს.

 

იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს სატელეფონო საუბრებზე გაწეული ხარჯები, რომლის შემთხვევაში 2011 წლიდან კლების ტენდენცია შეინიშნება და 2015 წლისთვის დაახლოებით განახევრდა", - ნათქვამია კვლევაში.

16-09-2016, 14:35    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი