საქართველოში 50 000 ბავშვი დღეში 2 ლარზე ნაკლებ თანხაზე ცხოვრობს

გაეროს ბავშვთა ფონდისUnisef–ის მიერ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

 

 სოციალურ ქსელებში გაკეთებულ კომენტარებში ჩანს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულმა სტატისტიკამ, რომლის თანახმად, საქართველოსი ყოველი მეოთხე ბავშვი საარსებო მინიმუმის ქვემოთ ცხოვრობს. 

 

 მოგვიანებით გაირკვა, რომ მონაცემი 2013 წლის მდგომარეობას ასახავს. არის თუ არა დღეს ვითარება შეცვლილი, ამას დაახლოებით ერთ თვეში გავიგებთ, როდესაც მორიგი ანგარიში გამოქვეყნდება. თუმცა Unisef–ი უკვე დღეს  მოუწოდებს სახელმწიფოს, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას, რათა შეებრძოლოს ბავშვთა სიღარიბეს. 

 

 ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპის და აზიის უღარიბეს ქვეყნებს შორის არ არის, თუმცა ბავშვების სიღარიბის მდგომარეობით, ამ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ჯანდაცვის, განათლების, კვების კუთხით, რაც არ საჭიროებს დიდ დანახარჯებს.", - განაცხადა საქართველოში Unisef–ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საშა გრაუმენიმ.

დავინტერესდით, რას შეადგენს საშუალოდ ბავშვის საარსებო მინიმუმი, რამდენი ბავშვი ცხოვრობს დღეს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა და რატომ დაიდო ასეთი მაჩვენებელი მაშინ, როდესაც ხელისუფლება მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ სოციალური დახმარებები იზრდება?

 Unisef–ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე აცხადებს, რომ 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი ანუ 25 000 ბავშვი დღეში 5 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, ხოლო 50 000 ბავშვი დღეში 2 ლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს. მისი თქმით, ეს ეს უკიდურესად გაჭირვებულთა კატეგორიაა, თუმცა, ქვეყანაში ღარიბი ბავშვები ამაზე მეტია. 

 რაც შეეხება მიზეზებს, ქურციკიძე ამბობს, რომ სოციალური დაცვის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოში ხორციელდებოდა, ძირითადად ფოკუსირებული იყო უკიდურესად დაუცველ ჯგუფებზე და ბავშვებზე, ეს კი მთელი მოსახლეობის 12 პროცენტია.

 შედეგად, თუ ბავშვი უკიდურესად გაჭირვებული არ იყო, სოციალურ პროგრამაში ვერ ხვდებოდა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გაგრძელდეს მიზნობრივი სოციალური დახმარებები, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულებს ეხმარება, თუმცა აუცილებელია, მოხდეს სხვა ჯგუფების დახმარებაც, რომლებიც არიან პოტენციურად მოწყვლადი და ღარიბი ჯგუფები, ანუ ისინი, ვინც შეიძლება ხვალ უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნენ.

 ქურციკიძის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს პრევენციული პროგრამების და სოციალური დაცვის ისეთი ძლიერი სისტემა, რომელიც ასეთ ოჯახებს "დაინახავს" და დროულად დაეხმარება, რათა ხვალ უკიდურესად გაჭირვებულების სიაში არ აღმოჩნდნენ.

 კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ბავშვთა სიღარიბის სტატისტიკა ბოლო წლებში, ქურციკიძე ამბობს, რომ ჩატარდა ახალი კვლევაც, რომელიც 2015 წლის პერიოდს მოიცავს და მისი შედეგები სავარაუდოდ 1 თვეში იქნება ცნობილი. უკვე ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ანალიზის გაკეთება და სხვაობის დანახვა.

ქურციკიძე ამბობს, რომ აუცილებელია გაძლიერდნენ ოჯახები იმდენად, რომ მათ გაუჩნდეთ დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროები და დაიმკვიდრონ თავი შრომის ბაზარზე.

 

 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კი განმარტავს, რომ 2013 წლის კვლევით არ შეიძლება დღევანდელი ვითარების ანალიზი და შეფასება.

 

 მისი თქმით, ხელისუფლებამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შეიძლებოდა. "გაზრდილია შობადობა, პროგრამები მუშაობს. მესამე და შემდგომი ბავშვის დაბადების პიკური მაჩვენებელია, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის დონე შემცირებულია. ძალიან ბევრი რამეა ამ კუთხით გაკეთებული. თუმცა ყველა ხელისუფლების ვალია ამ მიმართულებით იზრუნოს. 2013 წლის მონაცემზე არ შეიძლება იმსჯელო. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაორმაგდა სოციალური პროგრამები, ოპოზიცია სწორედ იმაზე გვსაყვედურობს, რომ ბევრს ვიხდით სოციალურ პროგრამებში. როცა დაიდება 2015 წლის შედეგები, მერე ვიმსჯელოთ"-აცხადებს ხუნდაძე.

11-06-2016, 03:02    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი