"თბილისი ბერდება!"

თბილისში უფრო და უფრო მატულობს ახალი საცხოვრებელი შენობების რიცხვი. ამასთან, გასულ საუკუნეში აშენებულ სახლებს ექსპლუატაციის ვადა თითქმის ამოეწურა და ზოგ მათგანში ცხოვრების გაგრძელება სარისკო ხდება. 

 

რამდენად უსაფრთხოა გასულ საუკუნეში აშენებული საცხოვრებელი ბინები, რა სამშენებლო ნორმები არსებობს დღეს საქართველოში და იცავენ თუ არა მათ სამშენებლო კომპანიები.

 

კონსტრუქტორ-ექსპერტი, ალექსანდრე ყურაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ისევ ის სამშენებლო ნორმები მოქმედებს, რომლებიც გასულ საუკუნეში მიიღეს.

 

ალექსანდრე ყურაშვილი: ,,რეალურად, ახალ სამშენებლო სტანდარტებზე საქართველო არ გადასულა. საუბარია საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ სამშენებლო წესებზე, ე.წ. "სნიპებზე" (СНиП – Строительные нормы и правила), რომლებიც დღესაც მთავარ სამშენებლო სტანდარტებად გამოიყენება. როგორც წესი, საბჭოთა კავშირის პერიოდში მშენებლობები წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. მაგრამ, მაშინ აგებული შენობების უმეტესობა საცხოვრებლად უკვე სახიფათოა. უმეტესობას საექსპლუატაციო ვადა გასული აქვს, დაწყებული საბურთალოდან, დამთავრებული ძველი თბილისის, ისანის, სამგორის, ვარკეთილის, გლდანის შენობებით. დაახლოებით 95%-ს საექსპლუატაციო ვადა გასული აქვს. საექსპლუატაციო ვადის გასვლა ნიშნავს, რომ შენობა უკვე ვეღარ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და ის საფრთხის შემცველია იქ დასახლებული ხალხისთვის. რთულია მოსალოდნელი საფრთხეების პროგნოზირება. ბევრი რამ ბუნებრივ მოვლენებზეა დამოკიდებული".

 

მისივე თქმით, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ამ შენობების რეაბილიტაცია, რადგან მსგავს შენობებში საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს. "ეს კორპუსები არის 40, 50, 70-ბინიანი, იმის მიხედვით, თუ რამდენ სადარბაზოიანია. ძირითადად, არის ოთხსადარბაზოიანი კორპუსები. ასევე არის 2 და 3 სადარბაზოიანებიც. ყველა ეს კორპუსი მასობრივად დასახლებულია", - ამბობს ალექსანდრე ყურაშვილი. ყურაშვილთან საუბრისას ირკვევა, რომ საცხოვრებლად საფრთხის შემცველი კორპუსების უმეტესობა ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეა.

 

Ambebi.ge კონსტრუქტორის მიერ დასახელებულ ტერიტორიას ესტუმრა. განსაკუთრებული ყურადღება 1910 წელს აშენებულმა სამსართულიანმა შენობამ მიიპყრო, რომელშიც ამჟამად 26 ოჯახი ცხოვრობს. როგორც "ამხანაგობა ისანი 24-ის კორპუსის თავმჯდომარე" თამარ ბეიქრიშვილი აღნიშნავს, შენობის მოსახლეობამ თავისი სახსრებით ჩაატარა ექსპერტიზა, რომელმაც საკმაოდ საშიში შედეგები დადო.

 

ექსპერტიზა 2002 წელს საკოორდინაციო ექსპერტთა ჯგუფმა ჩაატარა და დოკუმენტში, რომელშიც ექსპერტიზის შედეგებია მითითებული, აღნიშნულია, რომ შენობის კედლები გამოსულია მწყობრიდან. დარღვეულია კარკასი. დასკვნაში მითითებულია, რომ შენობას სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. SOS - წერია დასკვნაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინდელი მდგომარეობით, შენობა სასწრაფოდ მისახედი იყო, მაგრამ კაპიტალური რეაბილიტაცია კორპუსს დღემდე არ ჩატარებია. კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, თამარ ბეიქრიშვილი ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ: "წელს საკრებულოში და გამგეობაში არის თანადაფინანსების პროგრამები. ამ თანადაფინანსებით შეიძლება საძირკველის გამაგრება, მაგრამ თანადაფინანსება გულისხმობს, რომ საერთო ღირებულების 80%-ს სახელმწიფო სტრუქტურა (მერია, საკრებულო, გამგეობა) იხდის, 20%-ს კი მოსახლეობა. ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას არც ამ 20%-ის გადახდა შეუძლია".

 

მისივე თქმით, ის უკვე ეძებს ინვესტორს, რომელიც ამ შენობის ნაცვლად, ახალ შენობას ააგებს. მაგრამ ინვესტორებს ოჯახების სიმრავლე აშინებს და უარს ამბობენ ახალი შენობის აგებაზე.

 

ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი აღნიშნავს, რომ 15 წელია ჭერი დაზიანებულია, წყალი ჩამოდის: "ერთხელ ცემენტის იმხელა მასა ჩამოინგრა, ჩემი ძმა ოთახში რომ ყოფილიყო, რამე დაემართებოდა. სადარბაზოშიც სულ ცემენტი ცვივა მაღლიდან. ბავშვებს სულ ვაფრთხილებთ, აქ არ ითამაშონ და ფრთხილად იარონ. მუდმივი საფრთხის ქვეშ ვართ", - ამბობს ვალენტინა ჩერვაკოვა.

 

იმავე მაცხოვრებლის თქმით, ერთი ოჯახი იძულებული გახდა საკუთარი ბინა მიეტოვებინა, რადგან მათ სახლში კორპუსის ავარიულობის გამო იატაკი თანდათან დამრეცი გახდა და კედლებიც საკმაოდ დაზიანებულია. აღნიშნულ შენობასთან ახლოს, საექიმოს შესახვევ N2-ში, კიდევ ერთი პრობლემური კორპუსია. შენობა 9-სართულიანი და 11 სადარბაზოიანია. ambebi.ge კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს, ნინო გუბელიძეს გაესაუბრა.

 

"კორპუსი რამდენიმე ადგილას გადაბმულია. ადრე სპეციალური მასალით იყო ამოვსებული. ქარმა და წვიმამ ეს მასალა დააზიანა და ახლა კორპუსის შიგნით ნაპრალებია გაჩენილი. ამ ნაპრალებიდან სისველე ჩადის და კედლებს აზიანებს" - ამბობს ნინო გუბელაძე, თუმცა მიუხედავდა ამისა, კორპუსის თავმჯდომარე არ მიიჩნევს, რომ შენობა ავარიულია.

მისივე თქმით, ისნის რაიონის ახალ დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს უკვე გააცნეს აღნიშნული პრობლემა.

 

ზურაბ ნეფარიძე amebi.ge-სთან საუბრისას სახსრების უქონლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ისნის რაიონს ყოველთვის ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ამიტომ აქ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. "ჩვენ პრიორიტეტები დავსახეთ, ჯერ გზის საფარი გავაკეთეთ. რაც შეეხება ავარიულ კორპუსებს, ამ ეტაპზე, სახსრების უქონლობის გამო არაფრის გაკეთება შეგვიძლია. თუმცა, ჩვენ ყველა პრობლემას ვსწავლობთ და 2015 წლიდან, თბილისის მერიისა და გამგეობის ბიუჯეტის ერთობლივი ძალებით აუცილებლად მოხდება ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია", - აღნიშნავს ზურაბ ნეფარიძე.

 

რაც შეეხება ახალ მშენებარე კორპუსებს, დეველოპერული კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სუსტად კონტროლდება სამშენებლო პროცესები. როგორც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მთავარი არქიტექტორი, გიორგი მეგრელიშვილი აღნიშნავს, საქართველოში 28 ქვეყნის სამშენებლო ნორმატივები მოქმედებს. პროექტები, ძირითადად, დამუშავებულია საქართველოში არსებული ნორმების საფუძველზე (ე.წ. ”სნიპი”), თუმცა ასევე ხდება ახალი ტექნოლოგიების, ტექნიკური ნიუანსების ევროპული სტანდარტების მიხედვით დამუშავება. მისივე თქმით, მათი კომპანია საკუთარი ინიციატივით იღებს ყველა საჭირო სერთიფიკატს: ”ჩვენ ჩვენი ინიციატივით ვიღებთ სერთიფიკატებს, რომ ჩვენი პროექტები ყველა სტანდარტთან შესაბამისობაში იყოს. სანქციების შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. სახელმწიფოს მიერ არც ერთი ობიექტი არ კონტროლდება, მხოლოდ ითხოვენ იმ ტექნიკური დანადგარების, მოწყობილობების მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლებიც შენობაში დგას. მაგალითად, ლიფტი. და თუ საჭიროდ ჩათვალეს, ითხოვენ შენობის მდგრადობაზე კონსტრუქციულ დასკვნას”, - აცხადებს გიორგი მეგრელიშვილი.

 

მერიის იურიდიულ განყოფილებასა და ზედამხედველობის სამსახურში ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხი გაგვცეს. მერიის იურიდიულ განყოფილებაში ამბობენ, რომ მათი სამსახური სისტემატურ ინსპექტირებას ატარებს და მშენებარე ობიექტები მოწმდება. ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით კი, მერია შენობებს აკონტროლებს მხოლოდ ექსპლუატაციის მიღების პროცესში. მშენებლობის პროცესის კონტროლი მხოლოდ მშენებლობის პროექტის დამკვეთის სურვილის შემთხვევაში ხდება.

 

რაც შეეხება კანონმდებლობას, ყოველივე აღნიშნულს "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი" აკონტროლებს. თუმცა, კანონების დაცვით მიმდინარეობს თუ არა ეს პროცესები და რამდენად უსაფრთხოა ახალ ბინაში შესვლა, როგორც ჩანს, სამშენებლო კომპანიების კეთილსინდისიერებაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურებზე.

 

 

ambebi.ge

 

3-10-2014, 20:03    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი