ანი გიუნტერს საახალწლო საჩუქარს დედა დღემდე ბალიშის ქვეშ უტოვებს - ცნობილი დედები და ახალი წელი

დადგა დეკემბერი და დაიწყო წინასაახალწლო ფუსფუსი. ამ დღესასწაულის მოსვლა განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ, რომელნიც დიდი გულისყურით ელიან ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუის მოსვლას და მის დანატოვარ საჩუქრებს.

 

ცნობილ დედებს ახალი წლის, თოვლის ბაბუის, მათი შვილების სურვილების შესახებ ვკითხეთ. სხვათა შორის, ანის სწორედ იმ დროს დავურეკე, როცა შვილებთან ერთად ნაძვის ხეს აწყობდა, მისმა უფროსმა შვილმა, მაშომ კი, თავად გვითხრა, რა დააბარა წელს თოვლის ბაბუას.

 

ანი გიუნტერი: "ვცდილობ, თორმეტი საათი შევიგრძნო და გავიხარო ოჯახის წევრებთან ერთად"

- დღეს ქალაქში ვსეირნებოდი ბავშვებთან ერთად. ირგვლივ მორთული შენობები, ფიფქები და ნაძვის ხეები რომ დაინახეს, თავადაც გაუჩნდათ სურვილი, მოგვერთო ნაძვის ხე, დამაძალეს და ახლა ზუსტად მაგ პროცესში ვართ. ზოგადად, ნაძვის ხეს თვის ბოლოს, დასვენების დღეებში ვაწყობდი, ასე ადრე არასდროს მომიკიდია ამ საქმისთვის ხელი. რაც უფრო მეტი მიზეზი გვექნება ადამიანებს, რომ განსაკუთრებული განწყობა შევიქმნათ, მით უეკეთესი. არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რა საჭიროა სიყვარულის დღე, ყოველი დღე სიყვარულიაო... ვფიქრობ, რომ საჭიროა ადამიანებისთვის რაღაც მიზეზი ერთამენთთან შესახვედრად, ამაღლებული განწყობის შესაქმნელად, ახალი წელი კი ამისთვის ყველაზე კარგი "საშუალებაა".

- ახალი წლის ღამეს სურვილის ჩაფიქრების რიტუალი თუ გაქვს? იმასაც ამბობენ, სურვილი უნდა დაწერო, შემდეგ ფურცელი დაწვა, შამპანურში ჩაყარო და თუ დალევ, აუცილებლად აგისრულდებაო, მსგავსი რამ ხომ არ გაგიკეთებია ოდესმე?

- არა, ასეთი რამ არ გამიკეთებია, მაგრამ იმდენად ამაღელვებელი მომენტია, რომ ვცდილობ, თორმეტი საათი შევიგრძნო და გავიხარო ოჯახის წევრებთან ერთად. წელს სად შევხვდები, არ ვიცი, ამ წამს დამპატიჟა ერთ-ერთმა რესტორანმა და შესაძლებელია იქ წავიდე.

- თქვენს ოჯახში თოვლის ბაბუის საკითხი როგორ დგას? უკვე შეკვეთილი აქვთ სურვილები?

- დაახლოებით 10 წლის ვიყავი, დედამ მკითხა, რა გინდა თოვლის ბაბუმ მოგიტანოსო და დავიწყე ტირილი, ასე პირდაპირ როგორ მეკითხები და როგორ მიკლავ ზღაპარს-მეთქი. რასაკვირველია, ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ის ტრადიცია, რომ ბალიშის ქვეშ უნდა დამხვედროდა საჩუქარი, მინდოდა, შენარჩუნებულიყო და სხვათა შორის დღემდე, დედა როცა ახალი წლის დღეებში მოდის ჩემთან, ბალიშის ქვეშ მიტოვებს საჩუქარს და მეც მეორე დილამდე ვერ ვნახულობ, რა არის.

- შენს შვილებთანაც აგრძელებ ამ ტრადიციას და ბალიშის ქვეშ ახვედრებ საჩუქრებს?

- არა, ჩვენ შარშან თოვლის ბაბუამ თვითონ მოგვიტანა, შემოვიდა და დაასაჩუქრა ბავშვები.

- წელს რისი მოტანა სთხოვეს ბავშვებმა? წერილი მისწერეს თუ როგორ მიაწვდინეს ხმა?

- მაშო ოთხწლინახევრისაა, მაგრამ წერა მგონი თოვლის ბაბუსთვის ისწავლა და დაუწერა სურვილი... თავად მაშო გეტყვის რაც უნდა.

მაშო:

- მე მინდა ექიმის ფორმები, ექიმის რაღაცები და ისეთი თოჯინა, რომელიც ცუდააა, რომ მოვუარო. 

- შენს ძამიკოს რა უნდა?

- თოფი.

ანი:

- მე ჯერ არ ვიცი, რა მინდა, მაგრამ საჩუქრების გაკეთების ტრადიცია უფროსებშიც გვაქვს.

- ანი, გასნაკუთრებულად რომელი ახალი წელი გახსენდება?

- პირველი ახალ წელი მაშოსთან ერთად. მაშინ ძალიან პატარა იყო, ვერ აცნობიერებდა რა ხდებოდა, მაგრამ 12 საათისთვის გავაღვიძეთ, ჩავაცვით ფიფქიას ფორმა და ერთად შევხვდით ახალი წლის დადგომას, ძალიან მინდოდა, ჩემთან ერთად ყოფილიყო.

 

სოფო გელოვანი: "შარშან ფანჯრიდან "შემოძვრა" თოვლის ბაბუ, მთელმა ოჯახმა "დავინახეთ"

 

- ძალიან მიყვარს ახალი წელი, ბავშვობაში უფრო მეტად მიყვარდა, ალბათ იმიტომ, რომ უფრო სხვანაირად ვხვდებოდით, გვჯეროდა თოვლის ბაბუის. ახლა უფრო მეტად შობას ველოდები. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ოჯახი მარხვაზე ვართ, სხვანაირად ვხვდებით 31 დეკემბერს, შობას კი უფრო საზეიმო განწყობა გვაქვს. დათა ელოდება ხოლმე ნაძვის ხის აწყობას დიდი სიხარულით, სიმართლე გითხრათ, მეც განსაკუთრებული განწყობით ვრთავ ნაძვის ხეს.

- დათას თოვლის ბაბუის ჯერ კიდევ სჯერა, ალბათ?

- კი და მინდა, კიდევ დიდხანს სჯეროდეს. გუშინ დავწერეთ წერილი, ჯერ 5 წლისაა, წერა არ იცის, ამიტომ მკარნახობდა, მე კი ვწერდი, მერე მამამ წაიღო, ფოსტაში ჩააგდო და ველოდებით, როდის მოუტანს თოვლის ბაბუ საჩუქარს.

- საჩუქრის გადაცემა როგორ ხდება, თავად თოვლის ბაბუ მოდის ხოლმე თქვენთან, თუ ახვედრებს ნაძვის ხესთან?

- შარშან ფანჯრიდან "შემოძვრა" თოვლის ბაბუ, მთელმა ოჯახმა "დავინახეთ", აღვნიშნეთ ეს და დათას რაფაზე რომ დახვდა საჩუქარი, ძალიან გახარებული იყო. ჩემს ბავშვობაშიც იგივენაირად იქცეოდნენ ჩვენი მშობლები, ვწერდით სურვილებს და შემდეგ თოვლის ბაბუ გვახვედრებდა საჩუქრებს, ვიყავით ოთხნი, მეოთხე კი გვიან შემოგვემატა, მაგრამ მანამდე ორი და და ერთი ძმა დიდი ჟრიამულით ველოდებოდით ამ წუთებს. ეს ყველაფერი აუცილებელია ბავშვებისთვის, კიდევ უფრო ულამაზებს ბავშვობას.

- წელს რა სთხოვა დათამ თოვლის ბაბუს?

- განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს ხოლმე, წელს ძალიან დიდი გლობუსი სთხოვა, სადაც მთელი მსოფლიოს ქვეყნები იქნება დატანილი, გატაცებულია გეოგრაფიით, და ასევე - ლეგოს დიდი ასაწყობი.

- რაიმე განსაკუთრებული რიტუალი თუ გაქვთ ამ დღესასწუალთან დაკავშირებით?

- მიყვარს, როცა ახალ წელს ყველა ერთად, ოჯახში ვხვდებით, მაგრამ მოგეხსენებათ, ამ პერიოდში კონცერტებია, ხანდახან მიწევს გარეთ შეხვედრაც. თუ მაქვს საშუალება, რომ სახლში მოვრიბინო, შევხვდე და მერე გავიქცე, ამას აუცილებლად ვაკეთებ.

 

 

 

 

 

16-12-2014, 12:58    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი