ნიკა გვარამია – დღევანდელ დღესავით მახსოვს ჩემი და სააკაშვილის დიალოგი ბობოყვათში

“ რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ჟურნალ „ფორბსის“ ქართული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს.

 

იყო რამდენიმე მიზეზი. ყველას გეტყვით. პირველი – აღარ მინდოდა პოლიტიკაში მონაწილეობა. ეს ვიცოდი მკაფიოდ. რატომ?

იმიტომ, რომ არ მყოფნიდა შემოსავლები. როცა პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყე, ვიყავი მარტო. არ მყავდა არც ცოლი, არც შვილები და ა.შ. იმ დროისათვის, როცა განათლების სამინისტროში ვიყავი, მყავდა ცოლი, სამი შვილი. და შემოსავალი მქონდა ისევ 3 500 ლარი. შეიძლება ვიღაცისთვის ეს საკმარისი იყო, მაგრამ ჩემთვის არ ყოფილა. მე არ მქონია არანაირი დამატებითი შემოსავალი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. არ ვიღებდი არც პრემიებს. ჩემი შემოსავალი იყო მხოლოდ ეს. მე არ მარჩენდა ჩემი ოჯახი, სამწუხაროდ. ბედნიერი კი არ ვიყავი ამის გამო, მაგრამ უბრალოდ ასეთი შესაძლებლობა ჩემს ოჯახს არ ჰქონდა. მამა იმ დროისთვის უკვე მარტო მყავდა, დედა გარდაცვლილი იყო და მამას მე თვითონ ვარჩენდი.

 

ზუსტად ვიცოდი, რომ არასახელმწიფო სექტორში ჩემი შემოსავალი შეიძლებოდა ყოფილიყო მინიმუმ 5-ჯერ მეტი. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ 10-ჯერ მეტიც იყო. ამიტომ, რაკიღა მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე არ ვიყავი პასუხისმგებელი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი ფაქტორი იყო.

 

მეორე: ის, რომ პოლიტიკაში ჩემი ინტერესი, 2004 – 2010-ში, ანუ ექვს წელიწადში გარკვეულწილად ამოვწურე. კარიერა საკმაოდ დინამიკური მქონდა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, ყველაფერს მივაღწიე, რაც იმ დროისთვის შესაძლებელი იყო. ინტერესი ნაკლები მქონდა. პირდაპირ გეტყვით – როდესაც უკვე მივდიოდი განათლების მინისტრობიდან, მივხვდი, რომ არ უნდა წავსულიყავი. უკვე ძალიან კარგად გამომდიოდა სწორედ განათლების მინისტრობა, რაც არასდროს არ მეგონა, რომ გამომივიდოდა.

 

გულწრფელად გეუბნებით. სისტემასაც მაინცდამაინც არ მოეწონა ჩემი წასვლა, მაგრამ გვიანი იყო. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. ყველა პირობა შექმნილი იყო, ამიტომ უკან აღარ დამიხევია. იყო შესაძლებლობები, მცდელობები, რომ გადაეფიქრებინათ ჩემთვის. ეს ყველაფერი დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ საბოლოოდ დასრულდა დიალოგით ჩემსა და მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის, ბობოყვათში. დღევანდელი დღესავით მახსოვს ეს დიალოგი. როცა მანაც დაიწყო მიზეზების კვლევა, რამე პრობლემა ხომ არ მქონდა გუნდში, ან ზოგადად პოლიტიკაში, ან ქვეყანაში, ან პირადი და ასე შემდეგ… არაფერი, მარტივად ვუთხარი, რომ მინდოდა საკუთარი ცოდნის გაღრმავება და ეს მართლა მინდოდა.

 

პირდაპირ გეტყვით, რომ ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ შრომის ბაზარზე ჩემი ფასი დაახლოებით 2-3-ჯერ გაიზარდა და ეს ძალიან კარგია. ადამიანებმა ყოველთვის უნდა იზრუნონ თვითგანვითარებაზე.

 

 

 

 

წყარო: ჟურნალი „ფორბსის“ ქართული გამოცემა

 

 

 

 

25-02-2015, 16:55    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი