"ყველაფერი მტკიოდა, მეწვოდა, თითქოს დენები გადიოდა სხეულში" - რას ყვება აჭარელი გოგონა, რომელსაც მეხი დაეცა

კურორტ ბეშუმში ტრანსფორმატორის სიახლოვეს მეხი ჩამოვარდა, რა დროსაც სამი გოგონა დაშავდა. მეხის ჩამოვარდნის ეპიცენტრში მყოფი 19 წლის დიანა შანთაძე შემთხვევის შესახებ ჰყვება.

 

საუბრისას გოგონა იმ მომენტს იხსენებს, როცა ძლიერი ჭექა-ქუხილის შემდეგ ძირს დავარდა და გული წაუვიდა:

 

"ხულოში ვცხოვრობთ და ბეშუმში დასასვენებლად ვიმყოფებოდით. სახლში მივდიოდით, ძლიერი წვიმა და ცუდი ამინდი იყო. უცებ ძირს დავვარდით და გონება დავკარგეთ. რომ გავიღვიძე, ყველაფერი მტკიოდა, მეწვოდა, თითქოს დენები გადიოდა სხეულში, საშინელება იყო. მოვიდნენ იქ მცხოვრებლები, თავიდან არც კი გვეხებოდნენ, არ შეიძლებაო", - აღნიშნა დიანა შანთაძემ.

 

- რა სახის დაზიანებები გაქვთ?

- ჩემს 17 წლის მეგობარს პირველი ხარისხის დამწვრობები აქვს ხელებსა და ფეხებზე. მე და მეორე მეგობარს კი უმნიშვნელო დამწვრობები გვაქვს. ჩვენ უფრო მეტად ძირს დავარდნის დროს დავშავდით, დაჟეჟილობები გვაქვს ფეხებზე. 

 

- გონს რომ მოხვედით, შემდეგ რა მოხდა?

- გონს რომ მოვედით ბევრი ხალხი იყო ჩვენს გარშემო. ძალიან შეგვეშინდა, არ ვიცოდით რა ხდებოდა ჩვენს თავს. ადგილობრივებმა გადაგვიყვანეს ამბულატორიაში და აღმოგვიჩინეს დახმარება. სახლში მალევე გაგვწერეს, ახლა უკეთ ვართ", - აღნიშნა 

 

დიანა შანთაძემ. 

 

მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულ გოგონებს დახმარება ბეშუმის ცენტრში მდებარე ამბულატორიის ექთანმა გულვარდ დეკანაძემ აღმოუჩინა.  პირველი ხარისხის დამწვრობები გოგონებს მომავალში პრობლემებს არ შეუქმნის:

 

"ახლა კარგად გრძნობენ თავს, ამბოლატორიაში მოსვლის დროს ძალიან შეშინებულები იყვნენ. პირველი ხარისხის დამწვრობები აქვთ ხელებსა და ფეხებზე. ეს ისეთი დამწვრობა არ არის, რომ მომავალში ლაქების სახით დარჩეთ სხეულზე", - აღნიშნა გულვარდი დეკანაძემ. 

 

კურორტ ბეშუმის დირექტორი ვაჟა ზოიძე აცხადებს, გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული ტრანსფორმატორის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. 

 

 Ambebi.ge

 

7-08-2014, 10:26    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი