მიზეზები, რომლის გამოც საქართველოში საწვავი ძვირი ღირს

ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი მსოფლიოში მინიმუმამდე დაეცა: ივლისის შუა რიცხვებში 1 ბარელი ნავთობი 115 დოლარი ღირდა, დღეს კი ეს ფასი ლამის 100 პროცენტით არის შემცირებული:

 

ნიუ-იორკში 1 ბარელი ნავთობი 57.81 დოლარი ღირს, ხოლო ლონდონში - 61.80 დოლარი. სპეციალისტთა ვარაუდით, შეიძლება მომავალში საწვავი კიდევ უფრო გაიაფდეს. ამ ფონზე გამუდმებით ისმის საყვედური, რომ საწვავის ქართული ბაზარი საერთაშორისო ფასებს მხარს ვერ უბამს, რომ საწვავი ჩვენთან ისევ ძვირია. მარტივ გაანგარიშებას თუ მოვიშველიებთ, ეს საყვედური უსაფუძვლო ნამდვილად არ ჩანს: ე.წ. პლატცის საერთაშორისო ფასი არის 574$, რაც ეროვნულ ვალუტაში 1056 ლარია (1.84 კურსით). ამას ემატება აქციზის გადასახადი - 250 ლარი. ჯამში ვღებულობთ 1306 ლარს. 1 ტონა ბენზინი 1330 ლიტრი მოცულობისაა. თუ 1306 ლარს გავყოფთ 1330 ლიტრზე, მივიღებთ, რომ კომპანიებს 1 ლიტრი საწვავი აქციზის გადასახადთან ერთად 98 თეთრი უჯდებათ. რასაკვირველია, საწვავს ტრანსპორტირება და რეალიზაცია უნდა და ესეც კომპანიის ხარჯია. სანავთობო კომპანიებს ფინანსურ ანგარიშებში მითითებული აქვთ, რომ სატრანსპორტო, სარეალიზაციო, ადმინისტრაციული და ზედნადები ხარჯების ოდენობა 1 ლიტრზე 10 თეთრს შეადგენს. როგორც დავთვალეთ, 1 ლიტრი საწვავი ყველანაირი ხარჯით 1.08 ლარი ჯდება. ამ თანხას ემატება დღგ - 18%, რაც 19.4 თეთრია. საბოლოო ჯამში, ყველანაირი ხარჯის ჩათვლით 1 ლიტრი პრემიუმი კომპანიებს დაახლოებით 1.27 ლარი უჯდებათ და საშუალოდ 2.09 ლარად ჰყიდიან ანუ 80-82-თეთრიანი მოგებით. გამოდის, რომ ეს კომპანიები საწვავს 64%-იანი მოგების მარჟით ჰყიდიან, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას იწვევს.

 

"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა, ბპნ.გე-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა იძლევა იმის წინაპირობას, რომ ნავთობის ფასი მცირდება.

 

ვანო მთვრალაშვილი: "ბოლო პერიოდში საწვავის ფასი ლამის ყოველდღიურად მცირდება, საბოლოოდ, ასეთი სურათი მივიღეთ: 14 ნოემბერს ბენზინის ფასი "პლატცის" მიხედვით 720 დოლარი ღირდა, ნოემბრის ბოლოს კი, 

 

ეს ფასი 665 დოლარამდე დაეცა, დეკემბრის დასაწყისში 650 დოლარი ღირდა და ბოლო დღეებში - 574-545 დოლარის ფარგლებში მერყეობს. როდემდე გაგრძელდება ნავთობის ფასის დაცემა? - ამ საკითხზე სხვადასხვა პროგნოზი არსებობს, მაგრამ საკმაოდ კომპეტენტური ანალიტიკური ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ 2015 წელს ნავთობის ფასი სადღაც 60-75 დოლარს შორის იმერყევებს, თუმცა, არ არის გამორიცხული ეს ფასი კიდევ უფრო შემცირდეს და 50 დოლარამდე ჩამოვიდეს, ყოველ შემთხვევაში, 2015 წელს ნავთობზე ფასი რომ არ გაიზრდება, ეს უკვე აშკარაა.

 

ხშირად გვეკითხებიან - მსოფლიოში ნავთობის ფასი ლამის განახევრდა და ჩვენთან რატომ არ იაფდებაო? - საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, რის გამოც გაიაფებული პროდუქტის შემოსვლა ქართულ ბაზარზე თანდათან ხდება. როგორც წესი, ჩვენთან სხვადასხვა ფასში ნაყიდი საწვავი იყიდება. ბოლო დღეებში გაიაფებული პროდუქცია კი, ჯერ ნაყიდიც არა აქვს ვინმეს, არათუ შემოტანილი. ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობაც, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, აგვისტოდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში საწვავის ფასი საშულოდ 25 თეთრით შემცირდა. რაც შეეხება მომავალს, ფასების შემცირება მომავალშიც გაგრძელდება და ეს უდავოა. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ფასები კიდევ შემცირდება, რასაც საახალწლო აქციებიც ხელს შეუწყობს".

16-12-2014, 11:23    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი