მობილური კომუნიკაციის ტარიფების სიდიდით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა

ბოლო დროს თვალშისაცემად გაძვირებული მობილურის კავშირგაბმულობის ტარიფები, შესაძლოა, შემცირდეს. მთავრობა და მარეგულირებელი კომისია ცდილობენ სხვადასხვა მექანიზმით ტარიფის კლება გამოიწვიონ, მაგრამ ბაზარზე საპირისპირო ვითარებაა. ბოლო პერიოდში 1 წუთის ღირებულება მუდმივად იზრდება.

 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ პირებს აქციზის გადასახადს უუქმებს. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს და ჯერჯერობით არანაირი წინაღობა არ შეხვედრია. დიდი ალბათობით, კანონპროექტი დამტკიცდება კიდეც.

 

კანონპროექტის მიხედვით, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის დაწესებული აქციზის არსებული 8%-იანი განაკვეთი 2017 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე განაკვეთი 3%-მდე შემცირდება.

 

"ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის" ხელმძღვანელი უჩა სეთური მიიჩნევს, რომ აქციზის გადასახადის გაუქმება კომპანიებს სატარიფო პოლიტიკის გადახედვის და მისი შემცირების შესაძლებლობას მისცემს.

 

"ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თავის დროზე, როდესაც მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევაზე აქციზის 10%-იანი განაკვეთი დაწესდა, კომპანიები ამას დადებითად არ შეხვედრიან, რადგანაც ეს პირდაპირი ხარჯი იყო მათთვის. აქედან გამომდინარე, უჩა სეთური აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება.

 

მობილურ ქსელში საუბრისას ტარიფის ძირითადი კომპონენტებია: ზარის წამოწყებისა და დასრულების, ურთიერთჩართვის, აქციზისა და დღგ-ს გადასახადები. აქციზის გაუქმებით კი მობილურ ოპერატორებს ხარჯები შეუმცირდებათ, შესაბამისად, შესაძლებელი გახდება ტარიფებს გადახედონ. თუმცა, მათ ამის ვალდებულება არ გააჩნიათ. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აღნიშნავენ, რომ ტარიფების შემცირება-არშემცირება მხოლოდ კომპანიების გადაწყვეტილებაა და ამაში კომისია ვერ ჩაერევა.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფიჭური კავშირგაბმულობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ტარიფების სიდიდით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო პერიოდში მობილური ოპერატორები მუდმივად ზრდიან მომსახურების საფასურს. "მაგთი" გაძვირების პროცესში პირველობას არავის უთმობს.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მოუწოდებს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომ დაინტერესდეს კომპანია "მაგთიკომის" მხრიდან ტარიფების ზრდის მიზეზით და თავად კომპანიამაც დააფიქსიროს მკაფიო, დასაბუთებული პოზიცია, თუ რითია განპირობებული არსებული ტარიფების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვრამდე ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ გაითვალისწინოს მომხმარებელთა ინტერესები და ეცადოს მოხდეს ბაზარზე არა ტარიფების ზრდა, არამედ მისი შემცირება.

 

აფბა-ს შეფასებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებს კომპანია "მაგთიკომის" მიმართ, ვინაიდან იგი უახლოეს პერიოდში ინტერნეტპროვაიდერ "კავკასუს ონლაინს" შეიძენს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე უდიდეს წილს 

 

მიიღებს და ბაზარზე ფაქტობრივად მონოპოლიურ მდგომარეობას მოიპოვებს. იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი სათანადო რეაგირებას არ მოახდენს "მაგთიკომის" მიერ ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, "კავკასუს ონლაინის" შეძენის შემდგომ, არაა გამორიცხული ტარიფები გაიზარდოს ინტერნეტ ბაზარზეც.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საჭიროა კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, კიდევ ერთხელ მოახდინოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევა და შეამციროს არსებული მაქსიმალური ზღვრული ტარიფი.

 

"გასათვალისწინებელია, რომ თუკი 6 წლის წინ კომპანიებს 1 წუთის ღირებულება 15-16 თეთრი უჯდებოდათ, დღეს ეს ყველაფერი გაცილებით ნაკლები ჯდება, რადგან ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება. მაშინ როდესაც, მსოფლიოში ტარიფები მცირდება, ჩვენთან იგი მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრამდე არ უნდა იზრდებოდეს", - აცხადებენ აფბა-ში.

 

 

 

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"

20-06-2016, 13:54    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი