თაღლითი ნინა ბებო, რომელმაც ათობით ადამიანი სიკვდილისგან იხსნა - "რომ მოვკვდები, თითომ თითო სანთელი რომ დამინთოს, ეგეც მეყოფა"

ქარელის რაიონში ნინა მამუჩიშვილს ყველა იცნობს. ვინც არ იცნობს და მის საქმიანობას გაიგებენ, სიცილს იწყებენ. მაგრამ ვიდრე ექოსკოპიას მოიგონებდნენ, ნინა ბებო გავლენით რაიკომის მდივანს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

 

ნინა ბებოს საქმიანობა მასთან მოსულ წყვილისთვის მომავალი შვილის სქესის დადგენას გულისხმობდა და ამაში იმხელა გასამრჯელოს იღებდა, რომ სამივე შვილს უმაღლესი დაამთავრებინა და ცხოვრებაც აუწყო:

 

ნინა მამუჩიშვილი

- პირველად ჩემ მულს ვუთხარი, ბიჭი გეყოლება-მეთქი და მართლა ბიჭი შეეძინა. მერე რამდენიმე მეზობელსაც სწორად ვუთხარი და სახელი გამივარდა. ერთ დღეს ჩემმა მეზობელმა მითხრა, ჩემ ძმას 3 გოგო ჰყავს, რძალი ორსულადაა და ნახე, თუ ბიჭი არ იქნა, მოიშორებსო. მოიყვანა რძალი ჩემთან, შევხედე და ვუთხარი, ბიჭია-მეთქი და ისე აგიხდეთ ყვლაფერი. ეს დღე იყო და ეს დღე, დაიწყო ხალხმა მოსვლა და ჩემმა ქმარმა თქვა, ქალო, აგრე უფასოდ რომ აკეთებ, აგერ გვერდით სოფელში ქალი შელოცვებში ფულს იღებსო... გამოიტანა მაგიდა, ყველა მომსვლელს წერდა და ფულს ართმევდა. თავიდან შემრცხვა, მაგრამ მერე აღარ. წყვილი რომ მოვიდოდა, გოგოს შევიყვანდი ხოლმე ოთახში და მუცელზე ვუსმევდი ხელებს, მერე 5-10 წუთი განვმარტოვდებოდი  და შემდეგ ვამბობდი სქესს. აბა, პირდაპირ რომ მიმეხლია, ხო მიხვდებოდნენ, რომ ვარაუდით ვლაპარაკობდი.

 

- ნინა ბებო, თუ მოხდებოდა და ვერ იცნობდით, არ გეჩხუბებოდნენ ხოლმე?

- შვილო ალალ-ბედზე ვიძახდი და ბევრჯერ ვცდებოდი. იმის მიხედვით ვეუბნებოდი ვინ გაჩნდებოდა, ვინც წყვილს უნდოდა. მერე ბლოკნოტში ვიწერდი მოსვლის თარიღს და რა სქესსაც ვეტყოდი იმის საპირისპიროს მივაწერდი ხოლმე ბლოკნოტში. თუ გამოვიცნობდი "მაღარიჩის" საკისრებლად ამოვიდოდნენ, მაგრამ თუ ვერა, საჩხუბრად მომივარდებოდნენ ხოლმე. გამოვუტანდი ბლოკნოტს და ვაჩვენებდი, რომ იმათ გასწვრივ ის სქესი მეწერა, ვინც შეეძინათ. რათ არ გვითხარიო, ხო მიწყებდნენ ჩხუბს და რომ მეთქვა, აბორტს გაიკეთებდით და მაგ ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგამდი-მეთი და წყანრდებოდნენ. ასე რომ, ნახევარი რაიონი მე უნდა მიმადლოდეს ცოცხალი როა.

 

- ცნობილი ხალხი თუ მოსულა?

- ერთხელ, ღამე 1 საათზე მიძახიან. გავედი და შავი "ვოლგა" იდგა. კაცი გადმოვიდა და მითხრა, რაიკომის მდივანია მოსულიო. გავგიჟდი, მოვიდა და რასაც იღებ 4 იმდენს მოგცემ, ოღონდ არ უნდა თქვა, აქ რომ ვიყავიო. მაგას რა მათქმევინებდა. ვუთხარი სქესი და თან ღმერთს ვევედრებოდი, ნეტა მართლა ვთქვა-მეთქი და გამიმართლა. 9 თვის თავზე ის შეეძინა, ვინც უნდოდა. ამოვიდა გახარებული და რასაც მეტყვი, იმას შეგისრულებო. იმ წელს ჩემი ბიჭი აბარებდა და დახმარება ვთხოვე, გაეცინა, ჩათვალე კი არ ჩააბარა, დიპლომი უდევს ჯიბეშიო. მართლა ჩააბარებინა.

 

- რამდენ ხანს გრძელდებოდა ასე?

- 5-6 წელი. 80-იანი წლების ბოლოს ექოსკოპიის აპარატი შემოიტანეს და ვიღას ახსოვდა ნინა ბებო. ღმერთმა ყველას მოუმართოს ხელი, მე იმ წლებში იმდენი ვიშოვე, არავისზე სამდურავი არა მაქ. მღვდელმა მითხრა, კი მაიმუნობდი, მაგრამ იმდენი ადამიანი გადაგირჩენია აბორტის ცოდვას, რომ ღმერთი გაპატიებსო. რა ვიცი შვილო, ვინც კი სწორად ვიწინასწარმეტყველე, ყველა მე მომანათლინეს და რომ მოვკვდები, თითომ თითო სანთელი რომ დამინთოს, ეგეც მეყოფა. ისე, 

ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რა აზრი აქვს სქესს?! არასოდეს არ გაიკეთონ აბორტი და ცხოვრება არ დაიმახინჯონ. დედაჩემი აბორტით მოკვდა და იმის მერე მძულს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი "მოტყუებით" ბევრი ადამიანი მოევლინა ქვეყანას. ისე, სოფელში მეზობლებს ახლაც მოჰყავთ რძლები და თუ შემეშლება, სიბერეს ვაბრალებ ხოლმე.

 

ლადო გოგოლაძე

 

2-07-2014, 14:59    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი