თამაზ მეჭიაური ჟურნალისტებს – ვამბობდი, რომ ქადაგიძე იყო საფრთხე და ხელს უშლიდა ლარის გამყარებას, რატომ არ მეუბნებით, რომ ჭკვიანი კაცი ვარ?

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საეჭვოდ,

 

შეხმატკბილებულად იღებდნენ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს, რაც ლარის გაუფასურებას უწყობდა ხელს, - ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

დეპუტატმა ჟურნალისტებს მიმართა, თუ რატომ არ სვამდნენ "აღნიშნული პირების საეჭვო ქმედებებზე" კითხვებს.

 

"მე სულ ვიძახდი, რომ ქადაგიძე იყო საფრთხე და მისი ყოფნა ხელს უშლიდა ლარის გამყარებას. წავიდა და დაემთხვა ხომ? რატომ არ იძახით, რომ ჭკვიანი კაცი ვარ, ამას რომ ვამბობდი? მე არ მაქვს წვდომა იმაზე, რომ ეს ყველაფერი მტკიცებულების ფორმაში გადავიყვანო, მაგრამ თავის დროზე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან ეს შეეხო საქართველოს ყველა მოქალაქეს. ახლაც ვიმეორებ, რომ ამაზე საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო. მე ვფიქრობ, რომ ახლაც შესაძლებელია მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნის ალბათობა არ არის. იმედი მქონდა, რომ გავიტანდი ამ საკითხს, აუცილებლად დავაყენებდი ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

 

მისივე თქმით, გიორგი ქადაგიძე პოლიტიზირებული იყო და ამას 

 

თანამდებობიდან მისი წასვლის წინ დღეს გამართული პრეზენტაცია ადასტურებს, სადაც ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკური მესიჯები გააჟღერა.

 

"ზედამხედველობის სამსახურის შექმნაზე მივიღეთ კანონი, პრეზიდენტმა დაადო ვეტო, გადავლახეთ, მერე საკონსტიტუციომ შეგვიჩერა ყველაფერი. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიდიოდა. ქადაგიძის აზრს ემთხვეოდა პრეზიდენტის ვეტო, დაემთხვა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ერთად ლარის კურსს აფუჭებდა. რატომ არ დასვით მაშინ კითხვა, რომ საეჭვოდ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ სინქრონში, შეხმატკბილებულად? - მიპასუხეთ. ჩემი აზრით ეს სამნი, პირდაპირ თუ ირიბად, თანამონაწილეები იყვნენ ლარის გაუფასურების", - განაცხადა მეჭიაურმა.

 

კითხვაზე, პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" თამაშს თამაშობდა თუ არა, დეპუტატმა უპასუხა, "მარგველაშვილს ეგონა, რომ თავის თამაშს თამაშობდა, რომელიც ემთხვეოდა "ნაციონალების" თამაშს და დღესაც ეგრეა".

 

"გამოდის ახლა ქადაგიძე და იძახის, "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოო". გეგონება აკაკი წერეთელი მყავდეს, მგონი მარტო აკაკი წერეთელი აქვს წაკითხული", - დასძინა თამაზ მეჭიაურმა.

24-03-2016, 15:54    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი