სტაჟირებისა და დასაქმების სამთავრობო პროგრამები – ხელისუფლების დაპირებები და სამსახურის მაძიებელთა იმედგაცრუება

დასაქმების საიტებზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რეალურობასთან დაკავშირებით საქართველოში კითხვები ხშირად ჩნდება. 

 

იმ პირთა უმრავლესობა, რომლებსაც მსგავს საიტებზე CV–ს გაგზავნის გამოცდილება აქვთ, აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის მხრიდან ვაკანსიების დიდი ნაწილი ფორმალურია და მათზე დასანიშნი კადრი ვაკანსიის გამოცხადებამდე უკვე შერჩეულია. შესაბამისად,  CV–ს გაგზავნა მხოლოდ დროის კარგვაა.

პრეტენზია განსაკუთრებით Hr.gov.ge-ს მისამართით ისმის, რომელიც მოქალაქეებს საჯარო სტრუქტურებში დასაქმებას სთავაზობს.

 

„კომერსანტი" ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რედაქციას სამსახურის ერთერთმა მაძიებელმა მიმართა. „კომერსანტის" წყარო აცხადებს რომ მას საჯარო უწყებაში დასაქმებასთან დაკავშირებით პრობლემა ორჯერ შეექმნა.

 

„შემთხვევა პირველი: ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოცხადდა სტაჟირების პროგრამა. მთავარი კრიტერიუმი დაჯამებული ქულის, GPA-ს მაღალი მაჩვენებელი იყო (3.0-ზე მეტი). ჩემი სურვილისამებრ, მოვხვდი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში. საკმაოდ პროდუქტიული და კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. სტაჟირების დამთავრების შემდეგ თავად მკითხეს, გსურს თუ არა ჩვენთან მუშაობაო. ცხადია, მინდოდა, თუმცა დღემდე არ ვიცი, რამ შემიშალა მაშინ ხელი დასაქმებაში.

 

შემთხვევა მეორე: სამსახურის ძიების პროცესში hr.gov.ge-ზე ჩემთვის შესაფერისი ვაკანსია ვიპოვე: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. პრობლემას აქაც წავაწყდი. გავრცელებული ხმების მიხედვით, აღნიშნულ საიტზე დადებული ვაკანსიები მხოლოდ ფორმალობაა. ამიტომაც ჩემთვის ნაცნობ და საკითხში კომპეტენტურ ადამიანს გადავამოწმებინე და აღმოჩნდა, რომ ადგილი უკვე „დაკავებული" იყო, საიტზე კი ვაკანსია ფორმალურად იდო. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის გასაკეთებლად საჭირო იყო რეკომენდაციის მოპოვება, სამოტივაციო წერილის დაწერა, ანკეტის შევსება და ა.შ. გამოდის, დროს კარგავ ფუჭად, რეკომენდაციისათვის პროფესორს ან ყოფილ დამსაქმებელს აწუხებ ტყუილუბრალოდ და შენ ამ დროს გჯერა, რომ შენი განათლება, უნარები და გამოცდილება შესაძლოა საკმარისი გახდეს სამსახურის დასაწყებად"-აცხადებს „კომერსანტის" წყარო.

 

რამდენად რეალურია ის ვაკანსიები, რაც Hr.gov.ge-ზე ქვეყნდება? ამის გარკვევა „კომერსანტმა" „ეიჩართა გილდიის" აღმასრულებელ დირექტორ ლილი ბიბილაშვილითან სცადა. მისი თქმით, როდესაც საჯარო უწყებაში რომელიმე პოზიცია თავისუფლდება, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნულ დასაქმების პორტალზე ვაკანსია განათავსოს. ბიბილაშვილის მტკიცებით, ამ პერიოდში გათავისუფლებულ პოზიციაზე ინიშნება დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. აქედან გამომდინარე, მაღალია ალბათობა იმისა, რომ შიგნით მომუშავე ადამიანი უფრო უკეთესად წარმოაჩენს თავის თავს, ვიდრე გარედან მოსული ადამიანი.

 

„შიგნით მომუშავე ადამიანი შიდა ნიუანსებში ჩახედულია და იშვიათი გამონაკლისი შეიძლება იყოს, რომ გარედან მოსულმა აჯობოს. ეს ბუნებრივია და სპეციალურად არამგონია ამას აკეთებდნენ"-აცხადებს ბიბილაშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, თუ გადავხედავთ სტატისტიკას, აღნიშნულ დასაქმების პორტალზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირებულია, რაც კარგია.

 

„წლის ბოლოს ვაკანსიები დიდი რაოდენობთ იყო გამოცხადებული, ახლა ეს რაოდენობა ბუნებრივია რომ შემცირდა. იმის გამო, რომ სამუშაო ადგილები არ არის, დიდი უკმაყოფილება თუ არ არის სამსახურში, ისე ადამიანი სამსახურიდან არ მოდის. საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა კერძო სამსახურში დასაქმებულებთან შედარებით ბევრად ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ეკონომიკა არ განვითარდება. რაც უფრო მაღალია საჯარო სამსახურში კადრების დენადობა, მით უფრო ცუდია სახელმწიფოსთვის"-აცხადებს ბიბილაშვილი.

 

საჯარო სამსახურში დასაქმების ელექტრონული პორტალი www.hr.gov.ge 2011 წლის ივნისში ამოქმედდა, მისი საშუალებით  ტარდება კონკურსი საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე. ყველა სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებას დაეკისრა ვალდებულება ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადოს მხოლოდ ამ ვებგვერდის საშუალებით. ნებისმიერ დასაქმების მსურველს აქვს საშუალება, უფასოდ დარეგისტრირდეს საიტზე, შეავსოს რეზიუმე, მოიძიოს სასურველი ვაკანსია და ელექტონულად გააკეთოს მასზე განაცხადი.

 

რაც შეეხება სტუდენტთა სტაჟირების პროგრამას, ის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაა და გულისხმობს მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მიერ საჯარო სამსახურებში 6-თვიანი სტაჟირების გავლას. პროგრამა 2014 წლის სექტემბერში ამოქმედდა. 

 

"პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სტაჟირება ერთჯერადია, რათა რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა თუ კურსდამთავრებულმა ისარგებლოს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით. თუ კურსდამთავრებული საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი სტაჟირების ყველა ვაკანტური ადგილის ამოწურვის გამო ვერ მოხვდება სასურველ უწყებაში, ის ჩაირიცხება რეზერვში და სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას ავტომატურად განაწილდება მის მიერ არჩეულ საჯარო დაწესებულებაში", - განმარტეს მაშინ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

 

 

commersant.ge სოფო ქსოვრელი

 

 

 

8-02-2016, 13:54    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი