"ბიჭებს პროკურატურიდან ხომ ვერ ვაწყენინებთო" - რა მიზეზით გაათავისუფლა კუბლაშვილმა "მეამბოხე მოსამართლეები"

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე წარადგინა. შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო გვენეტაძე, დავით სულაქველიძე და მერაბ ტურავა პირველები იყვნენ,

 

 

რომელთაც 2005 წლის 21 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულეს, რის გამოც ისინი მოსამართლის პოსტიდან გაათავისუფლეს.

 

გთავაზობთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" 2005 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული სტატიის ნაწილს, სადაც ე.წ. მეამბოხე მოსამართლეები მათი სამსახურებიდან გაშვების მიზეზებზე ყვებიან.

 

მოსამართლეები ალაპარაკდნენ

 

კორუფციის ჭაობში ჩაფლული მოსამართლეები ნელ-ნელა არაკორუმპირებულმა, მაგრამ პროკურატურის მორჩილმა მოსამართლეებმა შეცვალეს. ეს ფაქტი კი სამართლიანობის მძებნელი ქართველი საზოგადოებისთვის სანუგეშო ნამდვილად არ აღმოჩნდა. მაგრამ ის დღეც დადგა, როცა მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პროკურატურის თანამშრომლები მოსამართლეს მუშტების მოღერებითა და მუქარით კაბინეტში შეუცვივდნენ. ამ საკითხზე პარლამენტში შექმნილი კომისია კომისიადვე დარჩა, მოსამართლეებს კი ურჩობა ძვირად დაუჯდათ - ისინი პენსიონერის სკამზე გადასვეს. 

 

უმრავლესობისა და იუსტიციის საბჭოს მდივნის თქმით, მოსამართლეებმა ხმის ამოღება მხოლოდ მაშინ გადაწყვიტეს, როცა საქმე უშუალოდ მათ კეთილდღეობას შეეხო(!) (უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეების ნინო გვენეტაძის, დავით სულაქველიძისა და მერაბ ტურავას წინააღმდეგ დისციპლინური წარმოებაა აღძრული). 

 

ნინო გვენეტაძე: - უპასუხისმგებლო განცხადებებისთვის, რა თქმა უნდა, პასუხს არავის მოსთხოვენ. დარღვევების გამო არაერთხელ მივმართეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. პროტესტისა და ბრძოლის ყველა ხერხი და ფორმა გამოვიყენეთ. ინფორმაცია სასამართლოში არსებული ზეწოლის შესახებ ყველას ჰქონდა, - უზენაეს სასამართლოს, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს. მოსამართლეთა ასოციაციამ ამ საკითხს გამგეობის რამდენიმე სხდომაც მიუძღვნა, მაგრამ ამას ყურადღება არავინ მიაქცია. ტელევიზიით ჩვენი გამოსვლა პროტესტის უკიდურესი ფორმა იყო. ჩვენ სხვა გზა აღარ გვქონდა. საინტერესოა, თუ პრობლემები შემექმნა და ხმა ამოვიღე, რატომ არის ეს ცუდი საქციელი? თანაც აშკარად ფაქტების დამახინჯებასთან გვაქვს საქმე. თითქოს მხო¬ლოდ იმიტომ გავბოროტდით, რომ ჩვენს წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება აღძრეს. სულაც არ მაქვს ილუზია, რომ მთელი სასამართლო კორპუსი გვერდით დაგვიდგება. ის, რაც დღეს სასამართლოში ხდება, მთელმა ქვეყანამ იცის. ვიღაცას ხომ უნდა გაებედა და ეთქვა. ამასთან, მას, ვინც ამაზე ილაპარაკებდა, საამისოდ მორალური უფლებაც უნდა ჰქონოდა. 

 

- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უარყოფს ზეწოლის ფაქტებს და თქვენგან კონკრეტული მაგალითების დასახელებას ითხოვს.

- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე მაია ახალაძე დაიბარა და განცხადების დაწერა მოსთხოვა - ვითომ საკუთარი ნებით უნდა წასულიყო სასამართლოდან. ეს თავმჯდომარეს გენერალურმა პროკურატურამ დაავალა. ისიც განუმარტა მაია ახალაძეს, რომ თუ დათანხმდებოდა, სხვა სტრუქტურაში მისივე მხარდაჭერითა და დახმარებით მიიღებდა სხვა თანამდებობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობას გაირთულებდა. ამაზე მეტი ზეწოლა და მუქარა რაღა გინდათ? მოსამართლე აბსოლუტურად დაუცველი აღმოჩნდა. ახალაძე ჩემი და ბატონ დავით სულაქველიძის წყალობით ვეღარ დაითხოვეს. 

 

- განცხადებების დაწერა და წასვლა თქვენც შემოგთავაზეს?

მერაბ ტურავა: - არაერთგზის, ოღონდ უფრო თავაზიანად მთხოვდა თავმჯდომარე განცხადების დაწერას. თუ განცხადებას 31 დეკემბრამდე დავწერდი, პენსიასაც

 

შევინარჩუნებდი და უცხოეთში სამეცნიერო მუშაობის გაგრძელებაში დახმარებასაც აღმითქვამდნენ... არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები მათხოვრულ პენსიასა და სოციალურ გარანტიას. სასამართლო არ არის სოცუზრუნველყოფის განყოფილება, მოსამართლე კი ყველა გამვლელ-გამომვლელის დავალებების შემსრულებლად არ უნდა იქცეს. 

 

- გამვლელ-გამომვლელებში ვის გულისხმობთ?

ნინო გვენეტაძე - რა თქმა უნდა, პროკურატურას. პროკურატურიდან უკვე დარეკვასაც აღარ კადრულობენ, გვითვლიან, საქმე ასე გადაწყვიტეთო. სასამართლოს თავმჯდომარეს ზეწოლის ფაქტებზე რეაგირება ევალება, მაგრამ ვინ იღებს ხმას? ერთ-ერთი პალატის ხელმძღვანელმა თავმჯდომარეს უთხრა, რომ მოსამართლეებს ავიწროებდნენ. კერძოდ, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები მოსამართლეს კაბინეტში შეუცვივდნენ იმის გამო, რომ მან სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღო. თავმჯდომარეს ამაზე რეაქცია არ ჰქონია. 

 

- პროკურატურა ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უკანონო გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ?

მერაბ ტურავა: - კუბლაშვილის კაბინეტში ესეც მომისმენია, - მართალია, დანაშაული არ აქვს ჩადენილი, მაგრამ რა მოხდა, ჩაჯდეს, სამ წელიწადში გამოვა, ბიჭებს პროკურატურიდან ხომ ვერ ვაწყენინებთო. ადამიანისთვის, რომელსაც ბრალი არ უმტიცდება, რას ნიშნავს სამი წელიწადი ციხეში ჯდომა, ხომ წარმოგიდგენიათ? 

ნინო გვენეტაძე: - შეიძლება, მოსამართლე გამოვიდეს და საქმის განუხილველად განაცხადოს, რას უპირებს პატიმარს? ჩვენი საკითხი ჯერ არ განხილულა და უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი კი პროგნოზს აკეთებს. ისიც კი დაგვაბრალეს, გვენეტაძე, ტურავა და სულაქველიძე ანტიკონსტიტუციურ კანონებს წერდნენ, მოსამართლეებს იბარებდნენ და განცხადებებს თვითონ აწერინებდნენო. გამოდის, ამ ქვეყანაში ჩვენ ვყოფილვართ ყველაფერი - უზენაესი სასამართლოსა და პარლამენტის თავმჯდომარეებიც. ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადების გამო მათ პასუხს არავინ სთხოვს, სამაგიეროდ, თუ ჩვენ ხმას ამოვიღებთ უკანონობის წინააღმდეგ, პოლიტიკურ განცხადებად ჩაგვეთვლება. 

 

- მაინც რა დისციპლინურ გადაცდომაზეა ლაპარაკი? იქნებ საამისო საფუძველიც არსებობს? 

მერაბ ტურავა: - თავის მართლება უაზრობა იქნება. სჯობია, ფაქტებზე ვილაპარაკოთ. იურისტის განათლება სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ გაარკვიო, რა მოხდა სინამდვილეში.

 

მცხეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ძმამ ძმა მოკლა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მკვლელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებულმა დედამ განაჩენი არ გაასაჩივრა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. სამაგიეროდ, განაჩენი გაასაჩივრა გარდაცვლილის მეუღლემ. ცოლ-ქმარი 12 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა და ორი მცირეწლოვანი შვილიც ჰყავდათ, მაგრამ იურიდიულად ურთიერთობა გაფორმებული არ ჰქონდათ. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დაზარალებულ მეუღლეს შეუძლია სასამართლოში საჩივრის შეტანა. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმისთვის, რომ ქალს დაზარალებულის სტატუსი მიეღო, საკმარისი იყო ცოლქმრული ურთიერთობის ფაქტობრივი სტატუსი. ეს გადაწყვეტილება ჩვენც გავიზიარეთ და კანონის სრული დაცვით საქმე საოლქო სასამართლოში სამჯერ დაბრუნდა. საბოლოოდ ეს საქმე სხვადასხვა დროს თვრამეტმა მოსამართლემ განიხილა და არავის შეჰპარვია ეჭვი და არავის უთქვამს, რომ ამ ქალს დაზარალებულის სტატუსი არ ეკუთვნოდა. დარღვევა მხოლოდ იუსტიციის საბჭომ `აღმოაჩინა, თუმცა იქაურმა არაკომპეტენტურმა `ბავშვებმა~ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს: ბავშვები, რომელთაც მამა მოუკლეს, დაზარალებულები არიან, ეს უდავოა. უდავოა ისიც, რომ მცირეწლოვანი ბავშვების კანონიერი წარმომადგენელი დედაა, რომელსაც შვილების უფლებების დასაცავად სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება აქვს. ევროსასამართლოს ჯერ კიდევ 1994 წელს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ ოჯახური თანაცხოვრების ცნება არ იზღუდება მხოლოდ ოფიციალურ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და შესაძლოა, დე ფაქტო ოჯახურ კავშირებსაც მოიცავდეს. 

 

ეს არის ჩვენი `დანაშაული~. გასული წლის ოქტომბრის თვეში ამ საქმის გამო ჩვენზე დისციპლინური დევნა აღძრეს, მაგრამ იუსტიციის საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით აღიარა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება სრულიად კანონიერად, სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული დაცვით მიიღო. მაშინ საბჭომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა დისციპლინური დევნის საფუძველი. ეს თემა კარგა ხნის დახურული იყო, როცა იუსტიციის საბჭომ ერთხელ უკვე განხილულ და გარჩეულ საქმეზე დისციპლინური დევნა თავიდან აღძრა... 

საინტერესოა, რომ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება დღემდე არავის გაუუქმებია, თანაც მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია, რომ დაუშვებელია პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის ორჯერ აღძვრა ერთი და იმავე ქმედებისათვის. 

 

ნინო გვენეტაძე: - იუსტიციის საბჭოდან გვედავებიან იმაზე, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილისთვის დარღვევად არ ითვლება. საბჭოს თქმით, ჩვენ თურმე სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების შვიდდღიან ვადას ვარღვევთ და განჩინებებს ქვემდგომ ინსტანციაში კვირაობით არ ვაგზავნით, რითაც პატიმართა უფლებებს ვარღვევთ. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებებს ზუსტად იმავე პროცედურით იღებდა და ასრულებდა, როგორც საკასაციო პალატა. უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილის თავმჯდომარეობით განიხილა ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე და 2005 წლის 30 მაისს გამოიტანა განჩინება. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას ეს განჩინება ორი თვის შემდეგ, 2005 წლის 28 ივლისს გადაეგზავნა. საინტერესოა, ის, რაც ჩვენს წინააღმდეგ დევნის აღძვრის საფუძვლად ითვლება (თუმცა ამის კანონიერი საფუძველი არ არსებობს), დიდი პალატისა და მისი თავმჯდომარისთვის რატომ არის ჩვეულებრივი მოვლენა?

 

 

 

 

 

 

კვირის პალიტრა

ხათუნა პაიჭაძე

 

 

 

 

 

 

18-02-2015, 14:06    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი