როცა ბავშვი არ გიჯერებთ - რა შეიძლება მოიმოქმედოთ დასჯის ნაცვლად

ცხოვრებაში ძალიან ხშირია მომენტები, როცა ბავშვი არ გიჯერებთ და იძულებული ხართ, დასაჯოთ. შეიძლება იმ დროს გეჩვენებათ, რომ სასჯელი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, არადა, დასჯის არაერთი ალტერნატივა არსებობს და ზოგიერთ მათგანს აქვე წარმოგიდგენთ.

 

1. რიგში დგახართ და პატარა არ ისვენებს. მიეცით საშუალება, ითამაშოს. მარტივი კითხვები დაუსვით ან რამე უამბეთ.

2. აუხსენით აკრძალვის მიზეზი. მაგალითად, კედლები მოხატა. გააგებინეთ, რატომ უნდა ხატოს მხოლოდ ფურცელზე. "არ შეიძლება და მორჩა", " იმიტომ, რომ ასეთი წესია", "რატომ და იმიტომ" - ეს ძალიან უსუსური არგუმენტებია ბავშვისთვის, რომელსაც ხვალვე ისევ "გადააბიჯებს".

3. ვთქვათ, პატარა დაიკოს მოსცხო, ასწავლეთ, რომ გაბრაზების გამოხატვა ცემის გარეშეც შეიძლება. რომ ჯობია იყვიროს, ვიდრე პატარას სცემოს.

4. ზოგჯერ გარემოს შეცვლა უფრო ადვილია, ვიდრე ბავშვის მორჯულება. თუ ბავშვი მუდმივად იღებს ნივთებს სამზარეულოს კარადიდან, ისე დაკეტეთ, რომ  ვერ გააღოს. თუნდაც ამისთვის ხელოსნის მოყვანა დაგჭირდეთ.

5. შეუცვალეთ მიმართულება მის სურვილებს. როცა არ გინდათ, რომ სასტუმრო ოთახში ითამაშოს სახლობანა, "არას" ნაცვლად უთხარით, სად ითამაშოს.

6. თუ კატასა და ძაღლს კუდზე ექაჩება ან თავში ურტყამს, აჩვენეთ, როგორ უნდა მოეფეროს მათ. ანუ ალტერნატიული მოქმედება შესთავაზეთ.

7. სასურველია, არჩევანი შესთავაზოთ, ვიდრე მხოლოდ განკარგულება გასცეთ. გადაწყვეტილების მიღება აძლიერებს ბავშვს, ზრდის მის პასუხისმგებლობის უნარს. მაგალითად, წადი კბილები გაიხეხეს ნაცვლად ეუბნებით, "ჯერ პიჟამას ჩაიცვამ და მერე გაიხეხავ კბილებს თუ პირიქით?"

8 ზოგჯერ დათმობებზეც წადით, მაგრამ ეს აუცილებლად ხმამაღლა დააფიქსირეთ. მაგალითად: "კარგი, ამ საღამოს შეგიძლია არ გაიხეხო კბილები, რადგან ძალიან დაღლილი ხარ".

9. როცა სტუმრებს ელოდებით, წინასწარ გააფრთხილეთ ბავში და ისიც შეახსენეთ, როგორ უნდა მოიქცეს მათთან. ყველაფერი დაუკონკრეტეთ. შეგიძლიათ როლითამაშიც შესთავაზოთ. 

10. ზოგჯერ ნება მიეცით, დააშავოს და გააფუჭოს, რათა შედეგი თავად მოიმკას. მაგალითად, მიულაგებელი სათამაშოები შეიძლება საერთოდ "ვეღარ იპოვოს".  თუ თავის საბანაო ხალათს დროზე არ გაფენს, მეორედ სველის ჩაცმა მოუწევს.

11. გააგებინეთ, როგორ მოქმედებს მისი ქცევა თქვენზე. "ყველაფერი მტკივა, როცა შენ დაყრილ სათამაშოებს და ნამცეცებს მთელ სახლში ვკრეფ".

12. ზოგჯერ გადამჭრელი ზომები აუცილებელია. მაგალითად, ქუჩაში სეირნობისას თუ თავის ნებაზე სირბილი უნდა, ჯობია მაგრად ჩაჭიდოთ ხელი და ამის უფლება არ მისცეთ. თან აუხსენით, რატომ არის ეს საშიში.

13. ჩაიხუტეთ ბავშვი, როცა ძალიან გაჭირვეულებულია და აგრესიულად იქცევა. თუ მის აგრესიულობას მხოლოდ სითბოსა და ალერსს დაუპირისპირებთ, ქცევას აუცილებლად შეცვლის.

14.აწარმოეთ მოლაპარაკებები და დადეთ გარიგებები. როცა სკვერიდან შინ წასვლის დროა, ბავშვი კი არ მოგყვებათ, შეუთანხმდით, წასვლამდე კიდევ რამდენჯერ შეუძლია ჩამოსრიალდეს სასრიალოზე. 

15. გახსოვდეთ, ბავშვისთვის ბუნებრივია იყოს მოძრავი, ცელქი, ხმაურიანი, ჯიუტი, მომთხოვნი, ეგოისტი და მშიშარაც. მიიღეთ ისინი ისეთებად, როგორებიც არიან. 

 

28-09-2014, 12:59    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი