გურიაში პოლიციელები სიმართლეს დედის დაგინებით ამტკიცებენ!

19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებას, პოლიციის თანამშრომლებმა სასულიერო პირები არ დაასწრეს.

 

_ წირვის შემდეგ მივედით და უკან გამოგვაბრუნეს, დაგვიანებულები ხართ და ვერ შეგიშვებთო, _ გვითხრა რამდენიმე სასულიერო პირმა.

ღონისძიებას ვერც შემოქმედის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე იოსები დაესწრო, რომელიც მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს  უფროსი გიორგი მდინარაძე:

_ არ ვიცი... მასეთი რამ არ გამიგია. გამორიცხულია, მასეთი რამ არ მოხდებოდა, _ გვითხრა მდინარაძემ.

_ ბატონო გიორგი, დაზუსტებულ ინფორმაციას გეუბნებით... შეგიძლიათ მეუფესთანაც გადაამოწმოთ.

_ შანსი არაა.

_ გინდა გვითხრათ, რომ მღვდლებმა მოგვატყუეს?

_ დამიზუსტეთ, ვინ გითხრათ, რომ ასე მოხდა?!

_ რესპონდენტების ვინაობას მათივე თხოვნით ვერ გავამხელთ ... თქვენ კი შეგიძლიათ მეუფეს ჰკითხოთ...

_  ინტრიგანია ის მამაო, ვინც ეს გითხრათ.

_ ვერ დაგეთანხმებით... ამ ფაქტს მოძღვრების გარდა ბევრი თვითმხილველი ჰყავს...

_ გამორიცხულია..

_ ის შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ იყო დღესასწაულზე არცერთი სასულიერო პირი? ისინი ყოველ წელს ესწრებოდნენ ღონისძიებას... წლევანდელი  წელი იყო გამონაკლისი...

_ მე რა ვიცი, რატომ არ იყვნენ. იტყუებით!

_ შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ... ვცდილობ, თქვენთან გადავამოწმო ფაქტი, რომელსაც ძალიან ბევრი თვითმხილველი ჰყავს და რომლის ჩანაწერებიც გვაქვს... თქვენ მთავარი პოლიციელი ბრძანდებით და თუ არ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუნდაც მიტროპოლიტთან...

_ მე არ ვაპირებ, ეს ინფორმაცია რომელიმე მათგანთან გადავამოწმო. თუ უნდათ, თავად დამირეკონ, იციან ჩემი ტელეფონის ნომერი. გამორიცხულია ეგ მომხდარიყო. 2011 წელი კი არ არის, ვინმე არ შეეშვათ ბახმაროში.

_ 2011 წელს კი არა, 2012 წელს მოხდა ეგ ფაქტი... სხვათა შორის, ის პოლიციელები იცავდნენ წესრიგს ბახმაროში, რომლებმაც  მაშინ, სააკაშვილის ბრძანებით "ქართული ოცნების"  წევრები არ შეუშვეს კურორტზე...

_ კარგით, კარგით,  _ გვითხრა მდინარაძემ და უფრო მეტი დაზუსტებისთვის ინფორმაციის გადამოწმებას თანამშრომლებთან დაიწყო.

_ "კასკას" დამიძახეთ! _ ბრძანება გასცა მდინარაძემ და განგვიმარტა, რომ ჩოხატაურის პოლიციის უფროსს ეძახდა.

რამდენიმეწუთიან საქმის გარკვევას, ტრადიციულად, დედის გინება მოჰყვა.

_ ჩემი დედა მო....ან თუ მასეთი რამე მომხდარიყო, ბო...ის შვილი ვიყო _ სატელეფონო საუბრის ჩანაწერში პოლიციელების გინება  კარგად ისმის.

_ ბატონო გიორგი, მინიმუმ, უხერხულია, რასაც ეხლა ვისმენთ... უმჯობესი იქნება, თქვენმა თანამშრომლებმა სიტუაცია გარკვევა დედის გინების გარეშე შეძლონ და შემდეგ დაგირეკავთ...

_ აბა, სხვანაირად როგორ უნდა მითხრან, რომ ასე არ ყოფილა...

_  ბატონო გიორგი, რას ამბობთ?!! თანამშრომელი თუ დაიგინებს, ე.ი. სიმართლეს გეუბნებათ?  სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს ვესაუბრებით!  _ აქ ჩვენი საუბარი შეწყდა.

მოგვიანებით მდინარაძემ დაგვირეკა და განმარტება სცადა:

_ იმიტომ იგინებოდნენ, რომ მასეთი რამ არ მომხდარა, _ გვითხრა მდინარაძემ.

19 აგვისტოს საღამოს შემდგარი ამ საუბრის შემდეგ, 20 აგვისტოს, მდინარაძე თავად დაგვიკავშირდა:

_ გუშინ რომ ერთი ამბავი ამიტეხეთ, ვინ გითხრათ, რომ ბახმაროში არ შეუშვეს მღვდლები? _ ისევ წყაროს ვინაობით დაინტერესდა მდინარაძე.

_ ჩვენ არ გვითქვამს,  რომ ბახმაროში არ შეუშვეს; გარკვევით გკითხეთ, რატომ არ დაასწრეს დოღს...

_ დოღი დაწყებული იყო, აღარ შეუშვეს. ჩახერგილი იყო იქაურობა. დოღი როცა დაწყებული იყო, წყალზე არ გაატარებდნენ.

_ გუშინ დედის გინებით გვიმტკიცებდით, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა...

_ თქვენ მითხარით, რომ ბახმაროში არ შემოუშვეს...

_ არა, კონკრეტული ფაქტი გითხარით. როგორც ჩანს, ძალიან ნასვამი იყავით და არ გახსოვთ საუბარი...

_ ჯერ ერთი, დედის გინება ჩემი პირიდან თქვენ არ გაგიგიათ და ტელეფონის მიღმა თუკი ვინმე რამეს დაამტკიცებს, ეს არც შენი საქმეა და არც ჩემი. ტელეფონს მიღმა თუ ვინმე შეიგინება რა?!...

_ გინება თქვენი თანამშრომლებისგან გავიგონეთ იმის დასტურად, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

_ მე რა ვქნა ახლა, ვიღაცა რაღაცას შეიგინებს, ასეთი რამ არ ყოფილაო, ეგ არ არის ჩემი საქმე და არც თქვენი. რაც შეეხება დოღს; რას ჰქვია დოღზე არდასწრება, შიგნით რომ ლოჟაა, იქ უნდა შემოსულიყვნენ მღვდლები თუ სხვა მხრიდან არ იყურება დოღისთვის?

_ დოღი ყოველთვის მეუფის კურთხევით იწყებოდა. 19 აგვისტოს საეკლესიო დღესასწაულს _ ფერისცვალებას აღნიშნავენ. წირვის შემდეგ, ღონისძიებას ყოველ წელს ესწრებოდნენ სასულიერო პირები...

_ მე, პოლიციელი, არ ვარ ვალდებული, რომ მაგას მივაქციო ყურადღება. ეგ არის ადგილობრივი გამგეობის გადასაწყვეტი.

_ პოლიციელი რომ სასულიერო პირებს არ უშვებს, ეს გამგეობამ უნდა გადაწყვიტოს?

_ მე გადავამოწმე; მამაოებს ვესაუბრე. შემოქმედის მამაო და რამდენიმე სოფლის მამაო მაშინ მიბრძანებულან, როცა დოღი უკვე დაწყებული იყო და ცხენები ჯირითობდნენ. მაგ დროს მამაოები კი არა, მე თვითონ ვერ გადავიდოდი, რადგან ჩაკეტილი იყო, _ დააზუსტა მდინარაძემ.

 

gurianews.ge

24-08-2014, 23:53    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი