სოფი ლორენი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ წარმოდგენას დაესწრო

მსოფლიო კინოვარსკვლავი სოფი ლორენი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ წარმოდგენას დაესწრო. 

 

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხემ“, თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასმა და ორკესტრმა მაყურებელს გუშინ მსოფლიო პრემიერა შესთავაზა.

 

სპექტაკლი „სიყვარულისთვის“ ორი ნაწილისაგან შედგება და ოპერისა და ბალეტის სინთეზს წარმოადგენს. სპექტაკლში ერთობლივადაა წარმოდგენილი ნინო როტას სუიტაზე (ფედერიკო ფელინის ფილმიდან La Strada) დადგმული ბალეტი და ფრანსის პულენკის მონო ოპერა „ადამიანის ხმა“.

 

პირველ ნაწილში მთავარი როლი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა შეასრულა, პულენკის მონო ოპერა კი, მსოფლიოში სახელგანთქმულმა მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ იმღერა. სპექტაკლს მაესტრო კარლო პონტიმ უდირიჟორა.

 

წარმოდგენის დასრულების შემდეგ, სოფი ლორენმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დადგმა არაჩვეულებრივი იყო. მისივე თქმით, ნინო სურგულაძეს ულამაზესი, საოცარი ხმა აქვს და უნდა რომ მას ეს ხმა ჰქონდეს, რაზეც მეცო-სოპრანომ უპასუხა, რომ სიამოვნებით მისცემდა მას ხმას. ამასთან, სოფი ლორენის თქმით, როდესაც მის შვილს პულტთან ხედავდა, გული ბევრჯერ აუჩუყდა, ახლა კი, ჟენევაში მეორე შვილის სანახავად მიემგზავრება.

 

ნინო სურგულაძის თქმით, კმაყოფილია, რადგან პრემიერა შედგა და თეატრს არაჩვეულებრივი დადგმა დარჩა. მისივე ინფორმაციით, საქველმოქმედო ღონისძიებაზე 40 000 ზარი შევიდა. ზარის ავტორებს მეცო-სოპრანომ ” 40 000 გულწრფელი მადლობა გადაუხადა”.

 

მედიასთან კომენტარი გააკეთა ნინო ანანიაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან აღნიშნული პროექტის მონაწილე იყო. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ბავშვები, რომლებსაც საქველმოქმედო ღონისძიებით დაეხმარნენ, უკეთ გახდებიან.

 

სპექტაკლი იტალიელმა ხელოვანებმა დადგეს: რეჟისორი მარკო გარდინი, ცნობილი იტალიელი რეჟისორის ფრანკო ძეფირელის პარტნიორია, დამდგმელი ქორეოგრაფი ჯანლუკა სკიავონი კი ლა სკალასა და მსოფლიო სხვა თეატრებში მოღვაწეობს, დამდგმელი მხატვარია ანდრეა ტოკიო, კოსტიუმების მხატვარი სიმონა რორეზი, მხატვარი გამნათებელი ვირჯინიო ლევრიო.

 

სპექტაკლიდან შესული თანხა მთლიანად მოხმარდება მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობას. საქველმოქმედო ფონდ ნატვრის ხის მუდმივი პარტნიორია კომპანია „სოკარი“.

 

 

 

 

 

 

ipn.ge

16-06-2016, 01:43    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი