თაღლითური სქემა, რომლითაც მოქალაქეს სახლი წაართვეს

შვიდი თვის "გამოძიების შედეგი ისაა, რომ ჩემი განცხადება "მოგზაურობს" სეზონის მიხედვით ხან ბათუმშია, ხან თბილისში", - ასე დაიწყო გაზეთ "პრემიერთან" საუბარი ემიგრანტმა მანანა საყვარელიძემ

 

რომელსაც ხვალ (პარასკევ დილით) სახლიდან გამოასახლებენ, თავის მოხუც დედასთან ერთად! მანანა საყვარელიძე იმ სქემას შიფრავს, რა სქემითაც მას სახლი წაართვეს.

 

მანანა საყვარელიძე:

- მე ვარ ემიგრანტი, 10 წელზე მეტია, რაც საქართველოდან წასული ვარ და საბერძნეთში, ათენში ვცხოვრობ და ვმუშაობ. მე იქ ლეგალურად ვცხოვრობ და 2-3 წელში ერთხელ საქართველოში თავისუფლად ჩამოვდიოდი. 2012 წლის სექტემბერში ჩამოვედი, დედა მყავდა ცუდად და იმაზე მეტი დროით მომიწია დარჩენა, ვიდრე ვრჩებოდი ხოლმე. 2013 წლის იანვარში ჩამთან სახლში ვიღაც ორი უცნობი მამაკაცი მოვიდა და ჩემი შვილი იკითხა. მე მათ ვუთხარი, რომ ჩემი შვილი საქართველოში არ იყო. ამის შემდეგ მეუბნებიან: ბინა, სადაც ახლა თქვენ ცხოვრობთ, ჩვენია და უნდა გამოხვიდეთო. გავგიჟდი, როგორ არის თქვენი ჩემი ბინა, როცა მე ის არც გამიყიდია და არც გამიჩუქებია-მეთქი. თქვენმა შვილმა მომყიდა ეს ბინაო, - მიპასუხეს.

 

- ვის სახელზე იყო რიცხული ბინა?

- ჩემს სახელზე. მოკლედ, მითხრეს, რომ ჩემმა შვილმა ჩემს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე გაყიდა ბინა და როგორც მათ მითხრეს, 25 ათასი გადაუხდიათ.

 

- მინდობილობა თუკი ჰქონდა თქვენს შვილს, შეეძლო გაეყიდა.

- ბუნებაში არ არსებობს ეს მინდობილობა. მე არ მჭირდებოდა მინდობილობის გაცემა. კიდევ ვიმეორებ, მე ლეგალურად ვცხოვრობ ათენში და თავისუფლად გადაადგილება შემიძლია.

 

- ბინის რეალური ფასი რამდენია?

- ბინა ავლაბარში მდებარეობს, ოროთახნახევრიანია და დაახლოებით 45 ათასი დოლარი ღირს. მოკლედ, როცა ამ ადამიანებს მკაცრად დავხვდი, წავიდნენ...

 

- თქვენს შვილთან არ გაარკვიეთ, რა მოხდა?

- დეტალებს ვერ გავარკვევდი, იმიტომ რომ ის ამ დროისთვის საქართველოდან უკვე წასული იყო. ხან ამბობს, უკრაინაში ვარო, ხან - თურქეთში და სიმართლე გითხრათ, არც მაქვს კარგი ურთიერთობა, ძალიან მეტკინა გული მომხდარით... ეს ადამიანები რომ მოვიდნენ ჩემთან, ამის შემდეგ წავედი საჯარო რეესტრში, ამოვიღე დოკუმენტაცია და გავიგე, რომ ჩემმა ვაჟმა, გაგა საყვარელიძემ ქობულეთში ნოტარიუს მაია კახიძესთან გააკეთა მინდობილობა, რომელიც თითქოს მე სკაიპის საშუალებით მივეცი. ეს მინდობილობა ჩამოიტანეს თბილისში, ნოტარიუს ქეთევან ბოჭორიშვილთან და გადააფორმეს სახლი, გადახდილია 18 ათასი დოლარი.

 

- ქობულეთში რატომ გაფორმდა მინდობილობა?

- არ ვიცი. საჯარო რეესტრის დოკუმენტში წერია, რომ ეს ბინა ამის შემდეგ კიდევ გაიყიდა და იყიდა ვინმე ზვიად დემეტრაშვილმა. დემეტრაშვილის წინ იყიდეს ომარ სარდაროვმა და ტალიკ პოპკოვმა, ხელშეკრულებაში წერია, რომ ბინა 6 თვის განმავლობაში უნდა გადაეცეს, 10 თებერვლამდე. ანუ ბინა გაიყიდა 25 დეკემბერს. სარდაროვი ჩემთან რომ მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი ბინა მისი იყო, ამ დროს მას ჩემი ბინა აღარ ეკუთვნოდა, ბინა უკვე გაყიდული ჰქონდა. კარგი, გავიგე, რომ ბინა ჩემი არაა და დემეტრაშვილმა იყიდა, შევიტანე განცხადება ისნის პოლიციაში, დღემდე რეაგირება არ აქვს ამ განცხადებას, რომელსაც ქობულეთსა და თბილისს შორის დააფრიალებენ. აქაოდა მინდობილობის გაცემა ქობულეთში მოხდაო და გარდამავალ დროშასავით

 

დაატარებენ განცხადებას.

 

- მინდობილობის ჩანაწერს მიაგნეს?

- სწორედ ამ ჩანაწერს ვითხოვ, სკაიპით რაკი მოხდა მინდობილობის გაცემა (როგორც ესენი ამბობენ), მე ვითხოვ ამ ჩანაწერს. იმ პერიოდში, როცა მეუბნებიან, რომ მინდობილობა გაფორმდა ქობულეთში, მე საქართველოში ვიყავი და ამის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი მაქვს. ამდენად, არ დამჭირდებოდა არც მინდობილობა და არც ნოტარიუსი.

 

- რას ამბობს თქვენი შვილი, აღებული აქვს ეს ფული?

- 18 ათასი დოლარი მაქვს აღებულიო, ამობს. მისივე თქმით, მან სახლი კი არ გაყიდა, სახლი ჩადო გამოხსნის უფლებით. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ დემეტრაშვილმა სასამართლოს მიმართა ჩემი და დედაჩემის გამოსახლების მოთხოვნით. სასამართლოზე აღვწერე რეალობა რაც იყო და მოვითხოვე, ეს საქმე გამოსაძიებელია-მეთქი. დემეტრაშვილის ადვოკატმა ამირანაშვილმა განაცხადა, შეთანხმებაზე მოვდივარ და თუ არ დამთანხმდები, 2 დღეში სახლიდან გამოგაგდებთო. მოსამართლე მაია სვანაძემ თქვა, ეს შემოთავაზება კარგია და დაეთანხმეო.

 

- რა შემოგთავაზათ?

- ორ თვეში გაყიდე სახლი და მე დამიბრუნე 38 ათასი ლარი, დანარჩენი შენ გქონდესო. სასამართლო პროცესზე მეუბნებიან, რომ მაინც გამოგაგდებთო და სხვა რა გზა მქონდა? ვიფიქრე, მაინც ასე მოხდება, გამომაგდებენ სახლიდან და თუკი მოსამართლის თანდასწრებით მეუბნებიან, რომ გავყიდო და მოსამართლე მეუბნება, კარგი შემოთავაზებააო, სხვა რა გზა მაქვს-მეთქი. აქ კიდევ ერთი ნიუანსია. მე ვკითხე მოსამართლეს, კარგი, გაყიდულია სახლი, მაგრამ ნუთუ არაა საინტერესო, როგორ ჩაიგდო ხელში ამ ხალხმა სახლი? ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედისო, მითხრა მოსამართლემ, ეგ მე არ მაინტერესებს, მშვენიერ შემოთავაზებას გიკეთებთ ადვოკატი და გააკეთეთო. მეც ავდექი და ხელი მოვუწერე. ამის შემდეგ კიდევ მივედი საჯარო რეესტრში. ვიფიქრე, ეგებ მივაგნო ამ მინდობილობას-მეთქი. საჯარო რეესტრის თანამშრომელმა მითხრა, რომ სახლი ისევ იპოთეკითაა დატვირთული ვინმე მურმან იშხნელიძეზეო. ე.ი. სასამართლო ჩატარდა იმ პერიოდში, როცა სახლი იპოთეკით იყო დატვირთული მესამედ, ეს საბუთები სასამართლოზე არ წარმოადგინეს და, ფაქტობრივად, ხელი მომაწერინეს დოკუმენტზე სახლის 2 თვეში გაყიდვის შესახებ და რეალურად მე ამას ვერ შევძლებდი, იმიტომ რომ იპოთეკით იყო დატვირთული. მოსამართლემაც კი არ მოითხოვა საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერი.

 

- იშხნელიძე ჩანს?

- არა, არავინ არ ჩანს, ჩემს სახლში არავინ მოსულა, გარდა იმ ერთი შემთხვევისა, რაც უკვე გითხარით. სახლი სამჯერ გაიყიდა და არავინ მოსულა, გესმით?

 

- იშხნელიძე არ მოძებნეთ? ვინ ჩადო იპოთეკაში სახლი?

- დემეტრაშვილმა ჩადო, 26 ათას დოლარად. ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ეს სახლი ასე "მარტივად" გაიყიდა და იპოთეკაში ჩაიდო. 26 ათასი გადაიხადა იშხნელიძემ იპოთეკაში და სახლი არ უნახავს. ეგებ საერთოდ არ არსებობს ეს სახლი, არ უნდა დაინტერესებულიყო? ამ დროს სასამართლოზე ისეთ შეთანხმებაზე მომაწერინეს ხელი, რომელსაც ვერ შევასრულებ. რა გამოდის? სპეციალურად გააკეთეს ესეც, იმიტომ რომ საბოლოოდ გაადვილებოდათ ბინის წართმევა! მშვენივრად იცოდნენ ამათ, სახლი რომც გამეყიდა, ვერ გადავაფორმებდი, ანუ ვერ გავყიდდი. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ბინა იპოთეკაში იქნებოდა ჩადებული? მე ვეძებდი მხოლოდ მინდობილობას, ეგებ საჯარო რეესტრში დევს-მეთქი და ვიპოვე სხვა დოკუმენტი.

 

- ამ "მყიდველთაგან" ვინმეს იცნობთ?

- არა, არავის არ ვიცნობ.

 

- ნოტარიუსთან ერთად თქვენს შვილსაც რომ ეკისრება პასუხისმგებლობა გაყალბებული დოკუმენტის გამო, იცით?

- ვიცი, მაგრამ რა უნდა ვქნა? ჩემი შვილი ამბობს, რომ მან სახლი კი არ გაყიდა, დააგირავა გამოსყიდვის (თუ რაღაც ამდაგვარი) უფლებით. ამიხსენით ერთი, რატომ ჩადო დემეტრაშვილმა 38 ათასი ლარი იმ სახლში, რომელიც არ უნახავს და მეტიც, საერთოდ არ გამოჩენილა იშხნელიძე, იმან რატომ გადაიხადა ფული? მითხარით, აბა... 10 თებერვალს უნდა გადაეხადა ჩემს შვილს ფული იმ ადამიანებისთვის, ვინც "პირველი მყიდველია", 10 თებერვლამდე ორი თვით ადრე გაყიდეს დემეტრაშვილზე სახლი, ამან თავის მხრივ ჩადო იპოთეკაში. ერთი ამიხსენით, ასე ხდება ფულის ნდობაზე ჩადება? 10 ლარს გადაყრის ვინმე, არამცთუ ათასებს? ასე აქვთ საქართველოში საქმე, რომ არც კი კითხულობენ ადამიანები, სად რა ფულს ჩადებენ? ეს ხომ გამოხატული თაღლითობაა? პირველი "მყიდველი" მოდის და მეუბნება, ჩემია ბინაო და ამ დროს დემეტრაშვილის ყოფილა უკვე, დემეტრაშვილის შემდეგ ვიღაც იშხნელიძე ჩნდება, დემეტრაშვილის ადვოკატი პროცესზე ამბობს, ბინა ჩემიაო და საბოლოოდ ირკვევა, რომ იპოთეკაშია ჩადებული. კარგით რა, ბნელა? პროკურატურაში მეუბნებიან, რომ ჩემი განცხადება ისევ ბათუმში გადააგზავნეს, ხვალ კი მე სახლი უნდა დავცალო. ნუთუ, რა ასეთი ძნელი გამოსაძიებელია ეს საქმე, 7 თვის განმავლობაში რომ ვერაფერი გაარკვიეს? ვასახელებ გვარებს, ვყვები, რა მოხდა და 7 თვის "გამოძიების" შედეგი ისაა, რომ ჩემი განცხადება "მოგზაურობს" სეზონის მიხედვით, ხან ბათუმშია, ხან - თბილისში, სპეციალურად აკეთებენ ასე, ვერ დავიჯერებ, რომ ამ საქმის გამოძიება რთულია, არ დაადეს ბინას ყადაღა, რომ ქუჩაში არ დავრჩენილიყავი. ერთხელ ხომ გადამხვეწეს ამ ქვეყნიდან, ახლა მეორედ უნდა გადავიხვეწო და თან ისე, რომ უკან მოსაბრუნებელი არ მქონდეს, სამაგიეროდ ვიღაც თაღლითებს უნდა დარჩეთ ჩემი ნაწვალები სახლი, სირცხვილი არაა? ვიღაც ტრანსსექსუალების უფლებებს იცავენ და მე, პატიოსან ადამიანს, ჩემი შრომით რომ მაქვს მოპოვებული ჭერი, უნდა წამართვა სახლი? რატომ? რატომ უნდა მივცე ვინმეს ჩემი სახლი. არაფერს ვითხოვ, მომცენ ფაილი, მომცენ ის ჩანაწერი, სადაც მე მინდობილობას ვაფორმებ და მითხრან, აი, ამის საფუძველზე გართმევთ სახლსო. ახლა რა გამოდის? სახლს მაწერენ? რა მითხრეს, იცით? ფაილი დაიკარგაო, ფურცელს მაჩვენებენ, სადაც ხელმოწერაც კი არაა ჩემი და ნოტარიუსი ამბობს, რომ ფაილი წაეშალა. ესაა სამართალი? ასე იშლება ფაილები? არასდროს მიმიცია მე ჩემი შვილისთვის და არც არავისთვის მინდობილობა, არ მჭირდებოდა ეს. კიდევ ვიმეორებ, მე ლეგალურად ვცხოვრობ ათენში და ყოველ მეორე წელს ჩამოვდიოდი საქართველოში. 2 წელია, უმუშევარი ვზივარ, არ მაქვს საშუალება, ადვოკატი ავიყვანო, სახლი წართმეული მაქვს, ფაქტობრივად, ვერც ვყიდი, ვერც ვერაფერს ვახერხებ... დედაჩემი აქ მყავს, სად უნდა წავიყვანო? გულით ავადმყოფი ქალი ვატარო აქეთ-იქით? მე მივხვდი, რომ აქ თაღლითური სქემა მოქმედებს და პროკურატურა ვერ მიხვდა? დაადგინონ, ჩემი შვილი უნებლიეთ აღმოჩნდა ამ სქემაში თუ გააზრებულად, რთულია ეს? რისთვის ვიწვალე 10 წელი, რისთვის? ერთი სახლი მქონდა და ისიც... საინტერესო არაა ისიც, რა უნდოდა ჩემს შვილს ქობულეთში ნოტარიუსთან? არანაირი შეხება არ გვაქვს ქობულეთთან. და კიდევ ერთი, ცოტა ხნის წინ (მოკლედ, გაჭირვება მანახე და გაქცევას გაჩვენებო, ასეა ჩვენი საქმე) მოვიპოვეთ დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, პოპკოვსა და სარდაროვს 54 ბინა აქვთ დატვირთული იპოთეკით. აი, ეს რას ნიშნავს, ვერ გაიგო პროკურატურამ? ყველა ბინა, 54-ვე ნოტარიუს ბოჭორიშვილთანაა გაფორმებული, ისევე როგორც ჩემი ბინა. რას მივაწეროთ ეს? უბრალო დამთხვევაა? ბოჭორიშვილთან ვიყავი მისული და უარი მითხრა ჩემი მინდობილობის ჩვენებაზე, ჩემს არქივში ინახებაო, გესმით? ხომ თვლიან, რომ მე გავეცი მინდობილობა, რა გამოდის? საკუთარ დოკუმენტს მიმალავს ნოტარიუსი? რატომ, რა მიზეზით? იცოდა ნოტარიუსმა, რომ ვდაობდი ამ ბინაზე და კიდევ გააფორმა დოკუმენტი სახლის მესამედ იპოთეკაში ჩადების შესახებ. მეტი რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა, პროკურატურამ გამოძიება რომ აწარმოოს? რას მივაწერო ახლა ეს ყველაფერი? იშხნელიძემ არც კი ნახა სახლი, ისე ჩაიდო იპოთეკაში და 26 ათასი დოლარი დააბანდა. ამ დროს მეუბნებიან, ეს ჩვეულებრივი მოვლენააო.. მოდი და ნუ გაგიჟდები ადამიანი ამ ყველაფრის შემდეგ. 

 

დარეჯან მეფარიშვილი

გაზეთი "პრემიერი"

 

30-08-2014, 10:07    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი