როდის შემოვა თბილისში ჰიბრიდული ავტობუსები?

პარლამენტში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანაზე მსჯელობენ, საქართველოს პარლამენტში ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომანქანების შემოყვანაზე იმსჯელეს.

 

ქართველი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ავტომობილების იმპორტის სტიმულირება საჭირო და საშური საქმეა, ამიტომაც, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში "თავისუფალმა დემოკრატებმა" შეიტანეს. პროექტის თანახმად, ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომანქანები გადასახადისგან უნდა გაათავისუფლონ და მათი განბაჟების კოეფიციენტი 0 უნდა იყოს. როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილემ, თემურ მაისურაძემ გვითხრა, ინიციატივა ჯერ კიდევ ნედლი და დაუმუშავებელია და ვიდრე კანონში ცვლილებები შევა, პარლამენტს ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევს: 

 

- ჰიბრიდული მანქანების მთავარი უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს: ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები, რომლებიც გარემოს გაცილებით ნაკლებად აბინძურებენ. ამგვარი ავტომობილი უფრო ნაკლებ საწვავს ხარჯავს და გამომუშავებულ ენერგიას აუცილებლად იყენებს. ძირითადი მისია, რომლის გამოც ეს მანქანები შეიქმნა, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა. ყველამ ვიცით, რომ ავტომანქანის გამონაბოლქვი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომელმაც დედამიწაზე ეკოლოგიური პრობლემები და გლობალური დათბობა გამოიწვია, სწორედ ამიტომ, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მომრავლებას საქართველოში მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ. 

- ალბათ, საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილი ცოტას ჰყავს.

 

- სამწუხაროდ, ასეა, რადგან ჰიბრიდული ავტომანქანები საკმაოდ ძვირი ღირს. ერთნაირი ტექნიკური მონაცემების მქონე ჩვეულებრივი და ჰიბრიდული მანქანის ფასი მკვეთრად განსხვავებულია: დავუშვათ, ჩვეულებრივი ავტომობილი ღირს 15 ათასი დოლარი, ჰიბრიდული 25-30 ათასი მაინც ეღირება. 

- თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ინიციატივა, რომ ამგვარ ავტომანქანებზე განბაჟების გადასახადი გაუქმდეს? 

- მსგავსი ნაბიჯებით მართლაც შეიძლება დავეხმაროთ საქართველოში ახალი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოსვლას, თუმცა, ჯერ უნდა დადგინდეს რომელ მანქანებზეა საუბარი, მხოლოდ ჰიბრიდულზე, თუ სხვა ეკოლოგიურ ტრანსპორტზე. შეიძლება მე არ მინდა ჰიბრიდული მანქანა, მაგრამ შემომყავს სულ სხვა ტიპის ეკომანქანა, ან სულაც ელექტრომობილი. ვიღაცას შეიძლება 2, ან 3 წლის წინ გამოშვებული მანქანის შეძენა ურჩევნია, ამიტომ უნდა იყოს ჩამოყალიბებული თითოეული მანქანა როგორ დაიბეგრება. კანონი უნდა არეგულირებდეს ყველა ვარიანტს, რომელიც შესაძლებელია. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივას მოხარშვა აკლია. პარლამენტში უკვე ჩამოყალიბებული და დასრულებული ვარიანტი რომ შემოვა, მერე კომიტეტები განიხილავენ. სავარაუდოდ, რაღაც კონსენსუსი გამოიკვეთება და ცხადი გახდება, საგადასახადო კოდექსის რომელ მუხლებში უნდა შევიდეს ცვლილება. 

 

- ბატონო თემურ, რამდენად შეუწყობს ხელს მსგავსი შეღავათები ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მომრავლებას ჩვენს ქვეყანაში? 

- ვფიქრობ, რომ თუ მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა იქნება, შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა გადაწყვიტოს ჰიბრიდული მანქანის შეძენა. იმპორტიორი კომპანიებიც უფრო დაინტერესდებიან და არ არის გამორიცხული, რომ მათმა მომწოდებლებმაც უფრო მეტი შეღავათი დააწესონ. ვისაც ძველი მანქანა შემოჰყავს, ალბათ მისი განბაჟების გადასახადი უფრო მეტი იქნება, ხოლო 0 პროცენტი დაწესდება ბოლო თაობის, ან ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მანქანებზე. განხილვის დროს არაერთი განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. ჩემი აზრით, ბევრი მათგანი გასათვალისწინებელია.  

 

- ბატონო თემურ, უკვე დიდი ხანია მიდის მსჯელობა ჰიბრიდული ავტობუსების შემოყვანაზეც. რას გვეტყოდით ამ საკითხზე? 

- ჰიბრიდული ავტობუსს ისეთივე ჰიბრიდული ძრავი აქვს, როგორც ავტომობილს, ამიტომ ის ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა. ალბათ ყველას გინახავთ ჩვენს ყვითელ ავტობუსებს რა ბოლი და ჭვარტლი გასდის. მე ვფიქრობ, რომ ასეთი მანქანები ქალაქში აღარ უნდა მოძრაობდეს. მართალია, ჰიბრიდული ავტობუსები ჩვეულებრივზე გაცილებით ძვირია, მაგრამ ძალიან ბევრი პლუსი აქვს. ყველაზე დიდი პლუსი კი ის არის, რომ ჯანმრთელი მოსახლეობა გვეყოლება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ აქაც იქნება სირთულეები. 

- მაინც რა სირთულეებს გულისხმობთ? 

- ჰიბრიდული ავტობუსის ექსპლუატაციაში შესვლას საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება. იმ კადრებით, რომლებითაც დღეს ჩვენს ავტობუსებს ვუვლით, ჰიბრიდულ ავტობუსებს ვერ მოვუვლით. რამდენად მზად არის "თბილისის ავტობუსი" ასეთი ავტობუსების მისაღებად, მე არ ვიცი. სხვათა შორის, ყვითელი ავტობუსების შემოყვანის შემდეგაც შეიქმნა პრობლემები და იგივე მოხდება ჰიბრიდული ავტობუსების შემოყვანის შემდეგაც. ჩვენ მთლიანად უნდა გადავხედოთ ჩვენს ტექნიკურ შესაძლებლობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ამ ავტობუსების ექსპლუატაცია გაცილებით ძვირი დაგვიჯდეს, ვიდრე მათი შემოყვანა. მახსოვს, ყვითელი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ ლამის მთელი უკრაინა აქ იჯდა. არავინ იცის, რა დაგვიჯდა მათი მივლინებები, ან რა თანხა ვუხადეთ უკრაინელებს, ვიდრე ჩვენი სპეციალისტები ამ ავტობუსების ტექნიკურ მომსახურებას შეძლებდნენ. ჯერ ჰოლანდიური ავტობუსები შემოიყვანეს, როგორც იქნა ავტოპარკი მოეწყო და მერე შემოვიდა ეს უვარგისი უკრაინული ავტობუსები, რომლებსაც იქ არც იყენებდნენ. რატომ იყიდა საქართველომ? - ცხადია, რადგან პოროშენკო და სააკაშვილი ახლო მეგობრები იყვნენ. მერე კი, გადასაყრელი ნაწილები შემოჰქონდათ და ლამის მთელი უკრაინა აქ იყო, რომ ეს ავტობუსები როგორღაც მწყობრში ჩაეყენებინათ.

 

- თუ გაქვთ ინფორმაცია, როდის შემოიყვანენ თბილისში ჰიბრიდულ ავტობუსებს? 

- ეს მსოფლიო ბანკის პროექტია, ფინანსურადაც ყველაფერი მსოფლიო ბანკმა უნდა უზრუნველყოს, ამიტომ ბოლო სიტყვა სწორედ მსოფლიო ბანკმა უნდა თქვას. 

 

 

 

bpn.ge

 

5-05-2016, 16:18    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი