პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი განახლებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აქვეყნებს.

 

მისი პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდება. იგი 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია საბიუჯეტო ოფისის მიერ 2016 წლის იანვარში გამოქვეყნებული პროგნოზის მაჩვენებელზე.

 

„აღნიშნული განსხვავება გამოიწვია საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ, რომელიც შეფასებულ იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2016 წლის აპრილში. ასევე სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის IV კვარტლის მშპ-ის მონაცემი უმნიშვნელოდ ნაკლები აღმოჩნდა საბიუჯეტო ოფისის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე, რამაც მცირე გავლენა მოახდინა მომავალი წლების ზრდის ტემპზე. 2017-2020 წწ. რეალური მშპ-ის საშუალო ზრდა 4.7%-ს შეადგენს, რაც ნაკლებია ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებით (BDD) წარმოდგენილ 5.5%-იან პროგნოზზე”, - ნათქვამია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიმოხილვაში.

 

მიმოხილვის თანახმად, 2016 წელს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი მოხმარებას ექნება. 3.2%-იან ეკონომიკურ ზრდაში მოხმარების წვლილი იქნება 1.5 პროცენტული პუნქტი.

 

”რაც შეეხება, მთლიანი შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, მოსალოდნელია, რომ იგი 2016 წელს 5.8%-ით გაიზრდება და 9 208 ლარს შეადგენს. 2020 წლისათვის კი, მშპ-ის დონე ერთ სულ მოსახლეზე 13 380 ლარს (6 690 აშშ დოლარი) შეადგენს. აღნიშნული ითვალისწინებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის აღწერის ახალი მონაცემების შესაბამისად, კორექტირებას 2003-2014 წლებისთვის”, - ნათქვამია მიმოხილვაში.

 

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წელს საშუალო (სფი) ინფლაცია 4%-ს შეადგენს, რაც ნაკლებია იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზზე (5.2%). აღნიშნული შემცირება ძირითადად უკავშირდება ინფლაციური მოლოდინების შემცირებას. 2017-2020 წწ. საშუალო ინფლაციის პროგნოზი 4.3%-ს შეადგენს.

 

2016 წელს მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების 8.6%-იანი ზრდა, თუმცა საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მოსალოდნელია რომ ბიუჯეტის დეფიციტი 1.1%-დან 1.6%-მდე გაიზარდოს. ამასთანავე, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, ფისკალური დეფიციტის მაჩვენებელი (რომელიც ეკონომიკური ანალიზისთვის აქტიურად გამოიყენება) 2016 წლისათვის 3.4% შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ფისკალური სექტორის პროგნოზების მომზადებისას, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან მიმართებით, საბიუჯეტო ოფისი სრულიად ეყრდნობა ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების (BDD) დოკუმენტით განსაზღვრულ მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდების გეგმას ხარჯვით პოლიტიკის მხრივ.

 

”ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ 2017 წლიდან ძალაში შედის მოგების გადასახადის რეფორმა, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად მცირდება საგადასახადო შემოსავლები და საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტის 

 

დეფიციტი მშპ-ის მიმართ 2.6%-მდე, ხოლო ფისკალური დეფიციტი მშპ-ის მიმართ 3.9%-მდე გაიზრდება. ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტით წარმოდგენილი აღნიშნული მაჩვენებლები 2017 წლისათვის შესაბამისად, 1.6% და 3.0%-ს შეადგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წლისათვის მოსალოდნელი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 11.8%-ს, ხოლო ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრული ანალოგიური მაჩვენებლის პროგნოზი მშპ-ის 11.0%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის საშუალო მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ის 10.0%-ს უტოლდება.

 

რაც შეეხება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წლისათვის წმინდა კერძო კაპიტალური და ფინანსური ნაკადების (ძირითადად მოიცავს უცხოური და სხვა ინვესტიციების წმინდა ნაკადებს) მოსალოდნელი მოცულობა 1 303 აშშ მლნ დოლარს შეადგენს და 2017-2020 წლებისათვის ზრდადი ტენდენციით ხასიათდება.

 

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წლისათვის ფულის მასის M3-ის %-ლი ზრდა 15.9%-ს შეადგენს და 15,472 მლნ ლარს, ხოლო ფულის მასის M2-ის %-ული ზრდა 10.0%-ს შეადენს და 6,338-ს უტოლდება.

 

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2016 წლისათვის მოსალოდნელია საერთაშორისო რეზერვების 4.5%-იანი ზრდა და შესაბამისად მისი მოცულობა 2 636 მლნ აშშ დოლარს (3.3 თვის იმპორტის ჯერადი), ხოლო 2017-2020 წლების საშუალო მოცულობა 3 351 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს (3.2 თვის იმპორტის ჯერადი). ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD), 2016 წლისათვის საერთაშორისო რეზერვები 3.0%-ით იზრდება და 2 596 მლნ ლარს შეადგენს (3.3 თვის იმპორტის ჯერადი).

 

 

 

bpn.ge

17-06-2016, 16:42    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი