"ამოყირავებული ოცნებების" აგვისტო

მზის გულზე არცთუ მცირეხნის  ლოდინის შემდეგ, სამარშრუტო ტაქსი  როგორც იქნა გამოჩნდა  და თავი სალონში შევყავი. ნამდვილი თბილისური სურათი დამხვდა-ჩართული კონდიციონერი, ღია ფანჯრები და ბოლო ხმაზე აწეული რადიო-ეთერიდან დაფრქვეული სუფრული ჰანგები.

 

 ჩემს გასწვრივ მჯდომმა კარგად ნაპატივებმა, ამოქნილწარბებიანმა და მარაოიანმა ქალბატონმა მობილურ ტელეფონზე შვილთან ათწუთიანი ახსნა-განმარტება ფაღარათის დროს „რიგიდრონი“-ს მიღების წესებსა და სისუფთავის დაცვაზე როგორც იქნა დაამთავრა, ამაყად მიმოიხედა და უაპელაციოდ განაცხადა-ააშენებს ეხლა მიშა მარჯანიშვილს ოდესაში! ფრაზა ნახევრადგაკონდიცირებულ სალონში უძრავად დაეკიდა.

 

-აქ ხომ აგვაშენა და დაგვაშენა და ეხლა ოდესას მიხედავს!- ჭრელკაბიანმა, კინკრიხოზე მცირე ბულულიანმა და გამხდარმა ქალბატონმა ირონიულად გაიღიმა და ფანჯარაში გაიხედა.  მარაომ ქნევას მოუმატა. -თქვენ არც შევარდნაძე მოგწონდათ, არც მიშა და გყავდეთ ეხლა „ნაოცნებარი“ მთავრობა! ხილი ვერ გიყიდია, სოფელში ვერ წაგიყვანია ბავშვი და წამლის ფასს კიდევ მოუმატეს-მეტი დამაჯერებლობისთვის მარაოიანმა სააფთიაქო პარკი აწია.

 

-„მამათიც“ მოგვენატრება, მიშაც და ესენიც, ჩვენ ისეთი სულელები ვართ! -წინა სკამზე მჯდომმა გამხდარმა სათვალიანმა მამაკაცმა უკან მოიხედა-ამათი გადამკიდე „ამოყირავებული“ ოცნების ამარა დავრჩი! პატარა რაღაც გავხსენი და ვიფიქრე ამოვისუნთქავ-მეთქი, ისევ დავხურე. ეს არის მესამე წელს საკუთარ ჯიბეზე იგრძნობთო? დენი მოუმატეს, გაზის გადასახადსაც გაზრდიან და მეყოლე მერე ვარდივით!

 

-აბა გაზს  არაო?-ჭრელმა კაბამ სავარძლებს შორის თავი გამოყო. 

 

-ასე იფიცებოდა კალაძე გაზაფხულზეც, „ნაციონალების“ შემოგდებული ტყუილია და საბოტაჟს გვიწყობენო, არ მოუმატეს? უნდა ამოიღო ის ჩანაწერები და სასამართლოში უჩივლო ამათ, მაგრამ ვინაა პატრონი, ამათ „იბიარდი“ ბორდელისგან ვერ გაურჩევიათ და ქვეყანას ააშენებენ?-სათვალიანმა მძღოლს ხურდა ჩაუთვალა და საკუთარ „ამოყირავებულ“ ოცნებაზე გაბრაზებულმა კარი მაგრად მიიჯახუნა. სალონში სიჩუმე ჩამოწვა.

 

ვინ ვერ არჩევს „იბიარდს“ ბორდელისგან, „პირველად საქართველოს ისტორიაში“ ვინ ააშენა გზები და ღია ეთერში დაარბია ხალხი, რომელ კალკულატორზე ითვლიან  ეკონომიკურ ზრდას კვარტალურად  ან ვისთვის არის „სხვების ჭირი მარგებელი“ არ ვიცი, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი პოლიტიკური სიცრუისთვის და უვიცობისთვის “ აუცილებლად უნდა შეიტანო და კიდევ, პოლიტიკოსების უმეტესობას მიკროფონებთან კომენტარები აუკრძალო. მერე აღარავინ გაბედავს საზოგადოებას „სიკინჭილაშვილები“ ეძახოს, ან ჭკუა დაარიგოს ღია ეთერიდან, როგორ იცხოვროს და ვეღარავინ იტყვის, მერე რა, ცოტა „გადავცდითო“. მერე რეალურ სამყაროში გვაცხოვრებენ, ვირტუალური სახელმწიფო პროექტების ფარგლებში  თითო-ოროლა კი არა, მართლა ათასობით მეწარმე ისარგებლებს და რეგიონალური მუნიციპალიტეტები თუ სამინისტროები წლის ბოლოს ბიუჯეტში ფულს აღარ დააბრუნებენ, იმიტომ რომ უბრალოდ არ იციან როგორ გახარჯონ.

 

სუფრული მუსიკის ჰანგები რადიოში საინფორმაციო გადაცემამ შეცვალა. მძღოლმა ხმას მოუმატა. აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავია.  პოლიტიკოსები პატრიოტული ფრაზებით იხსენებენ და გვირგვინებით ამკობენ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალებს, რიხით საუბრობენ რუსულ ანექსიასა და საქართველოს გაერთიანებაზე და ყველას ერთად გვახსენდება ცეცხლწაკიდებული გორის კადრები, ბრძოლის ველზე უპატრონოდ მიტოვებული სამშობლოსთვის შეწირული ბიჭები, სამთავრობო ჯიპების გრძელი კოლონები წითელ ხიდსა და სარფში, „დანა-ჩანგლებით“ შეიარაღებული თბილისელები, წაგებული ომის ამაყად, სახალხო ზეიმით აღნიშვნა ევროპელებთან ერთად და ომს მეორედ გამოქცეული ლტოლვილების კიდევ ერთი, ახალი ტალღა თბილისში.

 

 მართალია, დღეს ხალხს, საკუთარი ოჯახის მენიუ და მომატებული კომუნალური გადასახადების საკითხი უფრო ანაღვლებს, მაგრამ აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭები გმირები არიან, ჩვენზე ბევრად ძლიერები და ამაყები, იმიტომ რომ ისინი არა უბრალოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის  ახირებებს ან შეცდომებს, საკუთარ ფასეულობებსა და სამშობლოს შეეწირნენ და მჯერა, ამ  ბიჭებს დღევანდელი საქართველო ნამდვილად არ მოეწონებოდათ.

 

  სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე და ჩამოვედი. მანქანის სალონში დარჩა წამყვანის  ხმა და პოლიტელიტის კომენტარები, მარაო და  ჭრელი კაბა  „ამოყირავებული ოცნებებით“.

 

 ქუჩაში არაფერი შეცვლილა, ისევ საცობია და  ისევ იხრჩობა ქალაქი სიცხესა და მტვერში. 

 

 

ავტორი: ეკა ბუჩუკური

georgianpress.ge

 

 

 

22-08-2015, 20:56    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი