Financial Times-მა წლის ადამიანად Apple-ის გენერალური დირექტორი დაასახელა

ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა წლის ადამიანად Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი დაასახელა. Financial Times-ის განცხადებით, 2014 წელს ტიმ კუკიმ შეძლო კომპანიის ლეგენდარული დამაარსებლის სტივ ჯობსის ჩრდილიდან გამოსვლა და Apple-ისთვის ახალი სისხლის გადასხმა.

 

”Apple-ის ახალი ტექნოლოგიები და ფინანსური წარმატება სრულებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ტიმ კუკი წლის ადამიანად დაგვესახელებინა”, - ნათქვამია Financial Times-ის რედაქციის განცხადებში. 

 

ტიმ კუკის ხელმძღვანელობისას ამერიკულმა კომპანიამ რამდენიმე ახალი პროდუქტი წარმოადგინა - Apple Watch და Apple Pay. ექსპერტთა განცხადებით, ამით Apple-მა ნოვატორის იმიჯი აღიდგინა, რომელიც ბევრი კრიტიკოსის აზრით, სტივ ჯობსთან ერთად გარდაიცვალა. Financial Times-ში ასევე აღნიშნავენ, რომ 2014 წლის თებერვლიდან მოყოლებული დღემდე ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 50%-ით გაიზარდა, Apple კი კვლავ დასახელდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად, რომლის კაპიტალიზაციამ 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

 

ამასთან ერთად, ბრიტანულ გამოცემაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მათ ასევე გაითვალისწინეს ტიმ კუკის მიერ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გასაჯაროება - რამდენიმე თვის წინ Apple-ის გენერალური დირექტორი გამოტყდა, რომ გეია. Financial Times-ის სარედაქციო ჯგუფის განცხადებით, ამ აღიარებით ტიმ კუკიმ მამაცური ნაბიჯი გადადგა. 

 

ექსპერტები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ გარდა წარმატებული მეწარმეობისა, ტიმ კუკი აქტიურად არის ჩართული გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ზრუნვასა და სექსუალური უმცირესობების დაცვაში. 

 

Financial Times-ი ყოველწლიურად ავლენს ”წლის ადამიანს” ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში. 2010 წელს ბრიტანულმა გამოცემამ წლის ადამიანად Apple-ის ლეგენდარული დამფუძნებელი სტივ ჯობსი დაასახელა.

 

 

 

 

12-12-2014, 14:26    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი