Forbes–მა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალის ქონება "გაანულა"

ერთ დროს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალის ქონება ნულს გაუტოლდა. "სისხლიანი" სტარტაპის Theranos–ის დამაარსებელმა ელიზაბეთ ჰოლმსმა ვერ შეძლო Forbes–ის რეიტინგის ავტორთა დარწმუნება იმაში, რომ შეუძლია რევოლუციის მოხდენა მედიცინის სფეროში. რატომ კარგავენ ინვესტორები ნდობას იმ ქალის მიმართ, რომელიც 13 წლის განმავლობაში უმტკიცებდა ყველას, რომ ის "კაბაში გამოწყობილი" ახალი სტივ ჯობსია.

 

 Forbes–მა ელიზაბეთის ქონების შეფასებას გადახედა და ის ნულოვან ნიშნულზე ჩამოიყვანა.

 

 გასულ წელს ჰოლმსი ყველაზე მდიდარი ქალი–მილიარდერების რეიტინგის ლიდერი იყო. რეიტინგში შედიოდნენ ადამიანები, რომლებმაც ყველაფერს თავად მიაღწიეს. ჰოლმსი Theranos–ის აქციების 50%–ს ფლობს. მისი ქონება 4,5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, მოგვიანებით კი 9 მილიარდად  შეფასდა. 

 

 ამასთან, აქციები ბირჟაზე არ განთავსებულა. კომპანია არ ასაჯაროვებს ინფორმაციას საკუთარი ფინანსური მაჩვენებლების შესახებ, ამიტომ შეფასება მხოლოდ სტარტაპში განხორციელებულ ინვესტიციებზე დაყრდნობით მოხდა.

 

 ინვესტორებს პრივილეგირებული აქციები აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით ელიზაბეთზე. ეს კი ნიშნავს, რომ Theranos–ის გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში ფული, პირველ რიგში, ინვესტორებთან წავა, "ახალი სტივ ჯობსი" კი, როგორც Forbes–ი წერს, არცერთ ცენტს არ აიღებს.

 

 როგორც ელიზაბეთ ჰოლმსი აცხადებს, ანალიზებზე წარმოდგენის სრულად შეცვლის იდეა ბანალური შიშის ფონზე გაუჩნდა: გოგონას ძალიან არ მოსწონდა პროცედურა, რომლის დროსაც პაციენტმა დიდ ნემსს უნდა უყუროს და ტკივილი აიტანოს. მისი აზრით, სისხლის ერთი წვეთითაც კი, რომლის აღება აბსოლუტურად უმტკივნეულოა, შესაძლოა ათობით და ასობით ტესტის ჩატარება.

 

 შედეგად ჰოლმსმა წარმოადგინა ინოვაციური მოწყობილობა Edison–ი "ნანოტეინერებთან" ერთად – ესაა მიკროსკოპიული კაფსულები, რომლებსაც შეუძლია მასალის აღება და მისი ანალიზი.

 

 კომპანია ამტკიცებდა, რომ სისხლის მხოლოდ ერთი წვეთით რევოლუციურ ტექნოლოგიას შეუძლია 240–მდე ტესტის ჩატარება.

 

 ამასთან, კომერციულ საიდუმლოზე დაყრდნობით, კომპანიამ საჭიროდ არ ჩათვალა ამ ხმამაღალი განცხადებების დამამტკიცებელი ფაქტების მოყვანა. 

 

 მრავალი წლის განმავლობაში Theranos–ი აცხადებდა, რომ მეცნიერები ინტენსიურად მუშაობენ იმაზე, რომ ტექნოლოგია იდეალამდე მიეყვანათ.

 

 თუმცა The Wall Street Journal–ის გამოძიება იმის შესახებ, რეალურად რას საქმიანობს კომპანია, Theranos–ისთვის საშინელი დარტყმა აღმოჩნდა: ჰოლმსის განცხადებები სისხლის აღების რევოლუციურ მეთოდებზე "ძალიან ახლოს აღმოჩნდა გამონაგონთან".

 

 ყოფილმა თანამშრომლებმა აღიარეს, რომ ტესტების უმრავლესობა უკვე ნაცად მოწყობილობებზე ტარდებოდა, მაგალითად Siemens–ის აპარატურით. ამასთან, სისხლის ვენიდან აღებაზე უარის თქმა ვერ მოხერხდა. 240 ტესტიდან კი რეალურად მაქსიმუმ მხოლოდ 15–ის გაკეთებაა შესაძლებელი.

 

 გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ კომპანიას შესამოწმებლად უკვე მიაკითხა წამლებისა და პროდუქტების კონტროლის სამმართველომ (FDA) და შემოწმების შედეგად, სრულად აუკრძალა Edison–ის გამოყენება ყველა ტესტში, გარდა ერთისა, რომელიც ჰერპესის ვირუსს ეხება. 

 

 მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტარტაპი არა მხოლოდ ინვესტორების, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების მოტყუებაშია ეჭვმიტანილი. 

 

 Theranos–ის მიმართ დაიწყო გამოძიება, რომლის დროსაც გამოიკითხებიან ნიუ–იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები. ამ უკანასკნელთ შეხება ჰქონდათ შტატის ტერიტორიაზე კომპანიის ტესტების ჩატარების ლიცენზიის გაცემასთან.

 

 

 ამის პარალელურად, ჰოლმსის იმპერიას აშშ–ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია ამოწმებს, რომელსაც სურს გაარკვიოს, შეჰყავდა თუ არა სტარტაპს შეცდომაში ინვესტორები, როდესაც დაფინანსებას ითხოვდა

 

 ჰოლმსმა WSJ–ის აღნიშნულ პუბლიკაციაზე მრისხანე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ასეთ გენიოსებს საზოგადოება უბრალოდ ვერ უგებს, რადგან ისინი "სხვანაირები" არიან.

 

 სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჩენინგ რობერტსონი კი დარწმუნებულია სტარტაპის წარმატებაში და აცხადებს, რომ  ამ ინოვაციურ პროექტს კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს. ის ამტკიცებს, რომ უახლოეს ხანებში  Theranos–ი გახდება უფრო გახსნილი და გამოაქვეყნებს ტესტების შედეგებს, ხოლო საზოგადოებას აჩვენებს, რითია დაკავებული კომპანია ბოლო რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში

11-06-2016, 03:01    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი