ორი ქართველის მიერ შექმნილი ერთადერთი სოციალური ქსელი, რომელიც ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროს აკავშირებს, ამერიკას იპყრობს

სოციალური ქსელების სიმრავლის მიუხედავად, ორი ქართველის მიერ დაარსებული ახალი სოციალური ქსელი Deehubs საკმაოდ პოპულარული გახდა. ბაქარ მარუაშვილი და გიორგი გურგენიძე ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც ქართული ინოვაციური ვებ-პროექტი ამერიკაში წარმატებით გაიტანეს.

 

Deehubs ეს არის პლატფორმა, სადაც მომხმარებელი ქმნის მესიჯს, სურათს, რომელიც ქვეყნდება ქალაქის ქუჩებში პროექტორებისა და ელექტრონული ბილბორდების მეშვეობით. Deehubs.com არის პირველი სოციალური ქსელი, რომელიც აკავშირებს ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროს. ჩვენ სოციალური ქსელის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი გურგენიძეს ამერიკაში დაუკავშირდა. 

 

- გიორგი, რას ნიშნავს Deehubs-ი? როგორ ჩამოყალიბდა და ვინ შექმნა?

- სოციალური ქსელი მე და ჩემმა მეგობარმა ბაქარ მარუაშვილმა შევქმენით. ბავშვობის მეგობრებს Deehubs-ის იდეა დაახლოებით ორი წლის წინ გაგვიჩნდა. რუტინული სამსახურების შემხედვარეს, გვსურდა, რომ სიახლე შეგვექმნა და შემდგომ ეს სიახლე არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსათვის გაგვეზიარებინა. Deehubs-ის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც დავინახეთ, რომ სოციალური ქსელი, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს, შემოიფარგლება თქვენი მეგობრების რაოდენობით და ხმის მიწვდენა რეალურ ადამიანებთან და რეალურ ადგილებში წარმოუდგენელი იყო. ონლაინ კომუნიკაციას ასევე ის ახასიათებს, რომ ის მუდმივად რჩება პატარა ეკრანში ჩაკეტილი. სოციალურ ქსელებში ადამიანების ურთიერთობები კი უკვე მხოლოდ "ლაიქით" და "სმალებით" შემოიფარგლება. 

თავად სოციალური ქსელის სახელი მოდის სიტყვა hub-ის ფუძიდან, რაიმე სპეციალური მნიშვნელობა არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ქალაქის ის აქტიური წერტილები, სადაც მესიჯები გადის, ერთგვარი თავმოყრის ადგილი იქნება მომავალში; ადგილები, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სიახლეებს, აღმოაჩინოთ ადამიანები და ესაუბროთ მათ.

 

- რა განსხვავებული ნიშა აქვს Deehubs-ს? რითია ის საინტერესო? 

- Deehubs-ით ადამიანები აღარ საუბრობენ ჩატში და სტატუსებში, რომლებიც შემდეგ მხოლოდ სტატუსებად დარჩება და მხოლოდ თქვენი მეგობრების გარკვეული რაოდენობა იხილავს მათ. ქალაქის გამოყენება, როგორც სოციალური ქსელისა, ესაა ის სიახლე, რომელსაც Deehubs-ი სთავაზობს თავიანთ მომხმარებლებს. Deehubs-ით ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ქალაქების საშუალებით ელაპარაკონ, დაწერონ და გამოხატონ თავიანთი აზრი რეალურ, ფიზიკურ სივრცეში, სადაც "გამარჯობა" შეიძლება ერთი სართულის ხელა იყოს და არა 12 პიქსელი.

 

- რითი შეუძლია ამ პროექტს მომხმარებლების დაინტერესება? 

- Deehubs-ი სრულიად განსხვავებული კომუნიკაციაა და სრულიად ახლებური, ამიტომ მისი გამოყენებაც ამ ეტაპზე მრავალფეროვანია. ქუჩაში დაწერა ყველასათვის შესაძლებელია, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა გამოყენებას ნახულობს. ზოგი სიყვარულს უხსნის ერთმანეთს, ზოგი თავის მძაფრ და მკაფიო პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავს ქუჩებში, ხელოვანი ადამიანები თავიანთ ნაშრომებს აქვეყნებენ, ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენებს აღწერენ. ქუჩები ნელ-ნელა საკუთარი მოსახლეობის ანარეკლი ხდებიან.

 

- რა მასშტაბებს მოიცავს ეს პროექტი? რა ასაკის მომხმარებელი ჰყავს?

- Deehubs-ი ნოემბრის ბოლოსკენ ჩაეშვა, მისი მომხმარებლის ნახევარზე მეტი საშუალოდ, 18-35 წლამდე ასაკისაა. ამჟამად გამოგზავნილი მესიჯები მხოლოდ სიეტლის ქუჩებში ქვეყნდება. თუმცა პროექტის გაფართოების გეგმა ნელ-ნელა განხორციელებას იწყებს და მოიცავს ამერიკის სხვა დიდ 25 ქალაქში გატანას. ამისათვის Deehubs-ის გუნდმა წამოიწყო Indiegogo კამპანია, სადაც უკვე ყველა ადამიანს ექნება საშუალება, თავისი წვილი შეიტანოს კომპანიის გაზრდაში და სანაცვლოდ საინტერესო საჩუქრები მიიღოს. 

 

- რა ეროვნების წარმომადგენლები მოიხმარენ უფრო ხშირად ამ სოციალურ ქსელს?

- მიუხედავად იმისა, რომ მესიჯები ჯერ მხოლოდ სიეტლში ქვეყნდება, ჩართულობა მთელი მსოფლიოდან მოდის. პირველ კვირებში მესიჯების დიდი ნაკადი საქართველოდან იყო, თუმცა შემდგომ უფრო მეტი სიეტლის მაცხოვრებელიც ჩაერთო. ამჟამად ყველაზე აქტიური მომხმარებლები თავად სიეტლიდან არიან, ასევე ბევრი მესიჯი შემოდის ამერიკის სხვა ქალაქებიდან. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია, რომელსაც მოსდევს უკრაინა, რუსეთი, ევროპა (ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი), ბრაზილიაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა. 

 

- რამდენად ძვირადღირებული პროდუქტია?

- Deehubs-ის ამჟამინდელი სახე (პროექციები) ერთი დიდი მთლიანი ხედვის დასაწყისია. სხვა ქალაქებში გატანის შემდეგ, 2015 წლის მეორე ნახევარში უკვე დაგეგმილია Deehubs-ის 3 ბილბორდის დადგმა ამერიკის სხვადასხვა ქალაქში. მესიჯის გაგზავნა უფასოა და უფასო იქნება სამომავლოდაც. ამასთანავე, გუნდი ნელ-ნელა მუშაობს პროდუქტის გაუმჯობესებაზე, სადაც მომხმარებლებს ექნებათ უფრო მეტი კომუნიკაციის და ჩართულობის შესაძლებლობა.

 

 

 

 

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

 

 

23-01-2015, 14:24    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი