რევაზ ინანიშვილის სახლი ნანგრევებად იქცა - სირცხვილია (ვიდეო)

საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის სახლი ნანგრევებად იქცა. ადგილობრივებმა სახლის რეაბილიტაციის და იქ მუზეუმის გახსნის მოთხოვნით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

 

„ეს კაცი ამ სოფელში დაიბადა, სოფლის სკოლაც რევაზ ინანიშვილის სახელობის გვაქვს და სირცხვილია, რომ სახლი ასეთ საშინელ მდგომარეობაშია", -  ამბობს ხაშმის მკვიდრი ნუგზარ ღოღელიანი.

 

„იყო ლაპარაკი ადრე უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ თავი მიანებეს", - აცხადებს ხაშმში მცხოვრები ალექსანდრე სინჯიკაშვილი.

 

საგარეჯოს კულტურული ობიექტების გაერთიანების დირექტორის ბესო ღვინაშვილის განცხადებით, რევაზ ინანიშვილის სახლს მალე სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭება, რის შემდეგაც სახლ-მუზეუმზე კულტურის სამინისტრო იზრუნებს.

 

„ინანიშვილის სახლისთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭებაზე ვმუშაობთ. ეს საკითხი დაახლოებით ერთი თვის წინ გავიტანეთ საკრებულოს სხდომაზე. შესაბამისი დოკუმენტაცია, ფაქტობრივად, მზად გვაქვს. ახალი საკრებულოს შეკრებას ველოდებით. ეს როგორც კი მოხდება, მივმართავთ კულტურის სამინისტროს, რომელიც ინანიშვილის სახლს სტატუსს მიანიჭებს. ამის შემდეგ სამინისტრო იზრუნებს სახლ-მუზეუმზე და ჩვენც დავეხმარებით", - განაცხადა ბესო ღვინაშვილმა.

 

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე რევაზ ინანიშვილი 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში დაიბადა. სხვადასხვა დროს მუშაობდა საბავშვო გამომცემლობა „ნაკადულში", „ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში და მწერალთა კავშირში, მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჟურნალ „დილას" რედაქტორი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.

 

რევაზ ინანიშვილი 1991 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

[media=http://https://www.youtube.com/watch?v=Nnt6dkLzkvY]

 

4-07-2014, 16:55    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი