როგორ იწყებოდა ცნობილი ბრენდების ისტორია

ცნობები ცნობილი სამარკო ნიშნების დაარსების შესახებ ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ მითები და ლეგენდები რამდენიმე მსოფლიო ბრენდის შესახებ, თუმცა მათი ჩამონათვალი საკმაოდ ბევრია და ბევრია ასევე საინტერესო ამბავი მათი შექმნის შესახებ. ამჯერად კიდევ რამდენიმე საერთაშორისო სამარკო ნიშნის შესახებ ყველაზე ცნობილ ლეგენდას გაგაცნობთ.

 

 

 

Longaberger

ეს უჩვეულო ნაგებობა კალათების მწარმოებელი ლიდერი ამერიკული კომპანია Longaberger-ის შტაბ-ბინა გახლავთ. ფირმის დამფუძნებელს, დეივ ლონგეიბრჯერს სურდა, თითოეულ შენობას კალათის ფორმა ჰქონოდა, მაგრამ სურვილი არ აუსრულდა, რადგან, მამის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქალიშვილებმა აკრძალეს მსგავსი ნაგებობების აშენება.

 

Mazda

Zoom-zoom - ეს არის სწრაფად მოძრავი საგნების ხმის იმიტაცია. "Zoom- zoom" ამბობენ ინგლისურენოვანი ბიჭუნები, როდესაც მანქანებით თამაშობენ. ასე ქმნის Mazda სპორტული მანქანების იმიჯს, რომელსაც თავისი დრაივით ბავშვურ აღფრთოვანებაში მოჰყავს მყიდველი. სხვათა შორის, Ferrari ხმარობს გამოთქმას "Vroom–vroooom", Mini Cooper კი - "Beep-beep".

 

Marlboro

ბრენდი მალბორო (Marlboro) პირველად 1924 წელს გამოჩნდა, როგორც ქალის სიგარეტი. იმ დროს, თავად ფაქტი, გაეყიდათ ქალებისთვის თამბაქო, კულტურულ შოკს წარმოადგენდა, ისეთივეს, ახლა სპეციალურად თოთო ბავშვებისთვის რომ გამოუშვან სიგარეტი. გასული საუკუნის მარკეტოლოგებისთვის წმინდა მამაკაცური საქონელისთვის ქალური რეკლამის შექმნა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. შეიქმნა სლოგანი: “Mild as May” (”მაისივით ნაზი"). ბრენდის სახე ჰოლივუდის ვარსკვლავი მეი უესტი გახდა. ოცწლეულების შემდეგ, ბრენდს სქესის შეცვლა მოუწია. 1953 წელს მეცნიერმა მედიკოსებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს. თამბაქოს მოხმარებამ საგრძნობლად იკლო. მარკის მფლობელმა, ფილიპ მორისმა გადაწყვიტა ბაზრის სხვა ნიშა დაეკავებინა. ბრენდის მიზნობრივი გჯუფი უნდა გამხდარიყვნენ ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ სიმსივნის, მაგრამ მოწევას თავს ვერ ანებებენ. იმისათვის, რომ შეეცვალათ ფილტრიან სიგარეტზე, როგორც ქალის სიგარეტზე წარმოდგენა, გენიალური მარკეტინგული გადაწყვეტა იყო საჭირო. ამისთვის მორისმა რეკლამის საუკეთესო სპეციალისტი - ლეო ბარნეტი მიიწვია. რეკლამის მომავალმა ლეგენდამ გადაწყვიტა, ბრენდში ყველაფერი ქალური ”ჩაეკლა”. ბარნეტის მიერ გამოგონილ სახეებს - ”ზღვის მგელი”, ”მშენებელი”, ”სამხედრო კორესპონდენტი” უნდა შეემატებინათ სიგარეტისთვის ტესტოსტერონის დოზა. პირველი და ძირითადი სახე კი, რაღა თქმა უნდა, ”კოვბოი - პრერიების მომთვინიერებელი” გახლდათ. სწორედ ამ პერსონაჟის ირგვლივ ააგო ბარნეტმა მომავალი სარეკლამო კამპანია. კოვბოურმა კამპანიამ, რომელშიც ფოტომოდელები იღებდნენ მონაწილეობას (შემდგომ ისინი რეალურმა კოვბოებმა შეცვალეს) დიდ წარმატებას მიაღწია. პლაკატები ამერიკის ნამდვილ გმირებს გაგონებდნენ. კოვბოებმა ყველას გული დაიპყრო - ქალების თუ მამაკაცების, ლათინოსებისა თუ შავკანიანების. მალბოროს გაყიდვები მხოლოდ ერთ წელიწადში ისე გაიზარდა, რომ თამბაქოს ყველა ნაწარმის გაყიდვების რეიტინში მე-4 ადგილი დაიკავა.

 

Michelin

მე-20 საუკუნის დასაწყისში, ყოველ დიდ ფაბრიკას ან პატარა საამქროს საკუთარი საფირმო ნიშანი გააჩნდა: მითოლოგიის გმირები, ცხოველები (პეჟოს ლომი და ლაკოსტის ნიანგი) და ფირმის მიერ წარმოებული პროდუქციისგან შექმნილი სიმბოლოები, ისეთი, როგორც ბიბენდუმი. ბიბენდუმი 1898 წელს მხატვარ-კარიკატურისტმა ო’გალოპმა შექმნა - ხორცი შეასხა სნდრე მიშლენის იდეას. მითის მიხედვით, ველოსიპედების საბურავების გამოფენაზე, ყველა მოდელი ერთმანეთზე დააწყვეს. მიღებული ფორმა ძალზედ წააგავდა მსუქან კაცუნას. 100-ზე მეტი წლის განმავლობაში ბიბენდუმმა ისერახე იცვალა, მაგრამ ისევ დარჩა კონცერნ მიშლენის პერსონაჟად.

 

Western Union

კომპანია Western Union ამერიკის თითქმის მთლიანი ტელეგრაფის მფლობელი გახლდათ. ალექსანდრ ბელმა თავისი კომერციული საქმიანობის დასაწყისში, რომელსაც იმ მომენტისთვის უამრავი ვალი ჰქონდა, Western Union-ს მიმართა წინადადებით, გამოესყიდათ ტელეფონების პატენტი 100 ათას დოლარად. კომპანიამ წინადადება უარყო, ტელეფონი ”სათამაშო” პროდუქტად მიიჩნია. როდესაც მიხვდნენ სატელეფონო კავშირის შესაძლებლობებსა და უპირატესობას, კომპანიამ გადაწყვიტა ბელისთვის თავი აერიდებინა და საკუთარი სისტემა შეექმნა. თუმცა, ალექსანდრ ბელმა Western Union-ს უჩივლა და პროცესი მოიგო. ამგვარად Western Union-მა სატელეფონო ბიზნესი დაკარგა, მის ძირითად მომსახურებაზე - სატელეგრაფო კავშირზე კი მოთხოვნა შემცირდა.

 

IKEA

როდესაც აშშ-ში IKEA-ს პირველი მაღაზიები გაიხსნა, რომლებმაც ევროპაში უკვე ჰპოვეს აღიარება, ავეჯის გაყიდვებმა მოლოდინი არ გაამართლა. ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამერიკელებს დიზაინის სიმარტივე ხიბლავდა, თუმცა სურდათ, რომ ავეჯი მათი დიდი სახლების შესაბამისი ყოფილიყო. საჭირო გახდა ავეჯის ზომები გაედიდებინათ.

 

Calvin Klein

ცნობილმა დიზაინერმა კელვინ კლაინმა საკუთარი ფირმისთვის Calvin Klein Inc ფული მამის ბოსტნეულის მაღაზიაში მუშაობით დააგროვა. პირველი შეკვეთა კი სრულიად შემთხვევით მიიღო: მაღაზიათა ქსელ Bonwit Teller-ის ბაიერს სართული შეეშალა და კლაინის ოფისის კარები შეაღო. მას ისე მოეწონა კელვინის შეკერილი ლაბადები, რომ 50 ათასის შეკვეთა მისცა: "მერწმუნეთ, ახალგაზრდა, ხვალ თქვენ ყველა შეგნიშნავთ". ასეც მოხდა - ლაბადებმა ჟურნალ Vogue-ის იმ დროინდელი რედაქტორის ყურადღება მიიქცია და მოდის სამყაროში კიდევ ერთი სახელი გაჩნდა.

 

 

 

 

bpn.ge

 

15-12-2015, 11:30    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი